ედიშერ ცხადაძე – ფიზიკოსი, რომელიც ბოლო 12 წელიწადია, იტალიაში, ქ.ფრასკატიში იტალიის წამყვან სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობს. ამ პუბლიკაციაში სწორედ მის შესახებ გიამბობთ. ბოლო 30 წელიწადია, რაც ბატონი ედიშერი მუშაობს ნაწილაკთა დეტექტორების შექმნასა და მათ გამოყენებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ამაჩქარებელზე მოქმედ ექსპერიმენტში. “დოქტრინასთან” საუბრისას, ის ხაზს უსვამს, თუ რა პროფესიული ნაბიჯები გადადგა თავის სამშობლოში და როგორია საკუთარი საქმიანობით წარმატების მიღწევა უცხო ქვეყანაში.
თავდაპირველად, თქვენი პროფესიის შესახებ გვიამბეთ:
პროფესია – ფიზიკოსი. ეს ძალიან ფართო ცნებაა. უფრო ზუსტია – ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ექსპერიმენტები ამაჩქარებლებზე, ნაწილაკთა დეტექტორები. ამ მხრივაც იმდენად გაშლილია სამოქმედო მიმართულებები, რომ ერთ ლაბორატორიაში, გვერდით მომუშავე ფიზიკოსებსაც კი ერთმანეთის საქმეებში გასარკვევად საკმაო დრო დასჭირდებათ. ამჟამად, და ბოლო 30 წელია, ვმუშაობ ნაწილაკთა დეტექტორების შექმნასა და მათ გამოყენებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ამაჩქარებელზე მოქმედ ექსპერიმენტში. ხელსაწყოები, რომელთა შექმნაშიც მე ვმონაწილეობ, გამიზნულია თვალით უხილავი გამოსხივების დასარეგისტრირებლად, რაც თავის მხრივ ამ გამოსხივების ბუნების შესასწავლად გამოიყენება. ეს არის ერთ-ერთი პირველადი, ექსპერიმენტული რგოლია სამყაროს აგებულების შეცნობის მიმართულებით.
ამ მიმართულებით, საქართველოში რა ნაბიჯები გაქვთ გადადგმული?
საქართველოში, ჯერჯერობით, არ გვაქვს ამაჩქარებელი, ამიტომაც, აქ მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის საჭირო ხელსაწყოები და აპარატურა შეიძლება, შეიქმნას. თანამედროვე ექსპერიმენტების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ მის ჩასატარებლად ერთი ქვეყნის სახსრები აღარაა საკმარისი, იქმნება საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები. ზოგან აპარატურა მზადდება, ზოგი ქვეყანა მექანიკურ კონსტრუქციებს ქმნის და ა.შ. – ხდება სამუშაოების გადანაწილება. მე ყოველთვის საქართველოს ჯგუფის წარმომადგენლის სტატუსით ვმონაწილეობდი ექსპერიმენტებში, იყო ეს სსრკ-ს ფარგლებში თუ მის შემდგომ. კონკრეტულად საქართველოში კი – აქ 2 კვლევითი ინსტიტუტია ამ მიმართულებით წარმოდგენილი: ფიზიკის ინსტიტუტი და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. ამ მომენტისთვის ორივე ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში არის გაერთიანებული. ამჟამად მე ორივე ინსტიტუტს მივეკუთვნები, ვარ ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ვცდილობ აღვადგინო სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ის ნაწილი, რაც გასული 20 წლის განმავლობაში სრული უძრაობის პერიოდში არ განადგურებულა, მაგრამ არც არაფერი შემატებია და არსებული აპარატურის დიდი ნაწილი იმდენად მოძველებულია, რომ რეალურად გამოუყენებელია და გადასაგდებია. დაფინანსების სიმწირე და მოუქნელობა კი ამ ხარვეზის გამოსწორებას ვერაფერს რგებს. ამიტომაც არის, რომ ჯერჯერობით დიდი სამეცნიერო ამოცანებისგან თავის შეკავების რეჟიმში ვართ და ძალები ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად არის მობილიზებული. მაინც მოვახერხეთ და ლაბორატორიამ მიიღო რადიაქტიური წყაროებით მუშაობის ლიცენზია – ეს დიდი საქმეებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც წამოსწევს როგორც თავად ლაბორატორიის სამეცნიერო საქმიანობას, ასევე, საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებაში დაგვეხმარება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეგობარი ფიზიკოსების ხელშეწყობით შევძელი – შემექმნა ექსპერიმეტული ფიზიკის მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელო: „ელემენტარულ ნაწილაკთა დეტექტორები“, რომელშიც ასახულია ექსპერიმენტული ფიზიკის განვითარების ეტაპები, აღწერილია მოქმედი და უკვე იდეურად მოძველებული ამაჩქარებლები, თანამედროვე ექსპერიმენტული დანადგარების შემადგენელი დეტექტორების მუშაობის პრინციპები.
უცხო ქვეყნებშიც გაქვთ საკუთარი პროფესიული კვალი დატოვებული – ამის შესახებაც მოგვიყევით
სამეცნიერო მუშაობის კვალი გამოქვეყნებულ სტატიებში აისახება. ყოველი პუბლიკაცია ცალკეული ნაბიჯია დიდი საერთო ამოცანის გადაჭრის მიმართულებით. თეორიიდან მიღებული დასკვნების შემოწმების ერთადერთი საშუალება ექსპერიმენტია. უზარმაზარი ხარჯები ექსპერიმენტული დანადგარების აგებას და მუშაობას ხმარდება, საბოლოოდ კი, შედეგი რამდენიმე გვერდიანი სტატიების სახით შეიძლება, წარმოდგეს. მეორე მხრივ – დანადგარში მომუშავე დეტექტორი ეს მოქმედი ხელსაწყოა და ექსპერიმენტატორის მუშაობა ამ ხელსაწყოების გამართულ მუშაობაში გამოისახება. მე წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი იმ დიდი სამეცნიერო ჯგუფების შემადგენლობაში, რომლებიც ქმნიდნენ უაღრესად მაღალი დონის ექსპერიმენტულ დანადგარებს. ქრონოლოგიური თანმიდევრობა რომ დავიცვათ, ჩემი მონაწილეობით შექმნილია და ამოქმედებულია დეტექტორები შემდეგი ექსპერიმენტებისათვის: სსრკ, ქ.პროტვინოს (IHEP) ამაჩქარებელზე მოქმედი VES და GAMS სპექტრომეტრებითვის ფართოფორმატიანი დრეიფული კამერები; იაპონია, ქ. ცუკუბა, (KEK) – მრავალმავთულიანი დრეიფული კამერა ორფრთიანი AIDA-ექსპერიმენტისათვის; შვეიცარია, ქ. ჟენევა, CERN – ATLAS ექსპერიმენტის მიუონური სისტემის მილაკებიანი დრეიფული კამერები; იტალია, ქ.ფრასკატი (INFN LNF) – ექსპერიმენტი KLOE2-ის ცენტრალური ცილინდრული დეტექტორი, შვეიცარია, ქ. ჟენევა, CERN – ATLAS ექსპერიმენტის „მიკრომეგას“ კამერები; ჩინეთი, ქ.პეკინი (IHEP) – ექპერიმენტ BESIII-ს ცენტრალური ცილინდრული დეტექტორი.
და ბოლოს, რომ შეაფასოთ – თქვენი პროფესიით, როგორია საკუთარ ქვეყანაში მოღვაწეობა და როგორი – უცხო ქვეყანაში. ასე ვთქვათ, რა ძირეული განსხვავებებია?
ჩემი სამეცნიერო საქმიანობის დიდი პერიოდი უცხოეთში, მრავალ ქვეყანაში მაქვს გატარებული. იქ ყველგან არ ყოფილა ერთგვაროვანი სამუშაო პირობები, ასე ერთი საზომით მათი შედარება რთულია. სსრკ-ს პერიოდში ყველაფრის დეფიციტი დიდი ხელშემშლელი ფაქტორი იყო საქმეზე მობილიზებულად მუშაობის დროს, თუმცა, მაშინ ახალგაზრდული ენერგიის ფონზე ყველაფერს მარტივად ვუყურებდით. სსრკ-ს დაშლის შემდგომ ქ.დუბნის გაერთიანებული ბირთვული კვლევის ინსტიტუტში ვმუშაობდი. ლაბორატორიის შექმნა როგორც იტყვიან, ნულიდან დავიწყეთ. ახლა ეს ლაბორატორია სუპერთანამედროვე დეტექტორების საწარმოო ბაზაა, არა და დასაწყისში საბეჭდ ქაღალდსაც კი ჟენევიდან ჩანთებით ვეზიდებოდით. ამით ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ენთუზიაზმით შევქმენით ლაბორატორია, და საკმაოდ დიდი წვლილი ამ საქმეში ქართველი მეცნიერების ჯგუფმა შეიტანა. მე მიმუშავია გერმანიაში, მიუნხენში – საოცრად მაღალ დონეზე ორგანიზებული სამუშაო პირობები იყო, იგივე შემიძლია ვთქვა იაპონიაში, ქ.ცუკუბაში ექსპერიმენტული დარბაზის სამუშაო პირობებზე. შვეიცარიაში, CERN არის მსოფლიოს საუკეთესო ინსტიტუტების გაერთიანება და იქ მუშაობა, ცნობილ მეცნიერებთან ურთიერთობა თუ უფრო ცნობილთა ნაკვალევზე სიარული დიდი სტიმულია მაღალი დონის შედეგების დასადებად და თავდაჯერებულობის მისაღწევად. ბოლო 12 წელიწადია, იტალიაში, ქ.ფრასკატიში იტალიის წამყვან სამეცნიერო ცენტრთან ვთანამშრომლობ. მაღალი დონის ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიაში შეიძლებ ვთქვათ, რომ გავუსწარით საერთო ტექნოლოგიურ დონეს დეტექტორული ფიზიკის მიმართულებით. ალბათ, ახალს არ ვიტყვი, რომ იტალიელთა და ქართველთა მენტალიტეტები საკმაოდ ახლოსაა, რაც კარგად დამეხმარა უკვე საქართველოში დაბრუნებულს „ღრუბლებიდან“ მიწაზე რომ უმტკივნეულოდ დავშვებულიყავი. აქ სათავეში ჩავუდექი ლაბორატორიას, რომელშიც 50 წლის წინ, სტუდენტობის დროს „ავიდგი ფეხი“. და ისევ ვიწყებ ლაბორატორიის შექმნას „ნულიდან“ – ქვეყანაში პრიორიტეტები აშკარად შორს იყო სამეცნიერო მიმართულებებიდან და ეს ლაბორატორიაზე პირდაპირ იქნა ასახული. ალბათ ისეთივე ახალგაზრდული ენერგიით ვეღარ დავიკვეხნი, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ყველაზე რთული აღმოჩნდა ახალგაზრდათა მოტივირება – რა არის დასამალი, რომ საქართველოში მუშაობის რთული პერსპექტივა მათ ქვეყნიდან სამუდამოდ წასასვლელად უფრო განაწყობს. მინდა შევქმნა ისეთი ლაბორატორია, რომელიც საფუძველი იქნება ამ ახალგაზრდების არა მარტო აღსაზრდელად, ასევე, მათი ცოდნის სამშობლოში გამოსაყენებლადაც.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”