close
ემიგრანტიკულტურასაქართველო

„ყოველთვის ვუკრავ საქართველოსთვის“ – გიორგი მიქაძე, აშშ-ში მცხოვრები კომპოზიტორი

სხვადასხვა მიზნით მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანი სამშობლოს ტოვებს – ის ან სრულად ამბობს უარს მასთან კონტაქტზე ან პირიქით – უცხო ქვეყანაში აქტიურად არის საკუთარი მშობლიური მიწის წარმომადგენელი. გიორგი მიქაძე ქართველი კომპოზიტორია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც ქართულ მუსიკალურ კულტურას მეტად ცნობადს ხდის. მან გადაწყვეტილება კარიერული წინსვლისთვის მიიღო, თუმცა, სამშობლოსთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს, საქართველოში ხშირად ჩამოდის და ქართულ მუსიკალურ პროექტებს უდგას სათავეში. გიორგი „დოქტრინას“ საკუთარ მუსიკალურ ისტორიასა და მიმდინარე აქტივობებზე ესაუბრა.

როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური ისტორია?

დაბადებიდანვე იყო გადაწყვეტილი, რომ მე ვიქნებოდი მუსიკოსი. ადრევე გამოვამჟღვანე  შესაბამისი  თვისებები. დედაჩემი მომღერალია და, შესაბამისად, თვითონაც მიხვდა, რომ მქონდა მუსიკისადმი მიდრეკილება – ვიყავი, დაახლოებით, წლინახევრის. გავიარე სწავლის მთელი გზა – დავიწყე მუსიკალური ათწლედით, რომელიც თითქმის ყველა ქართველმა მუსიკოსმა დაამთავრა, შემდეგ იყო კონსერვატორია და ამის შემდგომ წავედი ამერიკაში. ვარ მუსიკოსი, კომპოზიტორი, არანჟირებების ავტორი და ქართული მუსიკალური პროექტების ავტორი.

აშშ-ში იმყოფებით – რა მიზნით მიიღეთ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება?

ქვეყანა დავტოვე, რათა განათლება მიმეღო ისეთი მიმართულებით, რასაც საქართველოში ვერ შევძლებდი, მიუხედავად იმისა, რომ მე მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები. განსაკუთრებით, უნდა ვახსენო რევაზ თავაძე, რომელმაც უამრავი ქართველი მუსიკოსი აღზარდა. თუმცა, როდესაც მე ვმუშაობდი რუსთაველის თეატრში (გია ყანჩელმა პირადად წამიყვანა თეატრში სამუშაოდ), მაშინ  მივხვდი, რომ მჭირდებოდა მუსიკალურად რაიმე ახლის პოვნა, რადგან ვერ ვჯდებოდი კლასიკური მუსიკის ჩარჩოებში – ყოველთვის ვუკრავდი და ვწერდი სხვადასხვა ტიპის მუსიკას. ამიტომ, წასვლა იმ ადგილას გადავწყვიტე, სადაც ყველაზე მეტი ცნობილი კურსდამთავრებულია – ეს გახლავთ Berklee College of Music. აქ მქონდა სწავლის სრული დაფინანსება და ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი პერიოდი. მსურდა, გამეგო სხვადასხვა მუსიკალური სტილის შესახებ. ამ ყველაფერმა მომცა საშუალება, განმეხორციელებინა ჩემი ოცნების პროექტები და ისინი იყო დაკავშაირებული საქართველოსთან, ქართულ მუსიკალურ კულტურასთან, შედევრებთან. სწორედ ამ იდეებით შევქმენი პროექტი – VOISA.

თუ გეგმავთ სამშობლოში დაბრუნებასა და მოღვაწეობის აქ გაგრძელებას?

მე საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და მაქვს მასთან ურთიერთობა. არ აქვს მნიშვნელობა,  რომელ ქვეყანაში დავუკრავ, ყოველთვის ვუკრავ საქართველოსთვის. მე ვმოღვაწეობ მსოფლიოში და არა უბრალოდ ერთ ქვეყანაში. ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია კონცერტებთან, პროექტებთან, კორპორაციებთან, მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკოსთან…
რა არის საჭირო, რომ ადამიანმა უცხო

ქვეყანაში თავი დაიმკვიდროს და მიაღწიოს პროფესიულ წარმატებებს?

როცა სივრცე დიდია, იქ ძალიან რთულია წარმატების მიღწევა. თუმცა, შრომის, თავდადების, სწორად დაგეგმვის მეშვეობით, ადამიანი აუცილებლად შეძლებს წარმატების მიღწევას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რა პროფესიასაც წარმოვადგენთ, სწორედ იქ უნდა ვიყოთ ძალიან წარმატებულები და იმაზე წინ, ვიდრე არის სხვა. შევხვედრილვარ ქართველებს სხვა ქვეყნებში, რომლებმაც სწორედ დიდი შრომის ფასად მიაღწიეს წარმატებას. ძალიან ბევრი პროფესიონალია მსოფლიოში და შრომის, ნიჭის წყალობით ახერხებენ ისინი წინსვლას. კარგია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა და გამოცდილების მიღება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0