ახალი კვლევის მიხედვით, საფრთხის ქვეშ მყოფი ტყის სპილოების პოპულაციების შენარჩუნება გადამწყვეტია არა მხოლოდ თავად ცხოველებისთვის, არამედ იმ გარემოსთვისაც, რომელშიც ისინი სახლობენ. როგორც ჩანს, ეს ნახშირბადის შეწოვასთან არის დაკავშირებული.
კვლევა გვეუბნება, რომ ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ტროპიკული ტყეები ატმოსფერული ნახშირბადის დაჭერის უნარს 6-დან 9 პროცენტამდე დაკარგავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სპილოების პოპულაციები განადგურდება. და მთავარი პრობლემაც, ამით პლანეტის დათბობა კიდევ უფრო დაჩქარდება.
ტყის სპილოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ნახშირბადის ციკლში. ისინი ტროპიკული ტყის სწრაფად მზარდი მაღალი ხეების ჭამით არიან დაკავებული. ეს აჩენს მეტ სივრცეს და მზის შუქს გზას უთავისუფლებს ნელა მზარდი ხეებისკენ, რომლებიც იჭერენ მეტ ნახშირბადს გარემოდან.
“თუ დავკარგავთ ტყის სპილოებს, ჩვენ დავაჩქარებთ კლიმატის ცვლილებებს. ტყის სპილოების მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებების მხრივ სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. საჭიროა გამოვიმუშაოთ სპილოების კონსერვაციისთვის საჭირო მხარდაჭერა. ტყის სპილოების როლი ჩვენს გლობალურ გარემოში ზედმეტად მნიშვნელოვანია, რომ უგულებელვყოთ”, — ამბობს ბიოლოგი სტივენ ბლეიკი, მისურის სენტ-ლუის უნივერსიტეტიდან.
წინა კვლევებისა და ამ სფეროში შეგროვებული ახალი ინფორმაციის გამოყენებით, ჯგუფმა გააანალიზა აფრიკაში ტყის სპილოების კვების რეჟიმის თითქმის 200 000 ჩანაწერი, რომელიც მოიცავს 800-ზე მეტ ცალკეულ მცენარეულ სახეობას.
ვარაუდობენ, რომ ამჟამად ველურ ბუნებაში 500 000-ზე ნაკლები აფრიკული სპილოა. ეს მაშინ, როდესაც გასულ საუკუნეში 3-დან 5 მილიონამდე სპილო იყო. სპილოს ძვალზე ნადირობა ამ შემცირების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მეტიც, ზოგიერთ რაიონში პოპულაციის 80 პროცენტი დაკარგულია.
კვლევა ხაზს უსვამს აფრიკული სპილოების, დედამიწაზე მოსიარულე ყველაზე დიდი ცხოველების დაცვის მნიშვნელობას. მკვლევრების თქმით, სპილოებისა და სხვა ბალახის მჭამელი ცხოველების შემცირება, ტროპიკულ ტყეებზე ცუდად მოქმედებს.
შემდეგში ახალი კვლევები იგეგმება რათა სხვა რეგიონები შეისწავლონ. მკვლევრებს სურთ გამოავლინონ გავლენა, რომელიც სხვა დიდ ბალახისმჭამელებს აქვთ კლიმატის ცვლილებაზე.
“სპილოები ტყის მებაღეები არიან”, — ამბობს ბლეიკი.
კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“