ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა უკვე მესამედ მოიპოვეს გამარჯვება, თუმცა ამჯერად გოგონათა შორის. ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა ერგო კომაროველ ქეთა ციმაკურიძეს, იგი ევროპის ჩემპიონი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქეთა წლევანდელი მსოფლიო ინფორმატიკის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანიცაა. იგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლდათ და პირველი ქართველი გოგონაა, რომელმაც საერთაშორისო ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აიღო გუნდის ერთ-ერთმა წევრმა თეო კაკაბაძემ. ასევე ღირსეულად და თავდაუზოგავად იბრძოლეს გუნდის პატარა წევრებმა, ნინო ჩხაიძემ და გვანცა ხვედელიძემ. გოგონებს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდათ უდიდესი კონკურენციის პირობებში. ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადა არ არის მხოლოდ ევროპის მასშტაბის, მასში მონაწილეობს 45-მდე ქვეყნის გუნდი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკის, იაპონიისა და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი გუნდის არცერთი წევრი სკოლას წელს არ ასრულებს და მომავალ წელს ყველა მათგანს ექნება საერთაშორისო დონის ოლიმპიადაზე მონაწილეობისა და უდიდესი გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა.
ქართველი მოსწავლეების მიერ მოპოვებული მესამე გამარჯვება ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
გაზიარება: