სინგაპურის მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად ერთი თვის ანაზღაურებაზე უარს ამბობენ.
ქვეყნის პრემიერის, ლი ჰსიენ ლუნგის განცხადების მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირები ერთი თვის, სხვა მაღალჩინოსნები კი ნახევარი თვის ხელფასზე ამბობენ უარს. სანაცვლოდ, ქვეყანა სპეციალურ პრემიებს გადასცემს მედიკოსებსა და სხვა პირებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი.
„გამორჩეული ვაჟკაცობისა და თავდადებისთვის ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელიც უშუალოდ ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში, მიიღებს სპეციალურ პრემიას ერთი სამუშაო თვის ხელფასის ოდენობით. ამაში შედის ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, ოფიცრები და სხვა პირები, ვინც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა.
იმისათვი, რომ გამოვავლინოთ ჩვენი სოლიდარობა სინგაპურის იმ მაცხოვრებელთა მიმართ, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი, მეც და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის, პარლამენტის წევრები და ქვეყნის პრეზიდენტი ჰამილა იაკობი ერთი თვის გასამრჯელოზე ვამბობთ უარს, სხვა მაღალჩინოსნები კი – ნახევარი თვის ხელფასზე.
ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ დაავადებასთან ბრძოლაში და ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას“, – ამბობს სინგაპურის პრემიერი ლი ჰსიენ ლუნგი.
29 თებერვლის მდგომარეობით, სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 102-ს შეადგენს. ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები ჯერ არ ფიქსირდება.
info9.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“