იაპონურმა კომპანია Astroscale-მა დედამიწის ორბიტის კოსმოსური ნაგვისგან გასაწმენდად ახალი სისტემა შეიმუშავა, რომელსაც მალე გამოცდის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, დღეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა რაკეტა, რომელზეც კომპანიის მოწყობილობაა მოთავსებული. 175-კილოგრამიან აპარატზე 17-კილოგრამიანი თანამგზავრია მიმაგრებული, რომლის ზედაპირზეც მაგნიტის ფილაა განთავსებული. კოსმოსში მოხვედრის შემდეგ, თანამგზავრი აპარატს გამოეყოფა, ის კი მაგნიტის მეშვეობით თანამგზავრის დედამიწის ორბიტიდან მოხსნას შეეცდება და პლანეტის მიმართულებით მისცემს ბიძგს. ამ პროცესის შედეგად თანამგზავრი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება.
ტესტირება შემოდგომაზე დასრულდება და თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, მომავალში ყველა თანამგზავრი მაგნიტის ფილით იქნება აღჭურვილი და მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მათი უტილიზაცია მარტივი იქნება.
ბოლო მონაცემებით, დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის წონა 9 ათას ტონას აჭარბებს. ეს „ნაგვის ღრუბელი“ ძველი თანამგზავრებისა და რაკეტების ნაწილებისგან შედგება. ნაგავი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და დედამიწაზე სხვადასხვა ტექნოლოგიის ფუნქციონირებას.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“