close
ემიგრანტი

ქართველი, რომელმაც აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის კომპანია დააარსა – არჩილ ჭეიშვილი

გარკვეულ ასაკსა და მოცემულობებში, ჩვენ გვაქვს ამბიციები, გეგმები და, შეიძლება ითქვას, ოცნებები – როგორ გვესახება ჩვენი მომავალი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად კარგად ვიგრძნოთ თავი ჩვენ მიერ შექმნილ სამყაროში. თუმცა, ყველა ადამიანს არ შეუძლია, გააკეთოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ხორცი შეასხას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დასახულ მიზნებს.

არჩილ ჭეიშვილი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის – GenesisAl-ის დამფუძნებელია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და აქვს წარსული, რომელმაც ბიძგი მისცა, ცდა არ დაეკლო, რათა მიზნისთვის მიეღწია. სწორედ საკუთარ ისტორიაზე, განვლის გზასა და მიზნებზე – ის „დოქტრინას“ ესაუბრა.


რა იყო ის მიზეზი, რის გამოც აშშ-ში წასვლა გადაწყვიტეთ?

მე ვსწავლობდი საქართველოში და ყოველთვის მქონდა იმის დიდი ამბიცია, რომ რა პრობლემებიც ჩემ გარშემო იყო, შემეცვალა. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მათ შესაცვლელად ერთერთი ყველაზე რეალური გზაა – მივიღოთ კარგი განათლება. შემდგომ წავედი ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ვიყავი პირველი ქართველი ბიჭი ბაკალავრიატზე. ვსწავლობდი ეკონომიკის მიმართულებით.

რატომ შეარჩიეთ ამისთვის კონკრეტულად აშშ?

ერთერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მე ახლაც ვარ აშშ-ში, არის, რომ ამერიკა ჯერჯერობით გახლავთ ყველაზე კარგი ადგილი, რათა მსოფლიოში, ასევე, საქართველოში მოვახდინოთ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. მას აქვს ყველაზე დიდი ფინანსური და აკადემიური კაპიტალი, რათა ეს ყველაფერი შევძლოთ.

ხელოვნური ინტელექტის კომპანია დააარსეთ – ამ მხრივ, კონკრეტულად, რას საქმიანობთ?

ძალიან დავინტერესდი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. დავაარსე ჩემი პირველი, ხელოვნური ინტელექტის კომპანია, რომლის მიზანიც არის, რომ შექმნას პლატფორმა, რომელიც თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას, გაიგონ – რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენ შევქმენით ვებსაიტი, რომელიც კომპანიებში თანამშრომლებს აძლევდა საშუალებას – ერთმანეთისთვის მიეცათ უკუკავშირი და შემდგომ ვიყენებდით ხელოვნურ ინტელექტს, რათა ანალიზი გაგვეკეთებინა ამ ინფორმაციებისთვის. გავიაზრეთ, რა არის ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა ხელოვნური ინტელექტის სივრცეში – არსებობს ხელოვნური ინტელექტის ბევრი სხვადასხვა მოდელი, მაგრამ ისინი არ უკავშირდება ერთმანეთს – არ ცვლიან ინფორმაციებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კომპანია, რომელიც გადაჭრიდა ამ პრობლემას – ხელოვნური ინტელექტის სავაჭრო პლატფორმის შექმნით. ჩვენი ვებსაიტი აკავშირებს კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებათ ხელოვნური ინტელექტი იმ კომპანიებთან, რომლებთაც ის უკვე აქვს და აინტერესებთ, რომ გაუკეთონ მონეტიზირება.
ამ ეტაპზე, დაახლოებით, 6 000 000 დოლარი გვაქვს მოზიდული კომპანიაში. ჩვენი ყოფილი გუნდის წევრები მუშაობდნენ და ახლა მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორიც გახლავთ „გუგლი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“ და ა.შ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანი არის, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ჰაბი გავხდეთ.

რას ურჩევთ მას, ვისაც აქვს სურვილი, სამშობლოს ფარგლებს გარეთ სცადოს გეგმების განხორციელება?

ჩემი რჩევა იქნება, რომ, უპირველესად, ადამიანმა დაგეგმოს ზუსტად, როგორ აპირებს ჩასვლას აშშ-ში. სამი-ოთხი წელი მაინც არის საჭირო ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად. აქ წამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება არის ან უნივერსიტეტი ან პირდაპირ – სამსახურის მოძიება. მას შემდეგ, რაც პიროვნება ჩამოყალიბდება – რა სფეროში სურს მოღვაწეობა, შემდგომ უკვე ინტერნეტში ყველა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი. მე მოხარული ვიქნები, მსურველებს მივცე რჩევები და მეტი მოვუყვე ჩემი გამოცდილების შესახებ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0