close
საქართველო

ქართველების თვალით დანახული ანტარქტიდის კონტინენტი

ანტარქტიდაზე ჩასული ქართველების სახელები ნამდვილად თითზეა ჩამოსათვლელი. კონტინენტზე ძირითადად ხვდებიან მკვლევრები, ან ტურისტები, რომლებმაც ამ მოგზაურობაში ათიათასობით დოლარი გადაიხადეს. საბჭოთა კავშირის დროსაც მხოლოდ გარსევან კურდღელაიძე და ლაშარ ფულარიანი მოხვდნენ საქართველოდან. მათგან პირველი ქართველი მკვლევარი გახლავთ გარსევან კურდღელაიძე. ის კონტინენტზე 1957 წელს ჩავიდა და იქ სამი წელი გაატარა. სახლში დაბრუნების შემდეგ კი დაწერა წიგნი “ანტარქტიდის დღიური“.
ინჟინერ-აეროლოგი ლაშარ ფულარიანი ანტარქტიდაზე 1974 წელს მოხვდა ექსპედიციის წევრებთან ერთად. მანაც მოგონებები ერთ წიგნად აქცია და დაწერა „ანტარქტიდა – სამხრეთის იდუმალი მიწა“. “მარტის თვეში, იქაური შემოდგომის დასაწყისში, მზიან უქარო ამინდში ტემპერატურა მინუს 50 გრადუსს აღწევს, მაგრამ მზის რადიაცია იმდენად ძლიერია, მისი არეკვლა ყინულოვანი ზედაპირიდან იმდენად დიდი, ხოლო ჰაერი იმდენად გამჭვირვალე, რომ წყლის დასამზადებლად თოვლის ხერხვის დროს ტანთ გავიხადეთ. აღსანიშნავია, რომ ასეთ პირობებში შავი საგნები(მათ შორის კლდოვანი მასივები) +40 გრადუსამდეც კი ხურდება”.
ანტარქტიდის კონტინენტზე ორჯერ არის ნამყოფია მსოფლიო სპორტსმენი და მოგზაური ჯუმბერ ლეჟავაც. “ბატონ ჯუმბერს კარგად ვიცნობდი. თავად მომიყვა, რომ ბუენოს-აირესის აეროპორტში აზიდვები გააკეთა, ამ სანახაობაში აღებული ჰონორარით კი ანტარქტიდაზე გადაფრინდა, სადაც 200 მეტრი გაიარა სამთო ველოსიპედით”, – ჰყვება გიორგი დვალიშვილი.
მთამსვლელი და სამთო ინსტრუქტორი ბენო ქაშაკაშვილი კი ანტარქტიდაზე მწერვალ ვინსონის დასაპყრობად მოხვდა. 2002 წლის დეკემბერში, როდესაც ანტარქტიდაზე ზაფხულია, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ზამთარი, სამი ალპინისტი ჯერ ჩილეში ჩაფრინდა, იქიდან კი ანტარქტიდისკენ აიღეს გეზი. „აქ ყველაფერი სხვანაირია – თოვლიც, ყინვაც… სხვა პლანეტაა.“ – წერს ბენო.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0