close
ემიგრანტი

სალომე ჯიქია – ოპერის მომღერალი, რომელმაც პროფესიული განათლება სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მიიღო

საკითხზე – რა როლი აქვს პროფესიული ზრდისთვის უცხო ქვეყანაში განათლების მიღებას, დამოკიდებულება განსხვავებულია. სხვადასხვა მიზეზით, ზოგიერთი აუცილებლად მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა, გავცდეს სამშობლოს საზღვრებს. სხვებისთვის კი ეს იდეა ბოლომდე მისაღები არ არის.

სალომე ჯიქია ოპერის მომღერალია. არაერთი საფეხურის გავლის შემდგომ, მან მიაღწია დასახულ მიზანს და სასურველი განათლება ევროპის ქვეყნებში მიიღო. ამჯერად, ის ბელგიაში იმყოფება და კარიერული გეგმები აქვს. უფრო დეტალურად, ის “დოქტრინას” ესაუბრა.

 

ამჟამად, სად იმყოფებით და რას საქმიანობთ?

ამჟამად, ვარ ბელგიაში, სადაც მაისში მაქვს სპექტაკლები, ვერდის “ლომბარდიელები”. ამ ქვეყანაში იანვრდიდან ვარ. ჯერ ბრიუსელში მქონდა 14 სპექტაკლი, ახლა კი გახლავართ სხვა ქალაქში, სადაც ვმღერი 5 სპექტაკლს.

რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, უცხო ქვეყანაში გეცადათ კარიერული წინსვლა?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როგორ ოპერის მომღერლისთვის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო საინტერესო იყო, მიმეღო ევროპული განათლება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ პირველად მოვხვდი ქალაქ რომში, სადაც გავიარე მასტერკლასები რენატა სკოტოსთან. ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ჩემი სამომავლო, ნაყოფიერი კარიერული წინსვლისთვის – ეს გასვლა ძალიან დამეხმარა,

როგორ შეაფასებთ – რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ქვეყანაში პროფესიული წარმატების მიღწევა?

რა თქმა უნდა, როგორც მუსიკოსმა, ფეხი თბილისში ავიდგი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისაც აქვს სურვილი, უფრო ფართო ასპარეზზე გავიდეს, რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც უნდა მიიღოს უცხოეთში განათლება. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვეუფლებით საოპერო ხელოვნებას – ის დაიწყო ევროპიდან.

რას ურჩევთ მათ, ვისაც აქვს სურვილი, სამშობლოს ფარგლებს გარეთ სცადოს საკუთარი რესურსების რეალიზება?

სტუდენტებისა თუ მოსწავლეების შემთხვევაში, თავდაპირველად, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან. შეიძლება, იყოს სურვილი, მაგრამ არა – შესაძლებლობა. ამიტომ, მათ უნდა მოძებნონ ყველანაირი გზა. არსებობს ფონდები, მსგავს შემთხვევებს ზოგჯერ კულტურის სამინისტროც აფინანსებს. კულტურის სამინისტრომ მე ორჯერ დამაფინანსა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, დამაფინანსა რამდენიმე კეთილმა ადამიანმა. უკვე შემდგომ, როდესაც აღმოვჩნდი იტალიაში, გამოჩნდა სპონსორი – ამერიკელი ქალბატონი, რომელმაც ძალიან შემიწყო ხელი, რათა მევლო მოსმენებზე სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა თეატრში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0