close
მედიცინა

უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევა — ბრაზილიაში კუდის მქონე ბავშვი დაიბადა

ბრაზილიაში მდებარე ალბერტ სეიბინის სახელობის საავადმყოფოში მომუშავე მედიკოსები გამოცემაში Journal of Pediatric Case Reports გამოქვეყნებულ ნაშრომში უიშვიათეს სამედიცინო შემთხვევაზე წერენ. ისინი იტყობინებიან ახალშობილი ბიჭის შესახებ, რომელიც 12 სანტიმეტრი სიგრძის მქონე კუდით დაიბადა.

ჩვილი, რომელიც ოფიციალურ ანგარიშში ანონიმადაა მოხსენიებული, ნაადრევად გაჩნდა, თუმცა ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებები არ მოჰყოლია. მას მხოლოდ სხეულის სიყვითლე აღენიშნებოდა. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ბავშვს მარცხენა პარავერტებრალურ-ლუმბოსკალურ რეგიონში (დუნდულის ზემოთ) გრძელი “ფიბროზული ქორდა”, იგივე კუდი ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 4 სანტიმეტრი დიამეტრის მომრგვალო წანაზარდით ბოლოვდებოდა.

ფოტო: Journal of Pediatric Surgery Case Reports

ექიმებმა ბიჭი სპეციალური ულტრაბგერითი აპარატითაც გამოიკვლიეს, რათა სხვა სისტემური ცვლილებები გამოევლინათ, მაგრამ მის ორგანიზმში ასეთი დარღვევა არ აღმოუჩენიათ. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში კუდიანი ადამიანის დაბადების სულ 40 ფაქტია აღწერილი, ანუ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

ამგვარ წანაზარდებს მედიკოსები “ნამდვილ” და “ფსევდო” კუდებად ყოფენ. ეს უკანასკნელი მოიაზრებს სხეულზე არსებულ შვერილს, რომელიც ცხიმოვან-ხრტილოვანი ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურებისგან შედგება. პირველი მათგანი კი ემბრიონული კუდია, რომელიც, როგორც წესი, 4 კვირის ნაყოფს უვითარდება, რის შემდეგაც, 6-დან 12 კვირამდე პერიოდში, მას ლეიკოციტები შლიან.

ფოტო: Ed Uthman / Flickr

გამონაკლის შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედები ემბრიონულ კუდს ვერ ანადგურებენ, ამიტომ ის ჩანასახს ბოლომდე უნარჩუნდება. უფრო მეტიც, კუნთების მეშვეობით, შესაძლებელია მისი ამოძრავება და მომრგვალებაც, როგორც ამას ზოგიერთი ცხოველი აკეთებს.

სწორედ ამის მაგალითია ზემოხსენებული ჩვილი, რომელსაც ქირურგებმა წანაზარდი წარმატებით მოაშორეს.

ფოტო: Journal of Pediatric Surgery Case Reports

ოპერაციის ჩატარებამდე მათ დეტალურად გამოიკვლიეს ხერხემლის არეში რაიმე ფარული შეუხორცებელი ადგილი ხომ არ იყო, რათა ქირურგიულ ჩარევას ნევროლოგიური ცვლილებები არ გამოეწვია. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა და პროცედურამ უსაფრთხოდ ჩაიარა.

ისინი კუდის შენარჩუნების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ორსულობის დროს დედა დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწეოდა და საშარდე მილის ინფექციის გამო პირველი თაობის ცეფალოსპორინს იღებდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0