1921 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე ბათუმის ნავსადგურიდან გემს კონსტანტინეპოლისკენ 19-20 წლის ჯარისკაცი გაჰყვა. კონსტანტინეპოლიდან ცხოვრების ამოუცნობმა გზებმა საბოლოოდ ის შორეული ამერიკისკენ წაიყვანა, საოცნებო ქვეყანაში, სადაც მისი ცხოვრება სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებულ დიდ ზღაპრად იქცა.
ჯარისკაცს ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი ერქვა და მოგვიანებით , საქართველოსა და ემიგრაციის თემაზე დაწერილი მისი ინგლისურენოვანი წიგნი „Anything Can Happen“, ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ 40-იანი წლების ამერიკაში ბესტსელერი გახდება, თვალის დახამხამებაში გაქრება დახლებიდან წიგნის მილიონნახევრიანი ტირაჟი, ითარგმნება მსოფლიოს 15 ენაზე და ჯეკ ლონდონთან, იუჯინ ო’ნილთან, ფოლკნერთან, ჰემინგუეისთან და სხვა მწერლებთან ერთად ჯორჯ პაპაშვილს ამერიკის 50 რჩეულ ი ლიტერატურის სიაში შეიყვანენ – ეს 1950 წელს მოხდება.
წიგნის მიხედვით ჯორჯ სიტონის მიერ 1952 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების Paramount pictures-ის საათნახევრიანი ფილმი „Anything Can Happen“ ოქროს გლობუსს აიღებს.
სახალისო ნაწყვეტი ჯორჯ პაპაშვილის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან ,,Anything Can Happen“ ფილმის გმირს თან ხინკლის ცომი მიაქვს, ცომი სიცხეში ფუვდება და ტრანსპორტში დიდ გაუგებრობას ქმნის.
წიგნი პაპაშვილის მშობლიურ კობიანთკარზე, ქართულ რეალიიებზე, მის ახლობლებზე, ემიგრაციაზე, ამერიკაში ემიგრანტთა თვითდამკვიდრების რეალობაზე მოგვითხრობს -მსუბუქად და სახალისოდ.
ჯორჯ პაპაშვილზე აქამდე საქართველოში ძალიან მწირი ცნობები არსებობდა, მისი ნაწერები არც კი განიხილებოდა ემიგრანტულ ლიტერატურად, ყველა ამერიკულ გამოცემაში წერია, რომ ის არის ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე ფრჩხილებში კი მითითებულია: ქართული წარმომავლობის
,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ქართულად 60-იან წლებში თარგმნა ანდუყაფარ ჭეიშვილმა, მაგრამ მცირეტირაჟიანი თარგმანი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი“ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, რუსუდან ნიშნიანიძის პირველი, ორტომიანი მნიშვნელოვანი კვლევაა პაპაშვილზე. ვრცელი ნაშრომი ავტორმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პენსილვანიაში, ლიჰაის უნივერსიტეტში (სადაც ეს უნიკალური არქივია დაცული) ჯორჯ და ჰელენ უეიტ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გაეცნო საფუძვლიანად. რუსუდან ნიშნიანიძე აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილის მემკვიდრეობაზე გვესაუბრება:
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“
რამდენიმე წლის წინ პარიზ_ლევილის და ჰარვარდის არქივებზე ვმუშაობდი, რაც ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იყო. სხვადასხვა არქივში არაერთხელ შემხვდა ჯორჯ პაპაშვილის სახელი საინტერესო კონტექსტში, რაც მიმანიშნებდა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ქართველი. დავიწყე მასზე ცნობების შეგროვება, დავუკავშირდი ამერიკაში სხვადასხვა საარქივო დააწესებულებას, რაკიღა კონკრეტული მინიშნება ცნობილი არ იყო პენსილვანიიდან მომწერეს, რომ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გამიხსნიდნენ თუ ადგილზე ჩავიდოდი საკვლევად, ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი და სამეცნიერო მივლინებით გავემგზავრე შტატებში. იმავე, 2012 წელს ვაშინგტონში, კონგრესის სადემონსტრაციო დარბაზში გამოიფინა ჩემი ორტომეული: ,,საქართველო სამანს აქეთ… და სამანს იქით…“ ეს წიგნები ძირითადად ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრაციის ტექსტების კვლევა გახლდათ.
ევროპაში ემიგრირებული ქალთველი ავტორები ძირითადად მაინც ქართველი მკითხველებისთვის წერდნენ. პაპაშვილის ტექსტები კი ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი. თავად ყვებოდა და ჰელენი ამ თავგადასავლებს იწერდა.
საქართველოდან წასულ ახალგაზრდა პაპაშვილს აქ არავინ იცნობდა. მოგონებებში წერს, რომ ამერიკაში ჩასული ,, მუნჯურად ელაპარაკებოდა ამერიკას“, რადგან ინგლისური არ იცოდა.
,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ წიგნად 1944 წელს გამოიცა პირველად შტატებში, მანამდე ცალკეულ თავებად იბეჭდებოდა ,,ქომონ გრაუნდში“, შემდეგ წიგნი სამჯერ ზედიზედ გამოსცეს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში. 1945 წელს ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ბესტსელერად აღიარეს. არქივში დაახლოებით 600-ზე მეტი რეცენზია და ლიტერატურული წერილი ვნახე, რაც ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გამოხმაურებაა. ორტომეულში ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოდგენილი მათი თარგმანების, თუმცა რასაკვირველია, ყველა არა. ეს იმის ჩვენება გახლდათ, ვინ დაკარგა საქართველომ. არაერთი ნიჭიერი ქართველი გახდა იძულებული, იმ წლებში დაეტოვებინა ქვეყანა.
ჯორჯის მეუღლე, ჰელენი ძალიან განათლებული ქალი გახლდათ. ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა და თავადაც რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. სწორედ ის იწერდა ჯორჯის მიერ ინგლისურად მონათხრობ ქართულ-ამერიკულ ამბებს. საბჭოთა პრესაში წაიკითხავთ, რომ ეს არ იყო პაპაშვილის მონათხრობი და თითქოს წიგნი ჰელენმა დაწერა, მაგრამ შეუძლებელია ამერიკელ ქალს სცოდნოდა კობიანთკარზე, ხევსურეთზე, ქართველებზე ზოგადად, ხინკალზე,ნიორწყალსა და ხუთკუნჭულააზე. ყველაფერი კი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არც ამდენი!
ავტორი იხსენებს საქართველოს, მის წეს-ჩვეულებებს, წერს ყველაფერზე – რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს ამერიკაში. აქ შეხვდებით ისტორიებს, თუ როგორ იქცევიან ამერიკაში ჩასული ემიგრანტები და როგორ იქცევა თავად გიორგი _ ნაწარმოებში ჯორჯი, მთავარი გმირი, რომელიც რუს ემიგრანტებთან ერთად ცხოვრობს.
ვნახე მიუნხენში გამოცემული რუსულად თარგმნილი ეს ტექსტი. საბჭოთა ეპოქაში მთარგმნელს 20 თავისგან შემდგარი წიგნიდან 9 ამოუღია, სადაც ავტორი რუსი ემიგრანტების ამერიკაში ცხოვრებას აღწერს. გამოცემას რედაქტორისა და მთარგმნელის სახელიც კი არ აქვს მითითებული. დაკარგულია იუმორი, ტექსტის მთავარი ღირსება და სათქმელი.
ეს საბჭოთა უშიშროების ,,ოსტატური“ ხერხი გახლდათ – თარგმნეს წიგნი, მაგრამ ისე, რომ არავის მოსწონებოდა და არც ავტორისადმი ინტერესი გაჩენილიყო.
,,ოქროს გლობუსი“ ფილმმა მიიღო, ნომინაციაში: ,,ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას“. რეჟისორი გახლდათ ცნობილი ჯორჯ სიტონი, რომლის ფილმებიც არაერთხელ იყო წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე. ამ შემთხვევაშიც მის მიერ მოწვეული საუკეთესო გუნდი მუშაობდა.
,,ჯორჯ პაპაშვილმა დაგვიტოვა რაღაც, რაც ყველაფერზე მეტია – მან გვაზიარა მეგობრობის, თანაგრძნობის, ერთიანობისა და ახლობლის სიყვარულს ჭეშმარიტ მნიშვნელობას“ – ეს ფილმის რეჟისორის, სიტონის სიტყვებია, რომელიც მან ჯორჯის დაკრძალვისას წარმოთქვა.
ჯორჯ პაპაშვილი – მოქანდაკე
გარდა იმისა, რომ რამდენიმე წიგნის ავტორი გახლდათ,, ჯორჯ პაპაშვილი უპირველესად იყო მოქანდაკე. მისი ნამუშევრები გამოფენილიი იყო პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ფილადელფიის ხელოვნების უნივერსიტეტში და ა.შ.
არტურ სტენიუსმა, რომელსაც აშშ-ში დოკუმენტური ფილმების დიდი კორპორაცია ჰქონდა პაპაშვილზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო სახელწოდებით „მშვენიერება ქვაში“.
პენსილვანიის შტატში მისი მამული უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს სანადირო ადგილებით, ტყეებითა და წყაროებით. უკან გრანიტის მთებია, საიდანაც ამწეებით მოჰქონდა სახლამდე მასალა მოქანდაკეს და შინ მოწყობილ სახელოსნოში აქანდაკებდა.
სტენიუსის დოკუმენტური ფილმი ჯორჯ პაპაშვილზე დეტროიტში უეინის უნივერსიტეტში ინახება.
ჯორჯ და ჰელენ უეიტ პაპაშვილებს ეკუთვნით ასევე ტექსტები “ჰო და არა” ზღაპრები, “შინისაკენ, კვლავ შინისაკენ”, “რუსული (მსოფლიო) კულინარია”, “მადლობა ნოეს” და ,,ძაღლები და ადამიანები“
,,მადლობა ნოეს“ ცხოველებზე დაწერილი თავგადასავლებია ბავშვებისთვის. ტექსტი ქართულად ისევე, როგორც ,,ყველაფერი…“ ბატონმა ანდუყაფარ ჭეიშვილმა თარგმნა სახელწოდებით ,,დღესაც მელოდება“ – ასე ქვია პირველ თავს წიგნში.
მქონდა სურვილი, რომ ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში თუნდაც რამდენიმე თავი შეგვეტანა ამ ტექსტიდან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი , როცა არქივში ვნახე , რომ ამერიკის საშუალო 250 სკოლაში ეს წიგნი, როგორც სავალდებულო, ისე გახლდათ შეტანილი. ჩემი და ამერიკის განათლების სისტემის აზრი ერთმანეთს დაემთხვა
წიგნს ,,შინისკენ, კვლავ შინისაკენ“ ჯორჯ პაპაშვილიისა და ჰელენის ბოლო წიგნია. მისი ტირაჟი 73 ათასი იყო და ფიქრობდნენ, რომ პირველი წიგნივით ბესტსელერი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
პაპაშვილი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა: ,,მე ვერ დავრჩები, ჩემი ,,შინ“ ,ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება უკვე შეერთებულ შტატებშია“ – ეს სიტყვები ბოლო წიგნში გაიხსენა 10 წელი რომ წერდა.
ქართველებისთვის აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში და პენსილვანიაში, საკუთარ მამულშია დაკრძალული მეუღლესთან ერთად.
წყარო : batumelebi.netgazeti.ge
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“