– ლაშა გავიგეთ თქვენი წარმატებების შესახებ საფრანგეთში, რაგბის სფეროში. თუ შეიძლება გვესაუბრეთ რა წარმატებაზეა საუბარი და როგორ მოხვდით ტოპ ფრანგულ გუნდში?
პირველ რიგში, მადლობა ჩემი კარიერით დაინტერესებისთვის. წარმატებას რაც შეეხება საუბარია იმაზე, რომ Pro D2 ის გუნდიდან გადავედი ელიტარულ, ტოპ 14 ლიგაში, 2022 წლის საფრანგეთის ჩემპიონ გუნდ, მონპელიეში. აქ მოხვედრა კი ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. 6 წლის განმავლობაში ვირიცხებოდი Mont demarsan-ში. 18 წლამდე ვიყავი თბილისის კლუბ „არმია“-ს მოთამაშე, რის შემდეგაც 18 წლის ასაკში მომიწვიეს მონტ დე მარსანში. აქედან იწყება ჩემი ფრანგული კარიერა. არც მონტ დე მარსანში იყო თავის დამკვიდრება მარტივი, 3 წლის განმავლობაში ვირიცხებოდი მათ ესპუარებში, რის შემდეგადაც ადგილი დავიმკვიდრე თავი მონტ დე მარსანის მთავარ გუნდში. სანამ გადავიდოდი მონპელიეში, უმონტ დე მარსანითაც ახლოს ვიყავით ტოპ 14 ში ასვლასთან. 2022 წლის სეზონში, სამწუხაროდ დავმარცხდით Pro D2 ის ფინალში, ვერ შევძელით ჩემპიონობის მოპოვება, რაც ავტომატურად ნიშნავდა ელიტარულ, ტოპ 14 ში თამაშს. ჩემი ბავშვობის მიზანი იმდენად ახლოს იყო, რომ ეს გახდა ის გარდამტეხი მომენტი და მივხვდი, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ერთადერთი რაც დამრჩენოდა იყო გამეგრძელებინა იმ მონდომებით წინსვლა როგორც აქამდე. მივდიოდი წინ მონდომებით და შედეგმაც არ დააყოვნა. ნოემბერში დამიკავშირდნენ და მოწვევა მომივიდა ტოპ 14 ის 5 გუნდიდან! რომელთაგანაც, ერთ-ერთი იყო ჩემი ბავშვობის ოცნების გუნდი, მონპელიე, შესაბამისად მე ის ავირჩიო.
– თქვენს შესახებ გვიამბეთ, როგორ მოხვდით საფრანგეთში?
საფრანგეთამდე დიდი გზა გავიარე. ბავშვობიდანვე მიზიდავდა სპორტი და მცირე ასაკიდან მინდოდა რომელიმე სახეობით დავკავებულიყავი. ამან გამოიწვია, რომ რაგბის დიდ ოჯახში 9 წლის ასაკში მოვხვდი. მინდა მომენტით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ მწვრთნელს, მოთამაშეს, სტაფის წევრს თუ ნებისმიერ პიროვნებას, ვინც ჩემს პროფესიონალურ განვითარებაში წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული სიყვარულით კი მინდა გამოვყო უჩა ნარიმანიძე, რომელმაც ჩემში განსაკუთრებული გარდატეხა მოახდინა და მაჩვენა, რომ რაგბი ბევრად უფრო მეტია ვიდრე სპორტი.
რაც შეეხება საფრანგეთს, ჩემი აქ მოხვედრა ზუსტად ამ ადამიანების დამსახურებაა.
– როგორი იყო თქვენი წარმატების გზა ფრანგულ რეალობაში? ახლა როგორ გრძნობთ თავს?
ვინაიდან ასეთ მაღალ დონეზე, ელიტარულ ეტაპთან შეხება პირველად მაქვს, შემდეგი სეზონისთვის ვემზადები მთელი მონდომებით, გაორმაგებული ძალებით და შემართებით! მე აქ მოსვლით ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩემამდე ამ კლუბში არაერთ ქართველს უთამაშია, მაგალითად ისეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავს როგორიც მამუკა გორგოძეა. მათ პროფესიონალიზმის თამასა იმ დონეზე აწიეს, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი საქმე ამის გამეორება. თუმცა ჩემი შემართებით დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მიერ აწეული თამასა არ დავწიო.
ფრანგული ტოპ 14 ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატად. შესაბამისად, რთულია იგი შევადაროთ დიდ 10 ს. თუმცა ქართული ჩემპიონატის დონე წლების განმავლობაში ნამდვილად პროგრესირებს, რაც ძალიან გასახარია. ვაკვირდები და ვხედავ, რომ ბევრი რამე კეთდება. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და ყველაფერი კარგად მიდის ჯერჯერობით.
რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, ქართულ ჩემპიონატში, 17 წლიდან ვირიცხებოდი უმაღლესის კლუბ, არმიაში. თუმცა, დიდი დროის გატარება არ მომიწია დიდ 10 ში. ვინაიდან, რამდენიმე თვეში, მომივიდა მოწვევა ფრანგული კლუბ, მონტ დე მარსანიდან.
– საქართველოში რაგბი საკმაოდ პოპულარულია და კარგი შედეგებიც გვაქვს. როგორ შეაფასებდით საფრანგეთიდან ქართული რაგბის მიღწევებს და გაქვთ თუ არა რამე გამოკვეთილი შეხედულებები და პოზიციები ამ მხრივ?
რა თქმა უნდა, ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარი ვარ და მისი წარმატება ყოველთვის გამხარებია იქნება ეს ეროვნული ნაკრების გამარჯვებები, ფრანჩაიზი შავი ლომის წინსვლა თუ ნებისმიერი სხვა სახის წარმატება.
-თქვენი წარმატების მიუხედავად ჯერ-ჯერობით ვერ გიხილეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
დიახ, ჯერ ჩემსა და ეროვნულ ნაკრებს შორის არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომეცემა შანსი ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მოვირგო ქართული კვართი. ჩემი პროფესიული კარიერის დაწყების პირველი დღიდან ეს არის ჩემი მთავარი მიზანი თუ ოცნება.
-როგორც ვიცით, ეროვნული ნაკრების უ20-ზე, ვერ გამოხვედით. რამ გამოიწვია აღნიშნული ?
ჩემდა სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ შევძელი 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის თამაში. ეს იყო დიდი იმედგაცრუება და დიდი უიღბლობა. თუმცა, ამან მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერა, რომ დავიმკვიდრო მომავალში ჩემი თავი ეროვნულში.
-რას ურჩევდით ბავშვებს?
რაგბი კომპლექსური თამაშია. შესაბამისად, მას სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. სამწუხაროდ მონდომება ყოველთვის არ არის საკმარისი, თუმცა მონდომების გარეშე მაინც არაფერი გამოვა. ახალგაზრდა მორაგბეებმა ყოველთვის გააზრებულად უნდა გადადგან ნაბიჯები თავისი სპორტული განვითარების მიმართულებით. იქნება ეს ყოველდღიური ვარჯიშები თუ გრძელვადიანი გეგმები. ისინი უნდა შეეცადონ, რომ რაც შეიძლება მალე მიხვდნენ თუ რას, რატომ აკეთებენ და ამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
ახალგაზრდებმა ყოველთვის უნდა იმუშაონ თავის ძლიერ მხარეზე, ანალიზი გაუკეთონ თუ რაში არიან ძლიერები და ეს გამოიყენონ როგორც თავისი კოზირი.
ამასთან ერთად, უნდა გაიაზრონ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებენ, დამარცხებაც გარდაუვალია ხანდახან, თუმცა მათ უნდა შეძლონ რომ ეს დამარცხებები გამოიყენონ დამატებითი მოტივაციის წყაროდ.
– ამ დიდი წარმატების შემდგომ რა არის თქვენი მომავალი გეგმები და მიზნები, რომლებისთვისაც იბრძვით და ცდილობთ, რომ მიაღწიოთ?
ამ ეტაპზე ჩემი მთავარი სპორტული მიზანი არის რომ დავიმკვიდრო ჩემი ადგილი მონპელიეში და გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები სრულად.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”