close
გამოგონება - ინოვაციასამართალიტექნოლოგიები

სისხლის წვეთის გამოყენებით დიაგნოზის დასმის მეთოდის გამომგონებელს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Theranos-ის დამფუძნებელ ელიზაბეტ ჰოლმსს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გარდა ამისა, ჰოლმსმა ინვესტორებს 121 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი უნდა აუნაზღაუროს. ჰოლმსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2023 წლის 27 აპრილს უნდა გამოცხადდეს, მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

მიმდინარე წლის იანვარში ნაფიცმა მსაჯულებმა ჰოლმსი ბრალდების 11 პუნქტიდან 4-ში დამნაშავედ ცნეს. პროკურატურა 15-წლიან პატიმრობას და 800-მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას, დაცვის მხარე კი სასჯელის სახით 18-თვიან შინაპატიმრობას და საზოგადოებრივ სამუშაოებს ითხოვდა.

ჰოლმსმა Theranos-ი 2003 წელს, 19 წლისამ დააარსა. მან პირობა დადო, რომ შექმნის მოწყობილობას, რომელიც ადამიანის სისხლის წვეთის გამოყენებით პაციენტს დიაგნოზს დაუსვამდა. ქალი ამტკიცებდა, რომ ტექნოლოგია თავად მოიგონა. მას უამრავი ინვესტორი ჰყავდა , რომელთა დახმარებით ჰოლმსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი-მილიარდერი გახდა.

2015 წელს The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ Theranos-ის მოწყობილობა ფიქციაა, კომპანია კი სისხლის ანალიზებს სხვა კომპანიების აპარატურაზე ატარებს. 2018 წელს Theranos-ი დაიხურა, 2021 წელს კი ჰოლმსს სასამართლოში უჩივლეს.

გაზიარება:
fb-share-icon0