close
ემიგრანტი

„საქართველოში დაბრუნების ოცნებას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია“ – ქეთევან შავლიაშვილი

უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული. თუმცა, მიზნებიდან და მიზეზებიდან გამომდინარე, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ამ ნაბიჯს დგამს. ზოგი ასეთი ამბავი დიდი წარმატებით მთავრდება, დიდი შრომის კვალდაკვალ. ასეთივეა ამბავი, რომელიც ქეთევან შავლიაშვილს ეკუთვნის. ის აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. საკუთარ პროფესიაზე, განვლილ გზასა და ყოველდღიურობაზე, ის „დოქტრინას“ ესაუბრა.

დღესდღეობით, აშშ-ში რას საქმიანობთ?


ამჟამად, ვცხოვრობ ნიუ იორკში და მაქვს საკუთარი პრაქტიკა ფუნქციურ მედიცინაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვაყალიბე. ჩემი ძირითადი მიზანი პაციენტებისთვის ყოვლისმომცველი და ინდივიდუალური მოვლის უზრუნველყოფაა, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიაღწიონ ოპტიმალურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, ჰქონდეთ ნორმალური წონა, თავიდან აიცილონ ან შეაქციონ ქრონიკული დაავადებები; უფრო მარტივად კი, იცოცხლონ დიდხანს, მაგრამ ჯანმრთელად.
ფუნქციური მედიცინა ხაზს უსვამს დაავადების ძირეული მიზეზების მკურნალობას და ფოკუსირებულია პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას და პერსონალიზებული მოვლის ხელშეწყობაზე; ითვალისწინებს ორგანიზმის სისტემების ურთიერთკავშირს, გენეტიკურ ფაქტორებს, ცხოვრების სტილის არჩევანს და გარემო ფაქტორებს.

კონკრეტულად, რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა გულისხმობს პაციენტის საფუძვლიან შეფასებას, რომელიც მოიცავს დეტალურ სამედიცინო ისტორიას, ლაბორატორიულ ტესტებს და ცხოვრების სტილის ფაქტორების შეფასებას. ამ შეფასებების საშუალებით, ხდება მათი გენეტიკური მდგომარეობის, ბიოქიმიური დისბალანსის და ცხოვრების წესის დადგენა.
პერსონალიზებული ინფორმაციის გამოყენებით, მუშავდება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა, რომლებიც მორგებულია თითოეული პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მიზნებზე. ეს გეგმა ხშირად მოიცავს ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას, როგორიცაა კვება, ვარჯიში, სტრესის მართვა, ძილის ოპტიმიზაცია და სხვა თერაპიული ჩარევები.
გარდა ამისა, ვცდილობ, ვიყო სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების წინა პლანზე, მუდმივად განვაახლო ჩემი ცოდნა და უნარები, რათა ჩემს პაციენტებს გავუწიო  უახლესი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დახმარება.

ამ ყველაფრის გარდა, რა აქტივობებით ხართ დაინტერესებული?


პაციენტებთან უშუალოდ მუშაობის გარდა, ჩემი გატაცებაა ადამიანების განათლებასა და გაძლიერებაზე ზრუნვა, რათა შეძლონ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი.  მიწევს საგანმანათლებლო ვორქშოფების, სემინარებისა და ვებინარების ჩატარება, ფუნქციური მედიცინის, ცხოვრების სტილის ცვლილებებისა და პერსონალიზებული ზრუნვის მნიშვნელობის ამაღლების გზით ჯანმრთელობის ოპტიმალური მდგომარეობის მისაღწევად.
რამდენიმე თვის წინ შევქმენი ბიოლოგიურად სუფთა საკვები დანამატები. ეს არისტოქსიკური დანამატების, გლუტენის და ლაქტოზის გარეშე, პროფესიონალური ხარისხის, მეცნიერებაზე დაფუძნებული ნატურალური პრეპარატები, რომლებიც შეიძლება, მნიშვნელოვანი დანამატი იყოს ნებისმიერის ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის. ამასთან ერთად, ვმუშაობ წიგნზე დღეგრძელობის შესახებ, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, ბევრისთვის იქნება საინტერესო.

შტატებამდე პორტუგალიაში იმყოფებოდით. რა მიზნით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1999 წელს, მეუღლესა და პატარა ასაკის შვილთან ერთად, გავემგზავრე პორტუგალიაში საცხოვრებლად..
ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ, იმდროინდელი მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღეთ. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის თითქმის შეუძლებელი იყო, საქართველოში პროფესიულ განვითარებაზე, ან კიდევ, ოჯახისთვის გარკვეული ეკონომიკური სტაბილურობის შექმნაზე გვეფიქრა.

რა ყოველდღიურ დაბრკოლებებს აწყდებოდოთ?

უცხო ქვეყანაში ინტეგრაცია დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, თუმცა, პორტუგალიური ენის დაუფლება დამეხმარა ახალ ქვეყანაში სწრაფად ადაპტირებაში. ღირებული გამოცდილება შევიძინე ლისაბონისა და პორტოს წამყვან საავადმყოფოებში და სამედიცინო კლინიკებში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩემი ინტერესი ინტეგრაციული და ფუნქციური მედიცინის მიმართ და ჩემი კარიერა განვითარდა ამ განხრით. მოკლე ხანში, ლისაბონში დავაფუძნე საკუთარი, პრევენციულ მედიცინაზე ორიენტირებული კლინიკა, სადაც ინტეგრაციული და ფუნქციონალური მედიცინის ექიმ-სპეციალისტის ფუნქციების შეთავსება მომიწია კლინიკური დირექტორის პოზიციასთან. პარალელურად, გავდიოდი უწყვეტ სამედიცინო განათლებას, გავაფართოვე ჩემი ცოდნა სამედიცინო აკუპუნქტურის და ელექტროსტიმულაციის სადიპლომო ასევე, რადიოლოგიის კურსით. გარდა ამისა, ჩავირიცხე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის სპეციალობით, რამაც მომცა კლინიკური პრაქტიკის  ჯანდაცვის მენეჯმენტთან ინტეგრირების  შესაძლებლობა.
სწავლების გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. მქონდა პრივილეგია, გამეზიარებინა მედიცინაში ჩემი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებისთვის ლისაბონის ნატურალური მედიცინის ინსტიტუტში.

როგორი იყო გზა პორტუგალიიდან აშშ-მდე?

ამერიკაში 8 წლის წინ ჩამოვედი პორტუგალიიდან. ამ ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, მომიწია უცხო ენაზე ცხოვრების კიდევ ერთხელ თავიდან დაწყება. ექიმის უწყვეტი განათლების ფორმატში, გავიარე ნიუ იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ბიოსამედიცინო კვლევის სასერთიფიკაციო კურსი; სპეციალიზაციის სასერთიფიკაციო კურსები აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამედიცინო სკოლებში- სტენფორდის, ჰარვარდის, ჯონს ჰოპკინსის და კალიფორნიის უნივერსიტეტებში; ამერიკის ჯანდაცვისა და ქოუჩინგის აკადემიის სასერტიფიკაციო პროგრამა და ამერიკის ფუნქციური მედიცინის აკადემიის სასერთიფიკაციო კურსი.
სიამაყე შემძინა საქართველოს მთავრობის და დიასპორის სახლის მიერ, პანდემიის დროს, ქართველი ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარებისთვის გადმოცემულმა ჯილდოებმა; New York State Assembly-ს მიერ, მიღწეული წარმატებების და ქართულ-ამერიკული საზოგადოებისთვის გაწეული დახმარების გამო გადმოცემულმა ჯილდომ.

საქართველოში დაბრუნებას და აქ საქმიანობას თუ გეგმავთ?

ამ ეტაპზე, სამშობლოში დაბრუნება და იქ მუშაობა არ შედის ჩემს უახლოეს გეგმებში. თუმცა, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტისთვის, საქართველოში დაბრუნების ოცნებას ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს მექნება შესაძლებლობა, დავბრუნდე და ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემი სამშობლოსთვის გამოვიყენო.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული უცხო ქვეყანაში ინტეგრაცია?

უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და რეალიზება მარტივი ნამდვილად არ არის, მოითხოვს მონდომებას, გამძლეობას, ყოველდღიურ შრომას და გახსნილ გონებას. თუმცა, ახალი გამოცდილებების მიღების სურვილით, ფრთხილად დაგეგმვით, პროაქტიული აზროვნებით შესაძლებელია წარმატების და სრულფასოვანების მიღწევა.
ვფიქრობ, პირველ ყოვლისა, ენის შესწავლა და კულტურული ადაპტირებაა მნიშვნელოვანი, რაც არა მხოლოდ გვეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, არამედ აძლიერებს ჩვენს ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში და გვაძლევს მეტ შესაძლებლობას წინსვლისთვის. მასპინძელი ქვეყნის კულტურის და წეს-ჩვეულებების ცოდნა გვეხმარება გაუგებრობების თავიდან აცილებასა და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ასევე მნიშვნელოვანია, ზუსტად გვქონდეს განსაზღვრული ჩვენი მიზნები და გვქონდეს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გვსურს უცხო ქვეყანაში – არის ეს პროფესიული განვითარება, ახალი გამოცდილებების შეძენა თუ სხვა რამ. მკვეთრად ჩამოყალიბებული მიზანი ეხმარება ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებების ბევრად მარტივად გადალახვაში. აუცილებლად გასათვალისწინებელია პროფესიული კონტაქტების და ურთიერთობების მნიშვნელობაც, რასაც კარიერულ წინსვლაში უდიდესი როლი აქვს.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს არ აქვს რესურსი, უზრუნველყოს მოქალაქეების ფინანსური სტაბილურობა?

ნაკლები ადამიანი წავიდოდა ემიგრაციაში, ქართველებს საკუთარ ქვეყანაში პროფესიული განვითარების და ფინანსური სტაბილურების მეტი შესაძლებლობა რომ გვქონდეს. თუმცა, სადაც  უნდა ვცხოვრობდეთ, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე და ვეცადოთ, შეძლებისდაგვარად, წვლილი შევიტანოთ მის წინსვლასა და განვითარებაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0