close
კვლევებიფსიქოლოგია

ქალის ცრემლები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კაცებში აგრესიას თრგუნავს — კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ქალის ცრემლები ნივთიერებას შეიცავს, რომელიც კაცებში აგრესიას თრგუნავს. ისრაელში მოღვაწე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცრემლების დაყნოსვა აგრესიასთან დაკავშირებულ ტვინის აქტივობას ამცირებს, რის შედეგადაც აგრესიული ქცევა ნაკლებად ვლინდება.

ცნობილია, რომ მამრ მღრღნელებში აგრესია მცირდება, როდესაც მათ მდედრების ცრემლის სუნი სცემთ. ეს სოციალური ინტერაქციისას ქიმიური სიგნალებით კომუნიკაციის, “სოციალური ქემოსიგნალირების”, ერთ-ერთი მაგალითია. ცხოველებს ეს ხშირად ახასიათებთ, თუმცა ფენომენი ადამიანებში ნაკლებადაა შესწავლილი.

იმის გასაგებად, აქვს თუ არა ცრემლებს ადამიანებზეც იგივე გავლენა, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ კაცებს ქალების ე.წ. ემოციური ცრემლები (ცრემლები, რომლებსაც ემოციები აჩენს და არა რაიმე ფიზიკური პროცესი) ან მარილის წყალხსნარი დააყნოსვინეს, როცა მონაწილეები სპეციალურ თამაშს თამაშობდნენ.

ცნობილია, რომ მამრობითი სქესის მღრღნელებში აგრესია ითრგუნება, როდესაც მათ მდედრების ცრემლის სუნი სცემთ.

მკვლევრებმა თამაში ისე მოაწყვეს, რომ კაცებს ეფიქრათ, სხვა მოთამაშეებმა თამაშის წესები დაარღვიეს. ეს გაღიზიანებისა და აგრესიული ქცევის გამოწვევას ემსახურებოდა. როდესაც შანსი მიეცემოდათ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს შეეძლოთ, სხვა მოთამაშეზე შური ეძიათ და მათთვის ფინანსური ზიანი მიეყენებინათ.

კაცებმა არ იცოდნენ, რას ყნოსავდნენ და არც ორი სითხის ერთმანეთისგან გარჩევა შეეძლოთ — ცრემლებიც და მარილის წყალხსნარიც უფერო და უსუნო სითხეებია.

შურისძიებისკენ მიმართული აგრესიული ქცევა თამაშისას 40%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც კაცებმა ქალების ემოციურ ცრემლებს დაყნოსეს.

MRI სკანერში გამეორების შემდეგ ფუნქციურმა ასახვამ შემდეგი რამ გამოავლინა: ტვინში აგრესიასთან დაკავშირებული ორი რეგიონი მეტად აქტიური ხდებოდა, როდესაც თამაშის დროს კაცებს აღიზიანებდნენ; მეორე მხრივ, იმავე სიტუაციებში აქტივობა შედარებით სუსტი იყო, როდესაც კაცები ცრემლებს ყნოსავდნენ.

ამასთანავე, რაც დიდი იყო სხვაობა ამ აქტივობაში, მით უფრო იშვიათად ავლენდა მოთამაშე შურისმაძიებლურ ქცევას.

კვლევით ცრემლებს, ტვინის აქტივობასა და აგრესიულ ქცევას შორის კავშირი გამოვლინდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “სოციალური ქემოსიგნალირება” ნამდვილადაა ადამიანთა აგრესიის ერთ-ერთი ფაქტორი და ეს მხოლოდ ცხოველებს სულაც არ ახასიათებთ.

“აღმოვაჩინეთ, რომ, ზუსტად ისე, როგორც თაგვებში ხდება, ადამიანის ცრემლებიც შეიცავს ქიმიურ სიგნალს, რომელიც იმავე სახეობის მამრებში აგრესიას თრგუნავს. ეს იმ შეხედულებას უპირისპირდება, რომ ემოციური ცრემლები მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ”, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ნაშრომი ჟურნალში PLOS Biology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0