50 დღის თავზე შეიძლება ითქვას, რომ დაასრულა მედიაციის მისია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. მან 19 აპრილს მხარეებს დოკუმენტი შესთავაზა – ,,სამომავლო გზა საქართველოსთვის”.
19 აპრილს ქართულმა ოცნებამ და ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ,,სამომავლო გზა საქართველოსთვის”. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. დოკუმენტზე ხელის მოწერა ავტომატურად ნიშნავს პარლამენტში შესვლას, რადგან დოკუმენტი ითვალისწინებს ამ პირობას. შარლ მიშელი ხელის მოწერის პროცესს დისტანციურად ადევნებდა თვალს და მოგვიანებით ტვიტერზე დაწერა – „საქართველოს გაუმარჯოს! თქვენ პირველ ადგილზე ხალხის ინტერესი დააყენეთ და დემოკრატიას გამარჯვების საშუალება მიეცით!”
20 აპრილს, მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა და მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას შეწყალებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხრიდან პირობების შესრულების შემთხვევაში აპირებს. ერთის მხრივ პარტიებს უნდა მოეწერათ ხელი საბოლოო შეთანხმებაზე და პარლამენტში უნდა შევიდნენ. სალომე ზურაბიშვილი კი განცხადებიდან 1 კვირის ვადაში ხელს მოაწერს შეწყალების აქტს.
უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო დოკუმენტს იდეალურად არცერთი პარტია აფასებს, მაგრამ აცხადებენ, რომ შარლ მიშელის შეთავაზებული ტექსტი ნამდვილად ,,კომპრომისულია” და კრიზისის მოგვარების ევროპული გზაა.
გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის საქართველოშია, რათა დამტკიცდეს, რომ ევროკავშირის ერთგულება ჩვენი ქვეყნის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა