ახალი კვლევის მიხედვით, ჩვილებთან საუბარი მათ შეიძლება თავის ტვინის მზარდი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.
გაერთიანებული სამეფოს აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პატარებს, რომლებსაც რეგულარულად ესმით მეტი საუბარი, უფრო ეფექტიანი იერის ნეირონები აქვთ.
კერძოდ, ტვინის სკანირებებმა აჩვენა, რომ მათი ენის დამუშავების რეგიონებში დიდი კონცენტრაციით იყო მიელინი – საიზოლაციო გარსი, რომელიც ნეირონებს აკრავს და მათ შეტყობინებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად გაგზავნის საშუალებას აძლევს.
უცნობია, ნამდვილად ახდენს თუ არა გავლენას 2,5 წლის ასაკის ბავშვების ენობრივ შესაძლებლობებზე ეს დამატებითი მიელინი, მაგრამ მკვლევრები ეჭვობენ, რომ მას მნიშვნელოვანი სარგებელი უნდა ჰქონდეს.
მათი განცხადებით, ნეირონებს გარს შემოხვეული მიელინი ნახვრეტებიან შლანგზე დაკრულ წებოვან ლენტს წააგავს. ის ნეირონებს A წერტილიდან B წერტილამდე უფრო მეტი სიგნალის მიღებაში ეხმარება, რაც სხვა ნეირონებთან მათ კავშირს აძლიერებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი, ბავშვის მომვლელთათვის გზავნილი ნათელია – ესაუბრეთ ბევრი თქვენს ჩვილს, თქვენს პატარას, თქვენს ბავშვს. ისინი არა მხოლოდ გისმენენ, არამედ თქვენი საუბარი ფაქტობრივად აყალიბებს მათ თავის ტვინს“, – ამბობს აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის კოგნიტური ფსიქოლოგი ჯონ სპენსერი.
კვლევის მთავარი გზავნილი მარტივია, მაგრამ აქვს რამდენიმე კომპლექსური შედეგი. როგორც კვლევაში დადგინდა, ბევრი საუბარი ყოველთვის არ განაპირობებდა ჩვილების თავის ტვინში ნეირონთა უფრო მაღალ ეფექტიანობას.
მკვლევრებმა 140-ზე მეტ ჩვილსა და პატარა ბავშვზე სამი დღის განმავლობაში გამოიყენეს პორტატული ჩამწერი მოწყობილობები. ათასობით-საათიან აუდიოჩანაწერებში ისმის, რა ესმოდათ ბავშვებს ყოველდღე.
ამის შემდეგ, ჯგუფმა დაკვირვების ქვეშ მყოფი ბავშვების მხოლოდ ნახევარი შეარჩია და ძილის დროს მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებები ჩაუტარა.
ექვსი თვის ჩვილებში, ყოველდღიურად უფრო მეტი საუბრის მოსმენა დაკავშირებული აღმოჩნდა ნაკლებ მიელინთან – სრულიად საპირისპირო შედეგი იმისა, რაც ორი წლის ბავშვებში აღმოჩნდა.
ასეთი შედეგი მოულოდნელია, მაგრამ როგორც სპენსერი განმარტავს, ჩვილის თავის ტვინის განვითარება ბუნებრივად გადის სხვადასხვა ეტაპს. მათი თავის ტვინი ხან აქტიურად აშენებს ახალ უჯრედებს, ხანაც გამალებით ხვეწს უკვე აშენებულ უჯრედებს.
ცხოვრების პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, ტვინი მკვეთრად იზრდება. ორი წლის ასაკში, ადამიანს უკვე აქვს ზრდასრულის ტვინის მოცულობის 80 პროცენტი.
ამის შემდეგ იწყება დახვეწის ეტაპები.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარს მნიშვნელობა აქვს ექვსი თვიდან 30 თვის ასაკამდე, მაგრამ თავის ტვინზე გავლენას სხვადასხვაგვარად ახდენს, რადგან ამ პერიოდში, ტვინი სხვადასხვა მდგომარეობაშია“, — წერს სპენსერი.
მაგალითად, ექვსი თვის ასაკში, შესაძლებელია, რომ მეტი საუბრის მოსმენამ გადაავადოს მიელინის წარმოქმნა და მის ნაცვლად, გააადვილოს თავის ტვინის ზრდა. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდია.
განვითარების კოგნიტური ნეირომეცნიერი სალონი კრიშნანი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ სწავლაში მიელინის როლის დასადგენად უფრო მეტი კვლევაა საჭირო.
„ჯერ უცნობია, ამ ზონაში მეტი მიელინის წარმოქმნა სასარგებლოა თუ არა შემდეგი ენობრივი ან კოგნიტური განვითარებისთვის; უცნობია ისიც, არის თუ არა ეს ბავშვობის სტაბილური მახასიათებელი“, — ამბობს კრიშნანი.
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ საუბარი მნიშვნელოვანია ბავშვის ენის დამუშავებისთვის, ლექსიკისთვის, გრამატიკისა და ვერბალური მსჯელობისთვის. თუმცა, დიდწილად უცნობი რჩება, როგორ ითარგმნება ეს უნარები თავის ტვინში მიმდინარე პროცესებში.
დაბადებიდან სულ რამდენიმე საათში, ჩვილის თავის ტვინში შეიმჩნევა ნიშნები, რომ ისინი უკვე სწავლობენ ენის ბგერებს.
ამას გარდა, წინა კვლევების მიხედვით, ოთხიდან ექვს წლამდე ასაკის იმ ბავშვებს, რომლებიც მოზრდილებთან უფრო მეტს საუბრობენ, თავის ტვინის უბნებში უფრო მეტი აქვთ ენასთან დაკავშირებული მიელინი.
ყველაფრის საბოლოოდ გასარკვევად მეტი კვლევაა საჭირო, მაგრამ ამ ეტაპზე, უპრიანია გვახსოვდეს — ბავშვები თქვენი ნათქვამიდან იმაზე მეტს ითვისებენ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”