close
ბიზნესიემიგრანტისაქართველო

„ჩვენ საქართველოს ელჩები ვართ, ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას ფაქტობრივად ყოველ ადამიანს“ – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენეჯერი  

არსებობს განსხვავებული მიზეზები, რის გამოც შეიძლება, ადამიანმა მიიღოს სხვა ქვეყანაში მოღვაწეობის გამოცდილება და გადადგას ნაბიჯები ამ მიზნის სრულყოფისთვის. ჩვეულებრივ, პიროვნება იმ ქვეყნისკენ მიისწრაფვის, სადაც მას პროფესიული ზრდისთვის მეტი რესურსი ეგულება. ეს ყველაფერი კი გაცილებით საინტერესოა მაშინ, როდესაც, პარალელურად, გაქვს იდეები სხვებისთვის საკუთარი სამშობლოს გაცნობის თვალსაზრისით.

ნინო ნასიძე ბიზნესმენეჯერია. ის გერმანიაში მოღვაწეობს და ცდილობს, ყოველთვის გამოიყენოს შანსი  საკუთარ სამშობლოზე უცხოელებთან სასაუბროდ. თავის ისტორიასა და ყოველდიურობაზე, ნინო „დოქტრინას“ ესაუბრა.

გერმანიაში რას საქმიანობთ?

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში 2015 წლის ოქტომბრიდან ვცხოვრობ. ამჟამად, გახლავართ პროგრამის „Publicis Group Delivery (PGD)“ მენეჯერი ქალაქ დიუსელდორფში, კომპანია Publicis Media GmbH-ში. Publicis Media წარმოადგენს ჰოლდინგის Publicis Groupe S.A. წევრ კომპანიას და გახლავთ მრავალეროვნული სარეკლამო სერვისის პროვაიდერი და მედიასააგენტო, სიდიდით მესამე საკომუნიკაციო სერვისის პროვაიდერი მსოფლიოში. აღნიშნულ კომპანიაში 2023 წლის იანვრიდან ვარ დასაქმებული. ჩემი ძირითადი მოვალეობაა PGD-პროგრამის ჩამოყალიბება, შემუშავება და ოპერატიული მართვა საერთაშორისო დონეზე, ამასთანავე, გლობალური სტანდარტების დანერგვაში მონაწილეობა და გერმანია-ავსტრია-შვეიცარიის ბაზრებზე ამ სტანდარტების მორგება. 2023 წლამდე ვმუშაობდი კომპანია weinor GmbH & Co. KG-ში B2B გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2021 წელს, ჩემს გერმანელ პარტნიორებთან ერთად, დავაფუძნე ქართულ-გერმანული თანამშრომლობის საზოგადოება და გახლავართ მმართველი დირექტორი. DG Consult GmbH-ი ეხმარება ქართულ და გერმანულ კომპანიებს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ბიზნეს-კონტაქტების მოძიებასა და საქართველო-გერმანიის ბაზარზე წარმატებით შესვლის პროცესში. DG Consult-ი მიზნად ისახავს ცოდნის ტრანსფერს, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და გერმანია/საქართველოს შორის თანამშრომლობების გაღრმავებას.

რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება – გერმანიაში წასულიყავით საკუთარი უნარების რეალიზებისთვის?

ბაკალავრის დასრულების შემდეგ, თბილისში გერმანულენოვან კომპანიებში ვმუშაობდი. ჩემი ბოლო გერმანელი დამსაქმებლისგან მივიღე გერმანიაში მუშაობის და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ვინაიდან გერმანიაში სწავლა ყოველთვის მინდოდა, დავთანხმდი შემოთავაზებას და 2015 წელს გადმოვედი კიოლნში სამუშაოდ და მაგისტრატურაზე სასწავლებლად.

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები უცხო ქვეყანაში?

მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდი ძალიან მრავალფეროვანი და ამასთანავე დატვირთული იყო. სწავლამ და პარალელურად მუშაობამ მიმიყვანა სამაგისტრო თეზისამდე – „აუთსორსინგის შანსები საქართველოში“. ლიბერალური ბიზნეს კლიმატით, მოქნილი საგადასახადო სისტემით, კულტურული სიახლოვით ევროპასთან, ნიჭიერი ადამიანებით და ეკონომიკური პოტენციალით, საქართველო წარმოადგენს უცხოური კომპანიებისათვის საიმედო აუთსორსინგ პარტნიორს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელ პროფ. დოქტ. ჰანს-გიუნთერ ლინდნერთან ერთად შეიქმნა წიგნი „საქართველოს ღირებულებები/Values of Georgia/Werte Georgiens“, სადაც გახლავართ წიგნის თანაავტორი. ჩემთვის ეს წიგნი გახლავთ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. იგი გამოცემულია სამ ენაზე (გერმანული, ქართული, ინგლისური) და დასურათებულია უნიკალური ფოტოებით, რომელთა დიდი ნაწილიც თავად პროფ. ლინდნერმა გადაიღო. 

გერმანიაში სხვადასხვა აქტივობის პარალელურად, სამშობლოში დაბრუნებაზე თუ გიფიქრიათ?

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, მინდოდა საქართველოში უკან დაბრუნება. თუმცა, კარიერული ზრდის შესაძლებლობებმა და შემოთავაზებამ – დავრჩენილიყავი ამ მიზნით გერმანიაში, ძალიან დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში. მივხვდი, თუნდაც ზემოთ ხსენებული წიგნის მაგალითზე, რამდენად ბევრის გაკეთება შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნისათვის აქედან. აქ, ჩვენ საქართველოს ელჩები ვართ, ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას ფაქტობრივად ყოველ ადამიანს, ვისთანაც შეხება გვაქვს, შეგვიძლია, ავიღოთ ინიციატივები და განვახორციელოთ პროექტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. არ გამოვრიცხავ უახლოეს მომავალში საქართველოში უკან დაბრუნებას და დარწმუნებული ვარ, ამ გამოცდილებით შევძლებ, კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის წინსვლაში.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება, ვურჩევ – შეისწავლონ ენა, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ იმ ქვეყნის  შესახებ, სადაც სურთ თავის დამკვიდრება, მუდმივად ადევნონ თვალი მიმდინარე მოვლენებს. წარმატებისათვის კი ასევე აუცილებელია, არ დაიზარონ შრომა, იყვნენ მიზანდასახულები და სოციალურად კონტაქტურები. ადამიანებთან ურთიერთობები და საკუთარი ღირებულებების ცოდნა, ვფიქრობ, როგორც კარიერული წარმატების, ასევე ადამიანის კეთილდღეობის საწინდარია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია საკუთარი ქვეყნის ისტორიის და კულტურის ცოდნა, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება, ვინაიდან უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად უნდა ვიცოდეთ, ჩვენ თავად საიდან მოვდივართ და რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. აუცილებელად მიმაჩნია – შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანასთან კავშირი და შეძლებისდაგვარად ვიყოთ ჩართულები
მის განვითარებაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

გაზიარება:
fb-share-icon0