close
გამოგონება - ინოვაცია

შექმნეს სპეციალური ქუდი, რომლითაც ვიდეოთამაშის გონებით გაკონტროლებაა შესაძლებელი

ქალაქ ოსტინში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი, რომელიც თავზე მაგრდება და ვიდეოთამაშის გონებით გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა.

მეცნიერებს სურდათ, მოძრაობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი მოწყობილობა შეექმნათ. მასში მანქანური დასწავლის ფუნქციების ინტეგრირებით სპეციალისტებმა უნივერსალური ინტერფეისი მიიღეს, რომელიც ადაპტაციური ტექნოლოგიის წყალობით სხვადასხვა ინდივიდმა შეიძლება გამოიყენოს. ეს ნიშნავს, რომ სისტემა კალიბრაციის გარეშე იწვრთნება.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანის ტვინი უნიკალურია, ტიპურ BCI-ს ხანგრძლივი კალიბრაცია სჭირდება, რაც ასეთი მოწყობილობების ფართოდ გამოყენებას ბარიერს უქმნის. ახალი ინტერფეისი ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან მისით სარგებლობა რამდენიმე პაციენტს შეუძლია. ამისთვის სისტემის თითოეულ მათგანზე მორგება საჭირო არაა.

ეს BCI ერთგვარი ქუდის სახითაა წარმოდგენილი, რომელზეც ელექტროდებია დამონტაჟებული. ისინი ტვინში წარმოქმნილ სიგნალებს აფიქსირებს და კომპიუტერში გზავნის. ამ მონაცემებს შემდეგ დეკოდერი შიფრავს და ვიდეოთამაშში კონკრეტულ ქმედებად გარდაქმნის.

როგორც ავტორები ამბობენ, BCI პაციენტების ტვინის ნეიროპლასტიკურობას აუმჯობესებს. ესაა პროცესი, რა დროსაც ნეირონული ქსელები ზრდის პარალელურად იცვლება. შესაბამისად, მსგავსი კვლევები ადამიანის ტვინის უკეთ ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს.

ახალი ინტერფეისით კვლევაში მონაწილე ადამიანებმა ორი რამ გააკეთეს: კომპიუტერში მანქანების რბოლა ითამაშეს და ეკრანზე ნაჩვენები ციფრული ძელი მარჯვნიდან და მარცხნიდან დააბალანსეს. ეს მათ სწორედ დეკოდერის მიერ ტვინის სიგნალების ბრძანებებად გარდაქმნის გზით მოახერხეს.

ექსპერიმენტში სულ 18-მა ინდივიდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც პარალიზებულები არ იყვნენ. მომდევნო ეტაპზე ამ ინტერფეისს უკვე თავად პაციენტებზე გამოცდიან. აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ეს გუნდი ინვალიდის ეტლის შექმნასაც ცდილობს, რომელიც ინტერფეისით გაკონტროლდება. ასევე, სურთ, აღნიშნული ტექნოლოგია კიდურების სარეაბილიტაციო რობოტების სამართავადაც გამოიყენონ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0