ტერენს ინგლიში, რომელმაც 40 წლის წინ დიდ ბრიტანეთში გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩაატარა, აცხადებს, რომ უახლოეს სამ წელიწადში, შესაძლოა, ექიმებმა ადამიანში ღორის გულის გადანერგვა მოახერხონ.
მან The Sunday Telegraph–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წელს მისი პროტეჟე ადამიანში ღორის თირკმლის გადანერგვას ეცდება.
“თუ თირკმლის ქსენოტრანსპლატაცია (ორგანოების გადანერგვა სხვადასხვა სახეობებს შორის) წარმატებით ჩაივლის, დიდი ალბათობით, მალე არა მარტო თირკმლის, არამედ ღორის გულების გადანერგვაც მოხერხდება. თუ ეს მიდგომა თირკმლის შემთხვევაში ამართლებს, ის გულის შემთხვევაშიც გაამართლებს”, — აცხადებს 87 წლის ქირურგი.
ღორის გულის ანატომია და ფიზიოლოგია ადამიანის გულის მსგავსია, რის გამოც მათ ხშირად გულის დაავადებების მოდელად იყენებენ ხოლმე. მაგალითად, მაისში გაჩნდა ინფარქტის მკურნალობის ახალი მეთოდის შემუშავების იმედი, როდესაც გენურმა თერაპიამ ღორებში დადებითი შედეგი აჩვენა.
მიოკარდიუმის ინფარქტი რომელიმკორონარული არტერიის უეცარი დაცობის შედეგია, რაც გულის ფუნქციის დარღვევით სრულდება.
“მკურნალობის ისეთი მეთოდის შექმნა, რომელიც გულს აღდგენის საშუალებას აძლევს კარდიოლოგების მთავარი მიზანია. ეს კვლევა კი გვაჩვენებს, რომ მსოფლიოში პირველად, შესაძლოა, ამ მიზანთან ახლოს ვიყოთ”, — აცხადებს ბრიტანეთის გულის ფონდის კარდიოლოგიის უფროსი აჯაი შაჰი.
Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ღორის გულში microRNA-199-ის შეყვანით ერთ თვეში დაზიანებული გულის ფუნქცია “თითქმის სრულად აღდგა”.
აღსანიშნავია, რომ არსებობს დაბრკოლებები, რაც ამ მეთოდის ადამიანებში გამოყენებამდე უნდა დაიძლიოს. მაგალითად, ღორების უმეტესობა მკურნალობის შემდეგ დაიღუპა, რადგან შეყვანილმა microRNA-199-მ ორგანიზმში საკუთარი თავის უკონტროლო ექსპრესია მკურნალობის დასრულების შემდეგაც გააგრძელა.