close
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

შენობა-ნაგებობების სიმძიმის გამო ნიუ-იორკი იძირება — კვლევა

ახალი ნაშრომის თანახმად, შენობა-ნაგებობების გამო ნიუ-იორკის ქვეშ არსებული ხმელეთი იძირება. გამოცემაში Earth’s Future გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ქალაქის გეოლოგია და სატელიტური მონაცემები შეადარეს ერთმანეთს და აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ.

ტექნიკურად ამ მოვლენას ნიადაგის დაჯდომას უწოდებენ. ეს დედამიწის ზედაპირის თანდათანობით ან უცაბედ დაწევას გულისხმობს და რბილი დანალექი ქანების მოძრაობისა თუ სიმძიმის ზეწოლის შედეგად ხდება. ნიადაგის დაჯდომას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა თავად ქალაქების წონას იშვიათად იკვლევენ.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიუ-იორკი წელიწადში 1-2 მილიმეტრით ქვემოთ იწევს, ზოგიერთ ადგილას კი — უფრო მეტადაც. ქალაქისათვის, რომელსაც ზღვის დონის მატება და წყალდიდობები ისედაც უქმნიდა საფრთხეს, ეს დამატებითი პრობლემაა.

მკვლევრებმა ქალაქის ნაგებობების ჯამური მასა გამოთვალეს, რომელიც დაახლოებით 764 ათას ტონას უდრის. მათ გრავიტაციის გავლენაც გაითვალისწინეს და შეაფასეს, რა ძალით აწვება შენობები ხმელეთს. საგულისხმოა, რომ გამოთვლები მხოლოდ შენობებისა და მათი შიგთავსის მასებს მოიცავს და არა ქალაქის მოკირწყლული ნაწილის.

მეცნიერებმა ნიუ-იორკის კომპლექსური გეოლოგიაც გაითვალისწინეს, მათ შორის: ქვიშა, შლამი, თიხა და ქვენაფენი ქანების გაშიშვლებაც. დადგინდა, რომ თიხით მდიდარ და ხელოვნურად შევსებულ მიწას დაჯდომა განსაკუთრებით ემუქრება, ქვენაფენ ქანებს კი — შედარებით ნაკლებად.

ეს გამოთვლები მეცნიერებმა შემდგომში სატელიტურ მონაცემებს დაადარეს და ნიადაგის დაჯდომის ხარისხი შეაფასეს.

საბოლოო ჯამში, ავტორები გვაფრთხილებენ, რომ ურბანიზაციის გაძლიერებამ, შესაძლოა, ნიუ-იორკის ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფროს.

საგულისხმოა, რომ ნიუ-იორკი ერთადერთი ქალაქი არაა, რომელსაც ნიადაგის დაჯდომის პრობლემა აქვს. ჯაკარტა, ინდონეზიის დედაქალაქი, გრუნტის წყლის ამოღების გამო ყოველწლიურად 11 სანტიმეტრით ქვემოთ იწევს. შესაძლოა, 2050 წლისთვის ქალაქის მეოთხედი წყალქვეშ მოექცეს, რაც დაახლოებით 30 მილიონ მაცხოვრებელს დააზარალებს.

მსგავსი პრობლემა აქვს ნიუ-ჯერსისაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0