close
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერება

უძველესი ქართული სახარება, რომელსაც მაჰმადიანები მაგიურ ძალას მიაწერდნენ

უძველესი ქართული სახარებებიდან ბევრი აღარ არის შემორჩენილი, მაგრამ რამდენიმე მაინც გადარჩა და ყველას თავისი ისტორია აქვს. მათ შორის ყველაზე ძველი არის ადიშის ოთხთავი, რომელიც 897 წელს არის გადაწერლი და დღეს სვანეთში, მესტიის ისტორიულ-ეთნგორაფიულ მუზეუმში ინახება.

ადიშის ოთხთავს დღესაც დიდი ინტერესით იკვლევენ უცხოელი მკვლევარები ამერიკაში, ბელგიასა თუ  გერმანიაში. ოთხთავის შესახებ პირველი ცნობა გამოაქვეყნა 1901 წელს ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ხახანაშვილმა. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ექსპედიცია მოაწო სვანეთში და თავისი თვალით ნახა ეს წიგნი. ცნობილმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე ერმაკოვმა გადაიღო ადიშის ხელნაწერის ფოტოსურათები, რომელიც გამოსცა მოსკოვის საარქეოლოგო საზოგადოებამ 1916 წელს. 1926-1955 წლებში პარიზში ცალკე წიგნად გამოსცა ამერიკელმა ქართველოლოგმა ბლეიკმა, რომელსაც თან ახლავს ტექსტის ლათინური თარგმანი.

ადიშის ოთხთავი გადაწერილია კლარჯეთში, შატბერდის მონასტერში 897 წელს. ტექსტი შესრულებულია ეტრატზე. დაცულია ორი ანდერძი, პირველი ეკუთვნის გადამწერს მიქაელს, მეორე ოთხთავის დამკვეთს სოფრონს. აკადემიკოს აკაკი შანიძის ცნობით, ხელნაწერის შემკვეთი არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე სოფრონი – „დიდი სოფრონი, სანატრელი მამაი შატბერდისა, ეკლესიის განახლების აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი“.

მე-16 საუკუნეში, ადიშის ოთხთავი შატბერდიდან წამოუღია ნიკოლაოსს, ჯუმათის მონასტრის მამასახლისს.

ოთხავი მდიდრულად შემკული ხელნაწერია და ჩასმულია ტყავის ყრდაში. შემორჩენილი აქვს სამი შრე. პირველი შრე თარიღდება მე-9 საუკუნით, მეორე მე-10 საუკუნით, მაზე ამოკვეთილია ვერცხლის დიდი ჯვარი და ყვავილოვანი ორნამენტები, მესამე შრე კი – მე-16 საუკუნით თარღდება.

ხელნაწერი შემკულია უნიკალური მინიატურებით.

ბევრჯერ გადაურჩა განადგურებას ადიშის ოთხთავი. უხუცესთა  გადმოცემით ერთხელ ოთხთავი ეკლესიიდან გაუტაცია სამ მაჰმადიანს, რომლებიც მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ, მაგრამ მდევარი მალევე დაეწია და უკან დააბრუნეს. ერთხელ ხანძარი გაჩენია იმ სახლს, სადაც ოთხთავი ინახებოდა. მთელი სოფელი ფეხზე დადგა და სიციცხლის ფასად ალმოდებული სახლიდან გამოიტანიათ, თუმცა რამდენიმე ფურცელი დამწვარა.

სვანები დღესაც ამბობენ – ერთი სვანიც რომ დარჩეს, მაშინაც კი ვერავინ შეძლებს ამ საგანძურის სვანეთიდან წაღებასო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0