გზა წარმატებისკენ აუცილებლად გადის შრომაზე, ბრძოლაზე, მონდომებასა და ამბიციებზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისახავ მიზანს, სამშობლოს ფარგლებს გარეთ გადადგა მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯები. ასეთივეა ლაშა ქურციკიძის ამბავიც. ის პროგრამისტია და ათეულ წელზე მეტია, კანადაში ცხოვრობს. გადალახულ სირთულეებზე, მიზნის მისაღწევად გაკეთებულ გადაწყვეტილებებსა და საკუთარი პროფესიის როლზე, ის „დოქტრინას“ ესაუბრა.
როგორ დაიწყო კანადაში თქვენი კარიერა?
დედაჩემი ცხოვრობდა კანადაში და მან წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა 2007 წელს. აქ ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დავიწყე პირველი სამსახური. ეს იყო ერთერთი ყველაზე რთული და სტრესული სამსახური, რაც მქონია. ვმუშაობდი დიდ საცხობში, სადაც ასევე მუშაობდა ასობით სხვა ადამიანი. ამის მერე მიმუშავია მშენებლობაზე, მაღაზიებში, დალაგებაზე და ასე შემდეგ.
მოლოდინი და რეალობა იყო მთლიანად განსხვავებული. თურმე, მარტო იმიტომ, რომ ქვეყანა არის განვითარებული, არ ნიშნავს, რომ შრომის გარეშე შეძლებ რამის მიღწევას.
რამდენად რთული აღმოჩნდა ახალ ქვეყანასთან შეგუება?
ადაპტაციისთვის დამჭირდა რამდენიმე გრძელი წელიწადი. რაც ნამდვილადარ იყო ადვილი, უფრო მენტალურად, ვიდრე – ფიზიკურად. ამ ყველაფრის ფონზე, ვმუშაობდი სხვადასხვა ვებ პროექტზე საქართველოში, რაც ფინანსურად მეხმარებოდა კანადაში.
პროგრამისტი ხართ – როგორ შეაფასებთ, დღევანდელ რეალობაში, როგორია თქვენი პროფესიის როლი?
უფრო და უფრო მეტი ყოველდღიური ტრანზაქციები შესრულდება ტექნოლოგიის მეშვეობით. მე მიმაჩნია, რომ პროგრამირება არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო. განსაკუთრებით, ეს იქნება უსაფრთხოებაში, მედიცინაში, დედამიწის გადარჩენასა და სხვა მნიშვნელოვან სფერეობში.
ამჟამად, რა პროექტზე მუშაობთ?
2014 წელს დავიწყეთ მზადება ახალი კომპანიის შესაქმნელად, რომ გაგვეყიდა ნახმარი და ახალი საოფისე ავეჯი. დღეს ვყიდით 100%-ით ახალ ავეჯს, რომლის უმეტესეობაც არის ჩვენი დიზაინით გაკეთებული. გვაქვს ორი დიდი საწყობი/შოურომი ტორონტოში და რამდენიმემილიონიანი ბრუნვა წელიწადში.
4-წლიანი დეველოპმენთის შემდეგ, 2 თვის წინ გავუშვით ჩვენი ახალი სისტემა. რომელიც მოგვცემს და გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოდ ჩვენი ბიზნესი სწრაფად და მარტივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თუ გაქვთ რაიმე პროექტი, რომლის განხორციელებასაც აპირებთ საქართველოში და რა არის საჭირო მის განსახორციელებლად?
საქართველო ყოველთვის იქნება ჩემი ფუძე, რამაც მომიყვანა დღევანდელ დღემდე. მაგრამ არც ბიზნესის და არც ცხოვრების სურვილი არ მაქვს საქართველოში. რთულია, პატივი სცე ადამიანებს, ჯგუფებს – რომლებიც საკუთარ თავს არ სცემენ პატივს.
რას ეტყვით იმ ახალგაზრდა პროგრამისტებს, რომლებიც საქმიანობის გაგრძელებას უცხოეთში აპირებენ?
სწორად დაისახეთ მიზანი და წარმოიდგინეთ მისი სრული განხორციელება. არ აქვს მნიშვნელობა – სად ხარ, მთავარია იცოდე – ვინ ხარ. დაივიწყეთ მორცხვობა, თავშეკავება – როცა საქმე ეხება მიზნის მიღწევას. ყველაფერი არის შესაძლებელი!
ლაშამ „დოქტრინასთან“ განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებაც ისაუბრა და განმარტა:
Yoo.ge – მინი თამაშების პორტალი – ეს პროქტი დავიწყე, როცა ვიყავი 17 წლის, თუ არ ვცდები და რამდენიმე თვეში უკვე იყო მომგებიანი. ყველაზე კარგ პერიოდში აკეთებდა $1,800 თვეში. რაც ძალიან მაგარი იყო იმ დროსა და სიტუაციაში.
Live.ge – ახალი ამბების აგრიგატორი – ბევრი მომხმარებელი, საინტერესო პროქტი და კარგი გამოცდილება.
2012 – Hot.ge – პაპარაცები და შოუ-ბიზ სიახლეები – ეს პროექტი იყო ყველაზე სახალისო და ძვირიანი სიამოვნება. ბევრი ვალი, ბევრი შარი და ძალიან ბევრი გამოცდილება.
2014 – Cleaning Bees – დალაგების კომპანიის ავტომატიზირებული სისტემა – ხანდახან საქმე ჩანს უფრო ადვილი, ვიდრე რეალობაში არის. ეს პროქტი იყო ზუსტად ასეთი. რაც უფრო მეტი კლიენტი გვემატებოდა, მით რთულდებოდა საქმე.. ჩემი მიზანი იყო ბევრი ტექნოლოგია და ცოტა თანამშრომელი. ეს ბიზნესი კი მოითხოვდა ბევრ თანამშრომელს. იყო შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიით მოგვარებულიყო უმეტესობა პრობლემებისა, მაგრამ მოგება არ ღირდა შრომად.
2015 – Officestock – საოფისე ავეჯი იმპორტი, დისტრიბუცია და გაყიდვები.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”