close
კვლევებიმედიცინა

წამალი, რომელიც პარკინსონის პროგრესირებას ანელებს? — ახალი კვლევის შედეგები

პარკინსონი პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს აქვს. მისი განკურნების მეთოდი ჯერ არაა შემუშავებული, სიმპტომები კი კანკალს, შენელებულ მოძრაობას, ბალანსის დაცვისა და მეტყველების პრობლემებს მოიცავს, რაც დროთა განმავლობაში უარესდება.

ახალი კვლევა ასეთი პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მეცნიერთა მიერ გამოცდილმა პრეპარატმა პარკინსონთან ასოცირებული გართულებული მოძრაობის პროგრესირება გარკვეულწილად შეანელა. ეს მედიკამენტი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, GLP-1 რეცეპტორის გამააქტიურებელი ფარმაკოლოგიური საშუალებების ტიპს მიეკუთვნება და ნეირონების დაცვის პოტენციალი აქვს.

ესაა ლიქსისენატიდი, რომელიც Adlyxin-ისა და Lyxumi-ს ბრენდის სახელით იყიდება. კლინიკურ კვლევაში პარკინსონის ადრეული სტადიის მქონე 156 ადამიანი ჩართეს, რომელთა ნაწილსაც ამ პრეპარატს აძლევდნენ (ინიექციის სახით), ნაწილს კი — პლაცებოს. ერთ წელში პირველ ჯგუფში შემავალი პაციენტების მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, მოძრაობის პრობლემები არ გართულებიათ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ეფექტი ძნელად შესამჩნევია და მხოლოდ პროფესიონალების მიერ შეიძლება, გამოვლინდეს. ამისთვის სპეციალისტებმა პაციენტებს რამდენიმე დავალება მისცეს, მაგალითად, მათ წინ უნდა გაევლოთ, ფეხზე ამდგარიყვნენ, ხელები აემოძრავებინათ და ა.შ.

მეცნიერების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება ნელა პროგრესირებს, არაა გამორიცხული, დამატებით 1 წელში მედიკამენტის დადებითი გავლენა უფრო კარგად გამოჩნდეს. ისინი ამბობენ, რომ ეს პირველი ასეთი “მკაფიო” შედეგია, რომელიც ნეიროდამცველობითი ეფექტით შეიძლება, აიხსნას. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ის ექსპერტებისგან მსგავს შეფასებას ჯერ, ალბათ, ვერ მიიღებს.

რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, ყველაზე მეტად ეს იყო თავბრუსხვევა, გულისრევა და გულძმარვა. ასევე, კვლევის საკმაოდ ბევრ მონაწილეს წონის კლებაც დაუფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ პარკინსონის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოსაყენებლად კიდევ ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო, რათა მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში New England Journal of Medicineგამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0