close
ასტრონომია - კოსმოსი

რუსეთმა კოსმოსში ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა, დასავლეთი აცხადებს, რომ განადგურებული თანამგზავრის ნამსხვრევები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს საფრთხეს უქმნის

რუსეთმა კოსმოსში ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა და ძველი, უმოქმედო, საბჭოთა პერიოდის თანამგზავრი გაანადგურა.

რუსეთის ამ ნაბიჯმა დასავლეთის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რაკეტის გამოცდა წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთი იარაღის ახალ სისტემებს ავითარებს.

რაკეტის გამოცდა გაერთანებული სამეფოს მთავრობის პრესსპიკერმაც დაგმო და მოსკოვს მოუწოდა, როდესაც საქმე კოსმოსს ეხება გაეროში პასუხისმგებლიანი ქცევის შესახებ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღოს.

შეერთებულმა შტატები რუსეთის მიერ რაკეტის გამოცდა „საშიშ და უპასუხისმგებლო“ ქმედებად შეაფასა და განაცხადა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ეკიპაჟს საფრთხე ემუქრება.

„შედეგად 1500-ზე მეტი ორბიტალური ნამსხვრევი წარმოიქმნა, რომელიც საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის ინტერესებს. რაკეტის ეს გამოცდა მნიშვნელოვნად გაზრდის რისკს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტებისა და კოსმონავტებისთვის. რუსეთის სახიფათო და უპასუხისმგებლო ქმედება საფრთხეს უქმნის კოსმოსის გრძელვადიან მდგრადობას და ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის პრეტენზიები, რომ ის კოსმოსურ შეიარაღებას ეწინააღმდეგება არის არაკეთილსინდისიერი და თვალთმაქცური,“- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

ბრალდებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა და განმარტა, რომ  ნამსხვრევები საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ ვაშინგტონმა ეს კარგად იცის.

„15 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმატებით გამოსცადა რაკეტა და არამოქმედ მდგომარეობაში მყოფი რუსული კოსმოსური თანამგზავრი „ცელინა-დ“ გაანადგურა, რომელიც ორბიტაზე 1982 წლიდან იმყოფებოდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, წარსულში მსგავსი გამოცდები შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და ინდოეთმაც ჩაატარეს.

წყარო : independent.co.uk , BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0