9 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე სევილიის კინოფესტივალიდან გაიმართა ევროპული კინოაკადემიის ნომინანტების წარდგენა შემდეგ ნომინაციებში: ევროპული ფილმი, კომედია, დოკუმენტური ფილმი, ანიმაციური ფილმი, რეჟისორი, მსახიობი (ქალი), მსახიობი (კაცი) და სცენარის ავტორი.
დოკუმენტური ფილმების სექციის ნომინანტებს შორის შეირჩა სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“.
„მოთვინიერება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მალევე იგი ასევე აჩვენეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ფორუმი“. მას შემდეგ „მოთვინიერება“ არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე შეირჩა და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა.
უახლოეს პერიოდში ფილმი გამოვა გერმანიის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის კინოგაქირავებაში.
აღსანიშნავია, რომ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ასევე ევროპული კინოდაჯილდოვების ნომინანტია ფილმით “დასაწყისი”. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა 12 ოქტომბერს, როდესაც ევროპულმა კინოაკადემიამ გამოაქვეყნა EUROPEAN DISCOVERY 2021 – Prix FIPRESCI-ის ნომინანტები. ამ ნომინაციაში ჯილდოვდებიან რეჟისორები მათი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმებისთვის.
„დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრიუმფით და სამი მთავარი ჯილდოს მიღებით დასრულდა. ფილმი ასევე შეირჩა კანის კინოფესტივალის მთავარ სელექციაში. „დასაწყისი“ ნაჩვენებია არაერთ ქვეყანაში ა კლასის კინოფესტივალებზე.
ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. იგი 1988 წლიდან ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს.
ფილმებს ხმას აძლევს ევროპის კინოაკადემიის 4000-ამდე წევრი, გამარჯვებულები ვლინდება 25 კატეგორიაში.
ევროპული კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია წელს 11 დეკემბერს, ბერლინში გაიმართება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”