close
მედიცინა

როდის გახდება Moderna-ს ვაქცინა მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი და რა უპირატესობა აქვს მას Pfizer-სა დ ა BioNTech-ის პოტენციურ ვაქცინასთან შედარებით

ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატმა ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

 

პრეპარატზე ჩატარებულ ცდაში 30 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან ნახევარს ვაქცინაცია ორჯერ, 4 კვირიანი შუალედით ჩაუტარდა, დანარჩენს კი – პლაცებო გაუკეთეს.

ანალიზი პირველ 95 დაინფიცირებულზე დაყრდნობით განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ მათგან  კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია მხოლოდ 5-ს ჰქონდა ჩატარებული.

„ახალი პრეპარატის შედეგები გასაოცარია, ეს ნამდვილად დიდებული დღეა“, – განაცხადა Moderna-ს დირექტორმა ტალ ზაკსმა.

გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა ასევე განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა.

Moderna-ს ვაქცინის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი შენახვა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში 30 დღის განმავლობაში, -20 გრადუსზე კი – 6 თვის მანძილზეა შესაძლებელი, განსხვავებით Pfizer-სა დ ა BioNTech-ის პოტენციური ვაქცინისგან, რომლის შენახვა და ტრანსპორტირება მხოლოდ -70 გრადუს ცელსიუსზე უნდა მოხდეს, რაც ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნის.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც Moderna-ს ვაქცინასთან არის დაკავშირებული ისაა, რომ ცდის დროს მძიმედ დაინფიცირებული 11 პირიდან აცრა არცერთს არ ჰქონია  გაკეთებული.

მედიკოსები აცხადებენ, რომ ვაქცინა პირველ რიგში აშშ-სთვის იქნება ხელმისაწვდომი, დანარჩენ ქვეყნებს კი რამდენიმე თვიანი ლოდინი მოუწევთ.

Moderna- ს პოტენციური ვაქცინისთვის პრიორიტეტული აშშ-ის ბაზარია. ის აშშ-ს სამთავრობო პროგრამა Operation Warp Speed-ის ნაწილია და აშშ-ის მთავრობისგან 2.48 მილიარდი აშშ დოლარით არის დაფინანსებული.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აშშ-სთვის წლის ბოლომდე 20 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი. მომავალი წლისთვის კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ვაქცინის 1 მილიარდამდე დოზის მიწოდებას შეძლებენ.

Moderna-ს კანდიდატი ვაქცინა სხვა პოტენციურ ვაქცინებთან შედარებით ძვირია. ზაფხულში კომპანიამ განაცხადა, რომ 1 დოზის ფასი 37 აშშ დოლარი იქნებოდა. შედარებისთვის, Johnson & Johnson-ის პოტენციური ვაქცინის სავარაუდო ფასი 10 აშშ დოლარია, Pfizer-სა დ ა BioNTech-ის ვაქცინის კი – 20 აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით დადასტურებული არაა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინის ეფექტურობა აცრის შემდეგ, რის გამოც დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი.

წყარო : The Guardian ; BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0