„50 წლამდე ადამიანებში სიმსივნური დაავადებები ოდესღაც ძალიან იშვიათი იყო. ახლა ის ძალიან გახშირდა, თითქმის გაორმაგდა“, – ამბობს ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სოლანჟ პეტერსი. მისი აზრით, ეს „საგანგაშო ნიშანია“.
„შემთხვევების რაოდენობა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებშიც იზრდება, მაგრამ, მათ შემთხვევაში, მოსახლეობის დაბერებასთან გვაქვს საქმე“, – განუცხადა ხუთშაბათს, 21 დეკემბერს პეტერსმა გაზეთ „24 საათს“ („24 heures“).
„50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბო ადრე იშვიათობას წარმოადგენდა. ახლა ვითარება იცვლება, – ამბობს ის, – მართალია, ამ ასაკობრივ ჯგუფში (50 წელი და ქვემოთ) დააავდებულთა რაოდენობა, უფრო ხანდაზმულებთან შედარებით, კვლავ ნაკლებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აღნიშნულ ასაკობრივ სეგმენტში (50 წელი) მათი რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ეს საგანგაშო ნიშანია“. დაავადების სიხშირის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, ღვიძლის, პროსტატის, თირკმელების და საშვილოსნოს კიბოს შემთხვევებში.
სიმსივნური დაავადებების აქამდე კარგად ცნობილ ისეთ რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი, მოწევა და ალკოჰოლი, პიტერსი კიდევ უფრო განავრცობს და ჩამონათვალში ხელოვნური შაქარი და საკვები დანამატებიც შეჰყავს. „ეგრეთ წოდებულ „განვითარებულ ქვეყნებში“ ასეთი ევოლუცია, როგორც ჩანს, ჩვენს ცხოვრების წესს უკავშირდება“, – ამბობს პიტერსი.
„გამოიკვეთა სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც: წითელი ხორცის გადაჭარბებულ მოხმარებასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნეებს შორის; გარემოს დაბინძურებასა და სასუნთქი და საშარდე გზების სიმსივნეებს შორის; ჰორმონებსა და ძუძუს კიბოს შორის“, – განმარტავს შვეიცარიელი ექსპერტი- ონკოლოგი.
მისივე თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესი სიმსივნური დაავადებების პრევენციის მყარი საფუძველია, თუმცა, შესაძლოა, ეს დაავადებები გენეტიკურმა და ინფექციურმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს. ამასთან, პიტერსი ხაზს უსვამს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას.
„უკეთესია, სამედიცინო სერვისები გამოვიყენოთ, ვიდრე სიმპტომების გახანგრძლივებას და დაგვიანებით გამოვლენას დაველოდოთ, – ამბობს ის, – მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში არსებულ ყოვლად მიუღებელ უთანასწორობასთან მოგვიწევს გამკლავება“.
1 tv.ge
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”