close
ტექნოლოგიები

შექმნეს AI მოდელი, რომელიც ადამიანის სიკვდილის დროს პროგნოზირებს

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მტკიცებით, მათ ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი შექმნეს, რომელსაც ადამიანთა მომავლის პროგნოზირება შეუძლია, მათ შორის სიკვდილის დროსიც.

„მოდელი გამოვიყენეთ, რათა პასუხი გაგვეცა ფუნდამენტური კითხვისთვის: რამდენად ზუსტად შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება იმ პირობებსა და მოვლენებზე დაყრდნობით, რომლებიც წარსულში მოხდა?” — განაცხადა სუნე ლემანმა, ნაშრომის ავტორმა და დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა.

ნაშრომი ჟურნალში Nature Computational Science გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დანიის 6 მილიონი მოქალაქის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სამუშაოს უკავშირდებოდა. ასე შექმნეს life2vec, “გარდამქმნელი მოდელი”, რომელსაც შეუძლია, კონტექსტი გაიგოს და მიწოდებული ერთი ტიპის ინფორმაციიდან სხვა მონაცემები დაგვიბრუნოს.

ამ შემთხვევაში საწყისი ინფორმაცია ადამიანთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალია: დაბადების დრო და ადგილი, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ანაზღაურება. მეორე მხრივ, კვლევას თუ დავუჯერებთ, დაბრუნებული მონაცემები ყველაფერს პროგნოზირებს, “ნაადრევი სიკვდილი” იქნება ეს თუ “პიროვნული ნიუანსები”.

“ამაღელვებელი ისაა, რომ ადამიანის ცხოვრებას იგი მოვლენათა გრძელ თანმიმდევრობად აღიქვამს იმის მსგავსად, როგორც ენაში წინადადება შედგება სიტყვათა სერიისგან”, — განმარტა ლემანმა.

პერსპექტივა მართლაც ძალიან საინტერესოა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს იმის შესახებ, თუ რამდენად ზუსტია ეს პროგნოზები.

ამას გარდა, ნაშრომის ავტორი აღიარებს, რომ ეთიკური პრობლემები ნამდვილად შეიქმნება, თუკი მოდელი ზუსტი აღმოჩნდა — მსგავს პროგნოზებს ხომ უკვე არაერთი კომპანია იყენებს, რათა ჩვენგან მოგება მიიღოს.

“ცხოვრებისეული მოვლენებისა თუ ადამიანის ქცევის პროგნოზირებისთვის მსგავს ტექნოლოგიებს უკვე იყენებენ ტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ჩვენს ქცევას ადევნებს თვალს, ჩვენს ზუსტ პროფილებს ქმნის და ამ პროფილებს იყენებს, რათა ჩვენი ქცევა წინასწარ განსაზღვროს და გავლენა იქონიოს ჩვენზე”, — განაცხადა მეცნიერმა.

კიდევ არაერთი კვლევა უნდა ჩატარდეს იმის დასაზუსტებლად, მართლა შეუძლია თუ არა AI-ს, მონაცემებზე დაყრდნობით სიკვდილის დრო იწინასწარმეტყველოს.

რადგან ასეთი რამ პერსპექტივის დონეზე მაინც გაჟღერდა, ლემანის აზრით, კაცობრიობამ უნდა გადაწყვიტოს, საით მივყავართ ამ ტექნოლოგიას და რამდენად მისაღებია იგი ჩვენთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0