ვაიომინგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ლაბორატორიული ექსპერიმენტისას ტარდიგრადების, იგივე წყლის დათვების, ცილები ადამიანის უჯრედებში შეიტანეს, რამაც იქ მოლეკულური პროცესები შეანელა. ეს ნიშნავს, რომ ამ გასაოცარი მიკროსკოპული არსებების ცილების გამოყენება დაბერების პროცესთან შესაწინააღმდეგებლად და უჯრედების ხანგრძლივად შესანახად შეგვიძლია.
ტარდიგრადები, რომელთა ზომაც ნახევარ მილიმეტრზე ნაკლებია, გამძლეობით გამოირჩევიან, რადგან უკიდურესად მკაცრ პირობებში გადარჩენას ახერხებენ. ისინი ასეთ გარემოში ცხოველქმედებას დროებით აჩერებენ, შემდეგ კი ისევ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან, რასაც ბიოსტაზი ეწოდება.
მაგალითად, წყლის დათვებს შეუძლიათ, რომ გადაურჩენ სრულად გამოშრობას, აბსოლუტურ 0-თან ახლო ტემპერატურაზე გაყინვასა და 148 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე გაცხელებას. ასევე, იმაზე ათასობით ძლიერ რადიაციულ დასხივებას, ვიდრე ადამიანი იტანს და კოსმოსურ ვაკუუმში ყოფნასაც კი.
ბიოსტაზის მდგომარეობის მისაღწევად ისინი სწორედ CAHS D-ის სახელით ცნობილ ცილებს იყენებენ, რომლებიც უჯრედებში ერთგვარ გელს წარმოქმნის. შედეგად, სასიცოცხლო პროცესები ნელდება.
“როდესაც ეს ცილები ადამიანის უჯრედებში შევიტანეთ, ისინი გელად გარდაიქმნა და მეტაბოლიზმი ზუსტად ისე შეანელა, როგორც ტარდიგრადებში. მათ მსგავსად, თუ ადამიანის უჯრედებსაც ბიოსტაზის მდგომარეობაში გადაიყვან, სტრესის მიმართ ისინიც მეტად გამძლე გახდება და წყლის დათვების ზოგიერთ უნარს მიიღებს”, — აცხადებენ ავტორები.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბიოსტაზის მაპროვოცირებელი სტრესის ფაქტორის მოხსნისას გელად გარდაქმნილი ცილები იშლება და ადამიანის უჯრედებში ისევ ნორმალური მეტაბოლიზმი გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული პროცესი შექცევადია, როგორც ამ არსებებში.
“ჩვენი შედეგები გზას უხსნის ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც უჯრედების ან მთლიანი ორგანიზმების ბიოსტაზში გადაყვანაზეა კონცენტრირებული, რათა დაბერება შეანელოს და [მედიკამენტების] სტაბილურობა გაზარდოს ან [უჯრედების] შენახვა გააუმჯობესოს”, — ამბობენ სპეციალისტები.
მათმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის დათვების ბუნებრივი და მოდიფიცირებული ცილების გამოყენება ჰემოფილიისა თუ სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შეგვიძლია ისე, რომ მათი გაყინვა აღარ იყოს საჭირო.
რაც შეეხება ახალ ნაშრომს, ის გამოცემაში Protein Science გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”