მოსკოვმა, უკრაინაში ომის გამო დასავლეთთან შექმნილი დაძაბულობისა და დაწესებული სანქციების ფონზე, განაცხადა, რომ 2024 წლის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ტოვებს.
ექსპერტების კოსმოსის საკითხებში განმარტავენ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი სერიოზულად იმოქმედებს ქვეყნის კოსმოსურ სექტორზე და მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს პილოტირებული ფრენების პროგრამას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ შევასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას ჩვენი პარტნიორების წინაშე, მაგრამ გადაწყვეტილება 2024 წლის შემდეგ სადგურის დატოვების შესახებ მიღებულია“, – განუცხადა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა, იური ბორისოვმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
მისი თქმით, იმ დროისთვის რუსეთი მზად იქნება, დამოუკიდებელი ორბიტალური ფორპოსტის მშენებლობა დაიწყოს.
შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ამ განცხადებით გაკვირვებულები არიან.
„ეს სამწუხარო მოვლენაა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შესრულებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს კოსმოსურ სააგენტოებს შორის წლების განმავლობაში ღირებული პროფესიული თანამშრომლობით განხორციელდა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
„არქაული, როგორც მოხუცი ქალის ბინა“
რუსეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე დაწყებული საწარმოო აღჭურვილობით დამთავრებული სამომხმარებლო საქონლით და ამიტომ, მოსალოდნელია, რომ დასავლური სანქციების შედეგები, გრძელვადიან პერსპექტივაში, დამანგრეველ ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.
ექსპერტი კოსმოსის საკითხებში, ვადიმ ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ კოსმოსური მეცნიერება არ შეიძლება აყვავდეს იმ ქვეყანაში, რომლის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებია დაწესებული.
”საფრთხის წინაშე დგას პილოტირებული ფრენების შენარჩუნება რუსეთში, კოსმონავტიკის სამშობლოში”, – აღნიშნავს ლუკაშევიჩი.
მან რუსეთის მზარდ მეცნიერულ და ტექნოლოგიურ იზოლაციაზე მიუთითა და ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ორბიტალურ სადგურს ააშენებს, ეს იქნება 1980-იან წლებში დაბრუნება.
“ეს იქნება არქაული, როგორც მოხუცი ქალის ბინა, ღილაკიანი ტელეფონით და ფირსაკრავით” , – აღნიშნა მან.
საბჭოთა კოსმოსურ პროგრამას შეუძლია არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევით იამაყოს, მათ შორის ადამიანის კოსმოსში გაგზავნა 1961 წელს და პირველი თანამგზავრის გაშვება ოთხი წლით ადრე.
მაგრამ ექსპერტები აცხადებენ, რომ „როსკოსმოსი“ ახლა წარსულის მხოლოდ ჩრდილია და ბოლო წლებში მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა, მათ შორისაა კორუფციული სკანდალები და მრავალი თანამგზავრისა და სხვა კოსმოსური ხომალდის დაკარგვა.
კოსმოსური ხომალდების მწარმოებელმა Energia-ს მთავარმა დიზაინერმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვება არ უნდა იჩქაროს.
“თუ ჩვენ შევაჩერებთ პილოტირებული ფრენებს რამდენიმე წლით, მაშინ ძალიან რთული იქნება მიღწეულის აღდგენა”, – აღნიშნა სოლოვიოვმა.
NASA-მ და რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობა თითქმის 24 წლის წინ დაიწყეს. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ.
წყარო : sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”