close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩვენს მზის სისტემას რეკორდული ზომის კომეტა უახლოვდება

კომეტა, რომელიც მეცნიერებს თავდაპირველად ჯუჯა პლანეტა ეგონათ, ჩვენი მზის სისტემის გარეთა რეგიონიდან გვიახლოვდება. ის დედამიწისთვის საფრთხის შემცველი არაა, რადგან მზეს დაახლოებით იმ დისტანციაზე ჩაუვლის, რომელიც ამ უკანასკნელსა და სატურნის ორბიტას შორისაა. ამ დროს მკვლევრებს ე.წ. ოორტის ღრუბლის შემადგენელი ამ გიგანტური ობიექტის შესწავლის უპრეცედენტო შესაძლებლობა მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ 155 კილომეტრი დიამეტრის მქონე, C/2014 UN271 Bernardinelli-Bernstein-ად წოდებული კომეტა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი ზომის მსგავსი ასტრონომიული სხეულია და ის მზის სისტემას 3 მილიონი წელია, არ სწვევია.

ადგილი, საიდანაც ის მოდის, საკმაოდ ბნელი და შორეულია, ხოლო იქ არსებული ობიექტები სიდიდით ნამდვილად არ გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, ოორტის ღრუბლიდან მომავალ უზარმაზარ კომეტაზე დაკვირვება სპეციალისტებისთვის სერიოზული გამოწვევაა.

C/2014 UN271 Bernardinelli-Bernstein მეცნიერებმა ბნელი მატერიის კვლევის (DES) ფარგლებში შენიშნეს, როცა ცის სამხრეთ ნახევარსფეროს ასობით ღამის განმავლობაში ინფრაწითელ და ახლო ინფრაწითელ სპექტრში აკვირდებოდნენ. მათ მთავარ სამიზნეებს მაშინ გალაქტიკები და ზეახალი ვარსკვლავები წარმოადგენდნენ, რომელთა მეშვეობითაც სამყაროს გაფართოებაზე მეტის გაგება სურდათ.

ამის მიუხედავად, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა მონაცემებში სხვა კოსმოსური სხეულებიც აღმოაჩინეს. მათ შორის იყო ზემოხსენებული კომეტაც, რომელიც მათ სახელს ატარებს. მის მახასიათებლებზე ისინი სამეცნიერო პორტალზე arXiv ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ფოტო: JPL Solar System Dynamics
მკვლევართა ანალიზის მიხედვით, C/2014 UN271 Bernardinelli-Bernstein-მა ამჟამინდელი ტრაექტორიით მოძრაობა მაშინ დაიწყო, როცა მზისგან 40 400 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იმყოფებოდა. თუმცა, აღმოჩენის მომენტში მას მნათობისგან 29 ასტრონომიული ერთეული აშორებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის მზესთან ყველაზე ახლოს 2031 წელს მივა, როცა მათ შორის დისტანცია 10.97 ასტრონომიული ერთეული იქნება (შედარებისთვის, ჩვენი ვარსკვლავისა და სატურნის ორბიტის შემთხვევაში ეს დისტანცია 9.5 ასტრონომიული ერთეულია).

ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ გიგანტური კომეტის შესწავლა ჩვენი მზის სისტემის ფორმირებისა და განვითარების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვებაში დაგვეხმარება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0