close
ემიგრანტი

„საბოლოოდ მაინც სამშობლოში დავბრუნდები და შევეცდები, მომავალ თაობას გადავცე ჩემი ცოდნა“ – კოკი ლორთქიფანიძე

ყველა ისტორიას აქვს  დასაწყისი – ის ფონი, რაც გადაწყვეტილებას განაპირობებს. მიზეზები და მიზნები, ალბათ, არაერთხელ უნდა გადაიხედოს მაშინ, როდესაც საქმე სამშობლოს დატოვებასა და სხვა ქვეყნის ტრადიციებთან შერწყმას ეხება. კოკი ლორთქიფანიძე ამერიკაში ცხოვრობს. ის კომპოზიტორია  და სწორედ იმიტომ დატოვა საკუთარი ქვეყნის ფარგლები, რონ საყვარელი საქმიანობით წინსვლის მეტი შანსი ჰქონოდა. საკუთარ ამბავზე ის „დოქტრინას“ ესაუბრა.

თავდაპირველად, თქვენი პროფესიის შესახებ გვიამბეთ – რა იყო ამ მხრივ თქვენი პირველი ნაბიჯები?

პროფესიით გახლავართ კომპოზიტორი. დავიბადე ქალაქ თბილისში. ჩემი პროფესიით მუშაობა ადრეულ ასაკში დავიწყე. 14-15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიმუშავე მხატვრულ ფილმზე მუსიკალურ გამფორმებლად.  იმავე პერიოდში დავიწყე მუშაობა თბილისის სახელმწიფო ტელევიზიაში კომპოზიტორ-მუსიკალურ გამფორმებლად. აქტიურად ვთანამშრომლობდი თეატრალურ ინსტიტუტთან. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში გავაფორმე რამდენიმე სპეკტაკლი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.  შემდეგ იყო მოკლემეტრაჟიანი კინოპროექტებიც.

რა მიზეზით მიიღეთ აშშ-ში წასვლის გადაწყვეტილება?

ალბათ, გახსოვს, როგორი რთული პერიოდი იყო საქართველოში 90- იან წლებში და მას შემდეგაც. განსაკუთრებით კი, ჩემი პროფესიის მქონე ადამიანისთვის. მუსიკისთვის არავის სცხელოდა მაშინ. უფრო მეტად კი – კომპოზიტორებისთვის.  ამიტომ, 2005-2006 წლებში აქტიურად განვაახლე თანამშრომლობა რეჟისორ პაატა ციქურიშვილთან, რომელიც იმ დროს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა “სინეტიკ” თეატრში. 2005-2006 წლის თეატრალური სეზონის განმავლობაში, ინტერნეტის  დახმარებით ვაგზავნიდი ჩემს მუსიკალურ კომპოზიციებს პაატასთან, ის კი ჩემი მუსიკებით აფორმებდა თავის სპეკტაკლებს. ასე და ამგვარად, გავაფორმე 2005 წლის მთელი სეზონი, 4 სპექტაკლი. რამდენიმე მათგანი ნომინირებულიც იყო საუკეთესო ხმის რეჟისურა/მუსიკალური გაფორმებისთვის. სეზონის ბოლოს “სინეტიკის” თეატრში დირექტორთა საბჭო დათანხმდა პაატას  ამერიკაში ჩემ მიწვევაზე. ასე აღმოვჩნდი ამერიკაში.

თუ გეგმავთ საქართველოში დაბრუნებასა და მოღვაწეობას?

სამშობლოში სამუშაოდ დაბრუნებაზე მიფიქრია და  არც ისე ადვილი საქმეა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს, ფაქტობრივად, დამოკიდებულია ისევ და ისევ ფინანსებთან. კითხვა ჩნდება – შევძლებ კი ჩემი პროფესიით საქართველოში ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფას? თუმცა საბოლოოდ,  ალბათ, მაინც სამშობლოში დავბრუნდები და შევეცდები, მომავალ თაობას გადავცე ჩემი ცოდნა.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში გეგმავენ პროფესიულ წინსვლას?

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის შეუძლია, სცადოს საკუთარი თავის რეალიზება უცხო ქვეყანაში. მაგრამ პირველ ყოვლისა უნდა გაითვალისწინოთ, თუ რა ცვლილებები გელოდებათ უცხო ქვეყანაში: 1. უცხო ენა. 2. უცხო ცხოვრების ადათ-წესები და კანონები. 3. უცხო კულტურა. 4. უცხო ჩაცმულობა და გარეგნობა. და ა.შ. ფაქტობრივად, თავიდან იწყებთ ცხოვრებას და დიდი “კულტურული შოკი” გელოდებათ. მე ერთ ანდაზას მოვიშველიებდი: “ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო”. აი, ეს იქნებოდა ჩემი რჩევა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ, სცადონ საკუთარი თავის რეალიზება უცხო ქვეყანაში.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0