close
ტექნოლოგიები

შექმნეს ბირთვული ბატარეა, რომელმაც დამუხტვის გარეშე 50 წელი უნდა გაძლოს

Betavolt-მა, ჩინურმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, ბირთვული ბატარეა შექმნა, რომელიც მონეტაზე პატარა ზომისაა. მათი მტკიცებით, იგი დამუხტვის გარეშე დაახლოებით 50 წელი შეძლებს მუშაობას.

სტარტაპის განცხადებით, მათ უკვე ბატარეის გამოცდის ეტაპს მიაღწიეს და მალე მის მასობრივ წარმოებასაც დაიწყებენ. იგი არაერთ ინდუსტრიაში შეიძლება გამოვიყენოთ, საჰაერო-კოსმოსური მრეწველობა იქნება ეს, რობოტიკა თუ – სმარტფონების წარმოება.

„თუკი რეგულაციები დაუშვებს, ატომური ენერგიის ბატარეებმა შეიძლება საშუალება მოგვცეს, მობილური ტელეფონები არასდროს დავტენოთ, ხოლო უწყვეტად იფრინოს დრონებმა, რომლებსაც მხოლოდ 15 წუთით შეუძლია ფრენა”, – ირწმუნება Betavolt.

ცნობისთვის, მსგავსი პრინციპით მომუშავე ბატარეები, რომლებიც ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია, 20 წელი მაინც ძლებს. ამის გათვალისწინებით, სტარტაპის ამბიცია შეიძლება, არც ისე არარეალური იყოს.

Betavolt-ის ბატარეა სიგრძესა და სიგანეში 15 მილიმეტრია, ხოლო მისი სიმაღლე კი 5 მილიმეტრს შეადგენს. იგი ბირთვული იზოტოპებისა და ალმასის ნახევარგამტარების ძალიან თხელი შრეებისგან არის დამზადებული.

ეს ბეტავოლტური მოწყობილობაა, ანუ სამუშაოდ რადიოაქტიური იზოტოპებისაგან გამოყოფილ ენერგიას იყენებს. ამ შემთხვევაში ეს ნიკელის იზოტოპია. მასალის რადიოაქტიური დაშლის პარალელურად ბატარეა ელექტრონებს აგროვებს და ელექტროენერგიად გარდაქმნის. ბატარეა 100 მიკროვატ ენერგიასწარმოქმნის, მისი სიმძლავრე კი 3 ვოლტია.

Betavolt-ის მტკიცებით, ბატარეას -60°C-იდან 120°C-ამდე ტემპერატურის ფარგლებში შეუძლია მუშაობა. ამას გარდა, მას უცაბედი გავლენის შედეგად ცეცხლის მოკიდება ან აფეთქებაც არ ემუქრება, ვინაიდან შრეებისგან შედგება.

სტარტაპი აცხადებს, რომ რადიაცია ადამიანის ორგანიზმს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, ამიტომ მისი გამოყენება სამედიცინო მოწყობილობებშიც კი შეიძლება, თუნდაც ელექტროკარდიოსტიმულატორებში. ნიკელის იზოტოპი ბირთვული სტაბილურ სპილენძის იზოტოპად გარდაიქმნება, ამიტომ მისი გადამუშავება მარტივია.

Betavolt ტექნოლოგიის გაუმჯობესებას გეგმავს და 2025 წლისთვის ისეთი ბატარეის შექმნას აპირებს, რომელიც 1 ვატ ენერგიას გამოიმუშავებს. სამუშაო ჯერაც ბევრია, თუმცა გუნდი ამ მხრივ საკმაოდ თავდაჯერებულია. ამასობაში ისღა დაგვრჩენია, ტექნოლოგიის განვითარებას მივადევნოთ თვალი. ვინ იცის, იქნებ ბატარეებმა ერთ დროს მართლაც იცოცხლოს ჩვენზე დიდხანს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0