ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ფრანგულ დელეგაციას პირველი მედალი წარმოშობით ქართველმა ძიუდოისტმა, ლუკა მხეიძემ მოუტანა. 25 წლის სპორტსმენმა თამაშების პირველ დღეს -60 კგ. წონით კატეგორიაში სამხრეთ კორეელი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მხეიძის გამარჯვებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, “ტვიტერზე” დაწერა:
“ოლიმოიური თამაშები დიდი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და საფრანგეთის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, საფრანგეთს პირველი მედალი მოუტანა ტოკიოში! მის მიერ არჩეული ერი სიამაყეს გრძნობს!”
გარდა ხსენებული წარმატებისა, ადგილობრივი მედია საუბრობს სირთულეებზე, რომელთაც მხეიძე გადააწყდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომიდან მალევე, მშობლებთან ერთად, საქართველო დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ჯერ პოლიტიკური დევნილის სტატუსი, შემდეგ კი — მოქალაქეობა მიიღო. ამ ყველაფერს წლები დასჭირდა.
“ის, რამაც სურვილი გამიჩინა, მებრძოლა და არ დავნებებულიყავი, არის ჩემი გზა, ჩემი ოჯახის [წევრები], რომელთა დატოვებაც საქართველოში მომიწია. ისინი არიან ადამიანები, ვისთვისაც ვიბრძვი, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის”, — ციტირებს ძიუდოისტს რადიო France Info.
ლუკა მხეიძე 1996 წელს დაიბადა თბილისში და ფრანგული მედიის ინფორმაციით, გრძელი გზა გაიარა, სანამ 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებდა, პარალელურად კი — ფრანგულ ძიუდოში დამკვიდრდებოდა.
ჯერ კიდევ საქართველოში მცხოვრები ლუკა ძიუდოთი მცირე ასაკში დაინტერესდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით მამამ შთააგონა, ძიუდოისტი ხაზს უსვამს, რომ სპორტში დაძალების გარეშე ჩაება. როგორც ფრანგული გაზეთი “20 Minutes” წერს, მან ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში მიაკითხა ერთ-ერთ ადგილობრივ კლუბს საქართველოში, თუმცა მწვრთნელებმა სიმაღლის გამო არ მიიღეს.
მომდევნო 2 წლის მანძილზე ლუკა სპორტის სხვა სახეობებს — ცურვასა და კალათბურთს — მისდევდა, 7 წლის ასაკში კი კიმონო მოირგო და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ მიაღწია წარმატებას თანატოლებს შორის. თუმცა, ფრანგული პრესის მიხედვით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 12 წლის ასაკში, ლუკა მხეიძეს, მშობლებთან ერთად, სამშობლოს დატოვება მოუწია.
ლუკა და მისი ოჯახი ჯერ პოლონეთში გაემგზავრნენ, სადაც სულ 8 თვე გაატარეს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხეიძეების ოჯახის აპლიკაციის უარყოფის შემდეგ, ლუკა მშობლებთან ერთად საფრანგეთში ჩავიდა და 14 წლის ასაკში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. 1 წლის განმავლობაში მხეიძეები პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში, სასტუმროში ცხოვრობდნენ.
გაზეთი “20 Minutes” აღნიშნავს, რომ ძიუდოისტის კარიერაში ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი იყო ოჯახის გადაწყვეტილება, საცხოვრებლად პარიზიდან ნორმანდიაში, ქალაქ ჰავრიში გადასულიყო. როგორც თავად ჰყვება, კლუბმა, რომელშიც იმ პერიოდში იყო გაწევრიანებული, ქალაქის მერს, ედუარდ ფილიპს სთხოვა, დახმარებოდა ლუკას თავისი მიზნის მიღწევაში და მიენიჭებინა მისთვის მოქალაქეობა.
“ჩვეულებრივ, ეს [პროცედურა] გაცილებით დიდხანს გრძელდება, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მივიღე წერილი ედუარდ ფილიპისგან, რომ მალე მივიღებდი მოქალაქეობას. ოფიციალურმა წერილმა ეს სწრაფად დაადასტურა”, — ჰყვება სპორტსმენი “Le Parisien”-თან საუბრისას.
ეს 2015 წელს მოხდა. აღნიშნულის შემდეგ ლუკა პარიზში ბრუნდება და მეტი და მეტი წარმატებით განაგრძობს თავის საყვარელ საქმიანობას.
ფრანგული მედია აღნიშნავს იმასაც, რომ ლუკას ძალიან გაუმართლდა, როცა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები პანდემიის კრიზისის გამო გადაიდო. ოლიმპიადა დაგეგმილ პერიოდში რომ ჩატარებულიყო, ის ფრანგულ დელეგაციას ვერ შეუერთდებოდა, ვინაიდან შესაბამის კატეგორიაში იმ დროისთვის სხვა სპორტსმენი იყო წარდგენილი. მხეიძე ოლიმპიადისთვის მიმდინარე წლის აპრილში, ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ შეარჩიეს.
“აქ ძალიან ახალგაზრდა ჩამოვედი. მარტივი არ ყოფილა განსხვავებულ კულტურასთან ადაპტაცია, ძალიან კომპლექსური ენის სწავლა, თუმცა, ვფიქრობ, კარგად ვინტეგრირდი და მშვენივრად ვგრძნობ აქ თავს”, — უთხრა ლუკამ ფრანგულ მედიას.
ფოტო გარეკანზე: AP – Vincent Thian
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”