close
არქეოლოგიაისტორია

საქართველოში აღმოჩენილი 25 000 წლის წინანდელი ქალის გენომი ადამიანთა აქამდე უცნობ პოპულაციას ეკუთვნის — რა აღმოაჩინეს საწურბლიას მღვიმეში

საწურბლიას მღვიმეში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აღმოჩენილი ნიმუშების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომები.

მღვიმის ფსკერზე ათასწლეულების განმავლობაში დალექილმა მასალამ ადამიანის უძველესი გენომი, ანუ ორგანიზმის უჯრედში შენახული გენეტიკური მასალა შემოინახა. მართალია, კვლევები ისევ აქტიურად გრძელდება, მაგრამ ანალიზის შედეგად გამოვლინდა ქალის კვალი, რომელიც 25 000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების პერიოდში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, ეს ქალი მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას წარმოადგენს.

კვლევას ვენის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდის მკვლევრი და არქეოლოგი უძღვება და მიუხედავად იმისა, რომ ქალის გენომის მხოლოდ მცირე ფრაგმენტის აღდგენა მოხერხდა, მის საფუძველზე მკვლევრებმა შეძლეს იმის დადგენა, რომ ის თანამედროვე ადამიანთა ამ დრომდე უცნობი ჯგუფის წევრი ყოფილა. ეს ჯგუფი ამჟამად გადაშენებულია, მაგრამ წვლილი აქვს შეტანილი დღევანდელი ევროპისა და აზიის მოსახლეობაში; ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი უძველესი გენომი ამჟამინდელ ადამიანთა გენომებს შეადარეს.

“ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ახალ ცნობებს გვაწვდის გვიანდელი პლეისტოცენის ხანის სამი სახეობის გენეტიკური ისტორიის შესახებ და წარმოაჩენს, რომ დანალექებში არსებული დნმ-ის პირდაპირ სეკვენირებას, მიზანმიმართული გამდიდრების გარეშე, შეუძლია მოგვცეს გენომის მასშტაბის მონაცემები წინაპრებისა და ფილოგენეტიკური ურთიერთობების შესახებ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

აღსანიშნავია, რომ საწურბლიას მღვიმეში გარდა ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომებისა, აღმოაჩინეს ქვის იარაღებიც, რომლებიც ძვალზე მეტად გამძლეა და დამატებითი ინფორმაციის წყაროა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მღვიმეს დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყენებდნენ ადამიანები.

რაც შეეხება მგლის გენომს, აღმოჩნდა, რომ მგლის სახეობა მთლიანად შეიცვალა ბოლო გამყინვარების პერიოდში, დაახლოებით 11 000 წლის წინ. აქ აღმოჩენილი ბიზონის გენომით კი აღმოჩნდა, რომ ის დღევანდელი ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები ბიზონების გენებს ემთხვევა, მაგრამ არა ამერიკის. გამოდის, რომ ეს გენომი ორ შტოდ გაყოფილა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0