close
ბიზნესიეკონომიკა

შესაძლოა, სესხებზე პროცენტი შემცირდეს – მთავრობა

როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, ეროვნული ბანკი მუშაობს ისეთი ინსტრუმენტის შექმნაზე, რომლის შემდეგაც, შესაძლოა, ბაზარზე არსებულ სესხებზე პროცენტი შემცირდეს.

“ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა, შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა”, – ნათქვამია მთავრობის მიერ , 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მთავრობა იტყობინება, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმა-კვლევითმა ორგანიზაციებმა, საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატში, ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხები განიხილეს. ვიდეოკონფერენციას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

მთავრობის ცნობით, აღნიშნული პლატფორმა პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

განსახილველ თემებს შორის იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: პოსტკრიზისულ გეგმაში დამატებითი ღონისძიებები ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად; სამშენებლო- დეველოპერული სექტორისა და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკა და კერძო სექტორში კორპორაციული მმართველობის განვითარება, როგორც პოსტკრიზისული ინსტრუმენტი.

წყარო : netgazeti.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0