რატომ დაარსდა პლატფორმა „სფიჩი“, რა იდეებს აერთიანებს ის და რა შედეგებზეა ორიენტირებული – ეს გახლავთ ის ძირითადი შეკითხვები, რომელთა პასუხებიც ძალიან საჭირო, სასარგებლო, საინტერესო სივრცის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
არცთუ ისე დიდი ხანია, რაც „სფიჩი“ არსებობს და მიზნად უცხო ქვეყნებში მყოფი, ქართველი პროფესიონალების საზოგადოებისთვის გაცნობას, მათი ცოდნისა და უნარების თავმოყრას ისახავს. მისი დამფუძნებლები სოფო ჯაჯანაშვილი და ზურაბ ქათამაძე არიან. „დოქტრინას“ სოფო ესაუბრა.
გვიამბეთ – რა მიზნით გაჩნდა პლატფორმა „სფიჩი“?
უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების პლატფორმა „სფიჩი“ ნიუ იორკში 3 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლე ზურაბ ქათამაძემ დავაფუძნეთ. ჩვენი მიზანია, თავი მოვუყაროთ უცხოეთში მცხოვრები ქართველი პროფესიონალების მიღწევებს, როგორც მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საგანძურს, რათა მოხდეს მათ მიერ მიღებული ცოდნის და გამოცდილების ინვესტირება საქართველოში. ამ უნიკალური ბაზის შექმნამ და დიდმა რესურსმა მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეწყო სხვადასხვა პროექტი, რაც სრულად უკავშირდება საქართველოს და მის განვითარებას, ხელს უწყობს უცხოეთში არსებული და აპრობირებული სისტემების დამკვიდრებას. ჩვენი პროექტი საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროფესიონალებს, თავიანთი საქმით დაამყარონ და შეინარჩუნონ კავშირი სამშობლოსთან.
ამ ეტაპზე, ჩვენი პლატფორმა თავს უყრის 550 ქართველ პროფესიონალს მსოფლიოს მასშტაბით. მათი ჩართულობით დავიწყეთ პროექტები სხვადასხვა მიმართულებით: საგანმანათლებლო მასტერკლასები, დიასპორული დიპლომატია, ვმუშაობთ მეცნიერების ელექტრონულ ბაზაზე. გასულ წელს გავიმარჯვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს „ დიასპორული ინიციატივების“ კონკურსში და განვახორციელეთ პროექტი-STEM მასტერკლასები სტუდენტებისთვის. 12-მა ქართველმა მეცნიერმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიებიდან ჩაუტარა მასტერკლასები საქართველოში მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებს. პროექტში ჩართული იყო თითქმის ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუტი. წელს უკვე მეორე პროექტს ვახორციელებთ, ამჯერად – მედიცინის მიმართულებით. მასტერკლასები 21 ოქტომბერს დავიწყეთ და 18 ნოემბერს დასრულდება. ჩვენი ამოცანაა, სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საგანმანათლებლო და სამუშაო სისტემებზე. მედიცინის მასტერკლასი სტუდენტებს დაეხმარება რეზიდენტურისთვის მიმართულების არჩევაში.
ვინ ატარებს მასტერკლასებს?
პროექტის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში (აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, დანია და შვეიცარია) მოღვაწე ცხრა ქართველი ექიმი:
გვანცა ხარაიშვილი, ქეთი კიკოშვილი, გრიგოლ ადეიშვილი, ზაზა უჯმაჯურიძე, მაია ჩიკვილაძე, ნინო ზურაბიანი, ქეთევან შავლიაშვილი, მაია სოზაშვილი-ბანიჟე და თორნიკე სოლოღაშვილი, ერთი თვის განმავლობაში გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს. ექიმები სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ და ისინი თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ ქეისებს განიხილავენ სტუდენტებთან, ასევე, ეს მასტერკლასები არის საშუალება სტუდენტებისთვის, დაამყარონ კომუნიკაცია მსოფლიოს წამყვან კლინიკებსა და უნივერსიტეტებთან მედიცინის მიმართულებით სწავლის და გამოცდილების გასაგრძელებლად.
სტუდენტებს რა პრინციპით არჩევთ?
სტუდენტების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებასთან ერთად, მედიაში და სოციალურ ქსელებში დავიწყეთ კამპანია, მაქსიმალურად გავავრცელეთ ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. კონკურსში მონაწილეობა 300-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, მათ წარმოადგინეს სამოტივაციო წერილები, რის საფუძველზეც შევარჩიეთ 100 მსმენელი. ყოველ შაბათ -კვირას, მათ უტარდებათ მასტერკლასები. ძალიან მაღალია ინტერესი და ჩართულობა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს. სტუდენტები საქართველოს რეგიონებიდანაც მონაწილეობენ, ასევე, გვყავს ფერეიდნელი ქართველები. ბევრი პრაქტიკოსი ექიმი დაგვიკავშირდა საქართველოდან და გამოთქვა სურვილი მასტერკლასებზე დასწრების, თუმცა, ამჯერად მხოლოდ სტუდენტებისთვის არის ეს შეხვედრები, მომავალში ასევე ვგეგმავთ პრაქტიკოსი ექიმებისთვისაც.
რა შედეგზეა ორიენტირებული მასტერკლასები?
პროექტი საშუალებას აძლევს ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს, საკუთარი საქმით „დაუბრუნდნენ„ სამშობლოს და დაამყარონ კავშირი ახალ თაობასთან, გაუზიარონ მათ თავიანთი გამოცდილება. ახალგაზრდებს კი პროექტი დაეხმარება, აიმაღლონ ცნობიერება ჯანდაცვის სექტორში არსებულ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, გაეცნონ საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემებს და გამოცდილებას, გააკეთონ სწორი არჩევანი რეზიდენტურაში, საერთაშორისო და ადგილობრივი პროგრამების მიმართულებით, გაიცნონ მსოფლიოს წამყვანი ექიმები და დაამყარონ მათთან კომუნიკაცია. ასევე, ქართველ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, ჩვენი სპიკერების დახმარებით, ჩაერთონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, რომელსაც ექიმები უცხოეთში ბევრი წელია, ახორციელებენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”