close
ემიგრანტი

„საჭიროა მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად დაუზარელი შრომა“ – ნინო თანდილაშვილი

სამშობლოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პირველი ნაბიჯები დიდ გამბედაობასთან, მოთმინებასა და მონდომებასთან არის დაკავშირებული. იცვლება ყოველდღიური გეგმები, ჩნდება დაბრკოლებები და ამ რთულ გზაზე წარმატებას აღწევს ის, ვინც არ ცვლის მიზანს. ნინო თანდილაშვილი ISC Paris ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორია. პროფესიული წარმატებისთვის მან არაერთი ნაბიჯი გადადგა. ამავდროულად, არ წყვეტს კონტაქტებს საქართველოსთან და სამშობლოსთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებიც აქვს. ნინო „დოქტრინას“ ესაუბრა.

დღესდღეობით, საფრანგეთში რას საქმიანობთ?

2016 წელს დავიცავი დისერტაცია საჯარო მენეჯმენტის მიმართულებით პარიზში, ნანტერის უნივერსიტეტში. მას შემდეგ მენეჯმენტის მიმართულებით ვიყავი მოწვეული ასისტენტი და შემდეგ ასოცირებული პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტსა და ბიზნეს სკოლაში. ამჟამად, ვარ ბიზნეს სკოლის ISC Paris ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის მიმართულებით და ორი კვლევითი ლაბორატორიის წევრი. ჩემი სამეცნიერო კვლევები იბეჭდება ფრანგულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

რა ეტაპები გაიარეთ, სანამ უცხო ქვეყანაში განაგრძობდით სწავლას და დაიწყებდით მუშაობას?

საზღვარგარეთ სწავლა ან მუშაობა არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. ევროპაში ერთი წლით ჩამოვედი ცოდნის და გამოცდილების გასაღრმავებლად და მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა.
მოხდა ისე, რომ საქართველოში გავიმარჯვე კონკურსში და შანსი მომეცა, ჰოლანდიაში  მესწავლა მაგისტრატურაზე. ამის შემდეგ სწავლა საფრანგეთში განვაგრძე პროექტის მართვის მიმართულებით, რადგანაც ჩავირიცხე ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ამ დროს სტაჟირება გავიარე მსოფლიოში (იმ დროისთვის) უდიდეს სერტიფიკაციის კომპანიაში. ეს ყველა ნაბიჯი მიზნად ისახავდა ჩემს პროფესიონალად ზრდას, რათა საქართველოში დაბრუნებულს ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა. თუმცა, მოხდა ისე, რომ მივიღე უაღრესად საინტერესო შემოთავაზება და ძალიან ახალგაზრდა გავხდი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის – Bureau Veritas საერთაშორისო პროექტების მენეჯერი. ეს გახდა მიზეზი, რომ საბოლოოდ საფრანგეთში დავფუძნებულიყავი. მოგვიანებით დავიცავი სადოქტორო ხარისხი და საქმიანობა მეცნიერების მიმართულებთ განვაგრძე.

საქართველოსთან თუ ინარჩუნებთ პროფესიულ კავშირებს?

სწავლის პერიოდში სულ ვფიქრობდი, რომ კონკრეტული ეტაპის შემდეგ კვლავ საქართველოში დავბრუნდებოდი, იქნებოდა ეს მაგისტრის თუ დოქტორის ხარისხი. არც გამიწყვიტავს საქართველოსთან კავშირი. მაგალითად, დოქტორანტურაში სწავლისას ამირჩიეს საფრანგეთის მენეჯმენტის მიმართულების დოქტორენტების ასოციაციის ვიცეპრეზიდენტად. ამ დროს საშუალება მომეცა, ქართველ დოქტორანტებთან მეთანამშრომლა და სამეცნიერო კონფერენციებში მომეწვია სტუდენდები თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტებიდან.
2017-2019 წლებში საქართველოში დავბრუნდი და საქმიანობა განვაგრძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს იყო არაჩვებულებრივი გამოცდილება, რამაც დამანახა, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ახალგაზრდა, უძლიერესი პროფესორები. დღეს საფრანგეთიდან კვლავ ვგეგმავ მათთან სანეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას.

რას ურჩევთ საზოგადოებას – როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ?

ვფიქრომ, რომ დღეს საზღვარი ფიქტიური ცნებაა და მსოფლიოს უნდა შევხედოთ, როგორც ერთ დიდ, შესაძლებლობების სივრცეს. მეგობრებმა ხუმრობით მიმანიშნეს, რომ თურმე ხშირად ვიმეორებ ფრაზას – the world is my playground. ასეც ვფიქრობ. საჭიროა მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად დაუზარავი შრომა და არა – დაბრკოლებების გადალახვის მიკრომენეჯმენტი.
უცხო ქვეყანაში მოღვაწეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს თვითმიზანი. ის შეიძლება, მხოლოდ იყოს საშუალება უფრო დიდი მიზნის მისაღწევად.  ამიტომ, უცხო ქვეყანაში ბედის ცდამდე საჭიროა, გავარკვიოთ, თუ რა მიზნის მიღწევა გვსურს ცხოვრეში და რანაირად გამოგვადგება ამისათვის საერთაშორისო ასპარეზი. არასწორია შეხედულება, რომ უცხო ქვეყნებში უფრო მეტი შესაძლებლობაა. დღეს ადამიანს თვითრეალიზაციისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. საჭიროა ამ შემოთავაზებული რესურსის სწორი გამოყენება. სწორედ ნიჭია არსებული შესაძლებლობების დანახვა და სწორი დაფასებაც. ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად საჭიროა სამი ელემენტის სწორი გამოყენება: დაუზარავი შრომა, რესურსის და მიღებული ცოდნის დაფასება და სწორი გამოყენება და ცოტა იღბალი. მე თავს იღბლიანად მივიჩნევ. ძალიან გამიმართლა, რადგანაც დედამ ბავშვობიდან მასწავლა, რომ შეუძლებელი არაფერია და რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0