ჩვენთვის ხელსაყრელ და სასარგებლო მიმართულებებს ცხოვრებაში ესა თუ ის მოცემულობა გვაძლევს. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ამბავი და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება. დავით ჭითანავა საინჟინრო მიმართულებით მოღვაწეობს. დღესდღეობით, ის აშშ-ში იმყოფება, თუმცა, საქართველოსთანაც ინარჩუნებს მჭიდრო პროფესიულ კონტაქტებს. საკუთარი ისტორია მან „დოქტრინას“ უამბო და, თავისივე გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანებს რჩევები მისცა.
დღესდღეობით, აშშ-ში რა მიმართულებით საქმიანობთ?
2008 წლიდან მოყოლებული მაქვს საინჟინრო მიმართულებით მოღვაწეობის უწყვეტი პრაქტიკა. ამჟამად, ვიმყოფები აშშ-ში და ვმუშაობ ამერიკულ საინჟინრო კომპანია Gannett Fleming Engineers and Architects-ის ნიუ-იორკის ოფისში, პროექტის მენეჯმენტის გუნდში, პროექტის ინჟინერის პოზიციაზე. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ნიუ-იორკის მერიის დიზაინის და მშენებლობის დეპარტამენტს ვუწევთ პროექტის მენეჯმენტს, პროექტირებას და მშენებლობას, რომ ნიუ-იორკის საჯარო სააგენტოების განკარგვაში არსებულმა საინჟინრო სისტემებმა, მათი საინჟინრო სრულყოფით, დააკმაყოფილონ ახალი გარემოს დაცვითი რეგულაციები.
პარალელურად, ნიუ-იორკში მოღვაწე საკონსულტაციო კომპანიაში -Pena-Alcantara Consultants, Inc. მიკავია უფროსი ინჟინერის პოზიცია და კონსულტაციებს ვუწევთ კერძო კომპანიებს, ასევე, ნიუ-იორკის მერიის საჯარო სააგენტოებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.
აგრეთვე, ვარ Columbia University CBIPS-ის საბჭოს წევრი, სადაც ახალგაზრდა მკვლევრებს ვუწევ მენტორობას და, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, რომელიც შედგება დარგის ლიდერებისგან, ვიხილავთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში მიმდინარე სიახლეებს, გამოწვევებს და სხვადასხვა საკითხს. ვარ American Society of Civil Engineers, Institute for Sustainable Infrastructure-ის და ორგანიზაციის – Engineers Without Borders-ის წევრი, სადაც მესამე წელია, შერჩეული ვარ საერთაშორისო სტუდენტური საინჟინრო კონკურსის ნამუშევრების შემფასებელად.
საინტერესოა, რა იყო ის მოცემულობა, რამაც გიბიძგათ – სამშობლოს ფარგლებს გარეთ წარგემართათ კარიერა?
საქართველოში მოღვაწეობისას მუდმივად მქონდა პროფესიული კავშირები უცხოურ კომპანიებთან ევროპის ქვეყნებსა თუ აშშ-ში. ხშირად მიწევდა მათთან ვიზიტი ან თავად უცხოელი კოლეგები სტუმრობდნენ საქართველოს. შესაბამისად, მათგან მიღებული გამოცდილება და შრომითი კულტურა ყოველთვის ახლოს იყო ჩემთვის. პროფესიულ ზრდასთან ერთად კი, გამიჩნდა სურვილი, გავმხდარიყავი გლობალური ინდუსტრიის ნაწილი, რაც, ერთი მხრივ, უკვე არსებული პრაქტიკული ცოდნის რეალიზების და ამავდროულად დამატებით პროფესიული ზრდის საშუალებას მომცემდა. გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო პროექტების მართვა-მენეჯმენტი იყო ის, რაც მაინტერესებდა, მოვიძიე Columbia University in the City of New York, რომელსაც მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით ყველაზე გამორჩეული სამაგისტრო პროგრამა აქვს მსოფლიოში. უნივერსიტეტი 2021 წელს წარმატებით დავამთავრე, როგორც პირველმა ქართველმა მაგისტრმა ინჟინერიის მიმართულებით. გამიმართლა. რომ ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება, ჩართული ვყოფილიყავი ნიუ-იორკის სამშენებლო ინდუსტრიაში, თავდაპირველად, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული Center for Buildings, Infrastructure and Public Space-ის (CBIPS)-ის მკვლევარი. ხოლო სწავლის დამთავრების შემდგომ ჩემი პროფესიული მოღვაწეობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
საქართველოსთან ინარჩუნებთ პროფესიულ კავშირებს?
დისტანციის მიუხედავად, საქართველოსთან პროფესიული კავშირი უწყვეტად მაქვს. სიამოვნებით ვერთვები გარკვეულ აქტივობებში, პროფესიულ კონსულტაციებში, თუ სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული რჩევების მიცემაში სტუდენტებისთვის. როგორც კონსულტანტი, ჩართული ვარ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში. მაგალითად, სამშენებლო მენეჯმენტ კომპანია „რეფორმასთან“ ერთად მონაწილეობა მივიღე დედაენის ბაღის რეაბილიტაციის პროექტში. ასევე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ხიდის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტებში.
მაქვს გარკვეული გეგმები და სურვილები, რაც საგანმანათლებლო მიმართულებას უკავშირდება და ვიმედოვნებ შევძლებ მათ განხორციელებას უნივერსიტეტებში, რომელთაც საინჟინრო მიმართულება აქვთ, მათ შორის, სასწავლო პროგრამაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საგნების ინტეგრირება, სტუდენტების კვლევითი მიმართულებით აქტიური ჩართვა და, ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სტუდენტებისთვის პრაქტიკული მიმართულების დამატება, რაც, ერთი მხრივ, სტუდენტების პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს და, მეორე მხრივ, დამსაქმებლებისთვის ახალი კადრების მიწოდების საშუალება გახდება. პარალელურად, მაქვს გარკვეული იდეები, რომლებიც უშუალოდ ჩემი პროფესიული მოღვაწეობის გაგრძელებას უკავშირდება.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე,
რას ურჩევთ მათ – ვისაც მიზნად აქვთ, პროფესიულ წარმატებას სხვა ქვეყანაში მიაღწიონ?
პირველ ყოვლისა, ვეტყოდი, რომ თუ აქვთ ასეთი სურვილი, დაისახონ ის მიზნად და აუცილებლად მიიყვანონ ბოლომდე. საზღვარგარეთ მიღებული სამუშაო გამოცდილება ფასდაუდებელია ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გააგრძელებს პროფესიულ მოღვაწეობას სხვა ქვეყანაში, თუ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში. მოვუწოდებ, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების. მუდმივად ისწრაფვონ პროფესიული უნარების ამაღლებისა და თვითგანვითარებისკენ. გაეცნონ დარგის სიახლეებს, თანამედროვე ტენდენციებს და სცადონ, ფეხი აუწყონ მათ. მჯერა, რომ მიზანდასახულობა და მონდომება დაფასებადია და, სწორი გზით სვლის შემთხვევაში, აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა