close
ეს საინტერესოა

უჩვეულო ექსპერიმენტის ავტორი, რომელიც შვილს შიმპანზესთან ერთად ზრდიდა

გენეტიკა ჩვენი ორგანიზმის ბევრ მახასიათებელს განსაზღვრავს, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდასა და ცხოვრებისეულ მოვლენებს. 1931 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა, უინტროპ კელოგმა, გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა იმის დასადგენად, თუ რამდენად არის შესაძლებელი ცხოველში ადამიანის მსგავსი ინტელექტის განვითარება.
ფსიქოლოგმა ცოლთან ერთად გადაწყვიტა ნამდვილი შვილი, დონალდი, შიმპანზესთან ერთად აღეზარდა და ენახა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა ექსპერიმენტი. კვლევის დაწყებისას დონალდი 10 თვის იყო, ხოლო შიმპანზე გუა 8 თვემდე. მშობლები ცდილობდნენ უნარები ერთნაირად ესწავლათ მათთვის და ყურადღებასაც თანაბრად უნაწილებდნენ. რამდენიმე თვეში ცვლილება შესამჩნევი გახდა. გუას მოტორული ფუნქციები და ფიზიკური მახასიათებლები სხვა შიმპანზეების მსგავსად განუვითარდა. ექსპერიმენტის ადრეულ ეტაპზე შიმპანზე 12 თვის დონალდზე უფრო ჭკვიანი იყო. როდესაც დონალდი ფიზიკური ნიშნებითა და სახეებით ცნობდა ადამიანებს, გუა ყურადღებას სუნსა და ტანსაცმელზე ამახვილებდა. როდესაც დონალდი რამდენიმე სიტყვას უკვე ამბობდა, გუას ეს არ შეეძლო და ფაქტობრივად, შიმპანზეს განვითარება დონალდის განვითარებას ჩამორჩა. თუმცა, მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა და დონალდმა გუას მიბაძვა დაიწყო, შიმპანზისთვის დამახასიათებელ ხმებს გამოსცემდა და ადამიანებს კბენდა. მშობლებმა მალევე გადაწყვიტეს ექსპერიმენტი შეეწყვიტათ და შიმპანზე ფლორიდაში მდებარე სპეციალურ დაწესებულებაში დაებრუნებინათ, რათა სხვა ექსპერიმენტის სამიზნე გამხდარიყო.
როგორც ექსპერიმენტმა გამოავლინა, ცხოველმა რამდენიმე ადამიანური თვისების ათვისება შეძლო, თუმცა მათი ტვინი საკმარისად განვითარებული არ არის იმისათვის, რომ ადამიანური მეტყველების უნარი აითვისოს. ექსპერიმენტის შედეგი კი ის იყო, რომ დონალდი უფრო დაემსგავსა შიმპანზეს, ვიდრე გუა ადამიანს. კვლევის შეწყვეტის შემდეგ, დონალდი ჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა, სრულწლოვანებამდეც მიაღწია და ექიმი გახდა, თუმცა 42 წლის ასაკში თავი მოიკლა.

გაზიარება:
fb-share-icon0