close
ემიგრანტიტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის როლი ბიომედიცინაში — ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის საერთაშორისო წარმატების ისტორია

დეა გოგიშვილი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერია, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ამსტერდამის Vrije Universiteit-ის დოქტორანტურამდე განვლილ გამოწვევებით სავსე, თუმცა საინტერესო პროფესიულ გზაზე.  საკუთარ გამოცდილება, კარიერული რჩევები დაა სამეცნიერო მისწრაფებები ხელოვნური ინტელექტის, ბიოინფორმატიკისა თუ ნეიროდეგენერაციული დაავადებების კვლევის მიმართულებით იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რასაც ახალგაზრდა პროფესიონალი ქართველ კოლეგებსა და მკითხველს უზიარებს. 

დავიწყოთ თქვენი ბავშვობით,  რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება მეცნიერებით?

-პროფესიის არჩევა, როგორც ჩემს ვიდეოებშიც არაერთხელ აღმინიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. დიდი ფიქრის შემდეგ საბოლოოდ ქიმია ავირჩიე, თუმცა საინტერესოა, რომ დღეს ჩემმა საქმიანობამ საწყისი არჩევანისგან საკმაოდ განსხვავდება. ბოლო 6 წლის განმავლობაში, ყოველთვის ვსწავლობდი იმას, რაც იმ მომენტში მაინტერესებდა და ვვითარდებოდი იმ მიმართულებით, სადაც ყველაზე მეტ პოტენციალს ვხედავდი. სკოლის პერიოდში ვერასდროს წარმოვიდგენდი ან ვიოცნებებდი იმაზე, რითაც დღეს ვარ დაკავებული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ღია სიახლეებისადმი და გქონდეს მზაობა შეცვალო მიმართულება, როცა ცხოვრებაში ახალი,  საინტერესო შესაძლებლობები ჩნდება.

მოგვიყევით თქვენ მიერ განვლილი გზის შესახებ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ამსტერდამის Vrije Universiteit-ის დოქტორანტობამდე, რამდენად რთული იყო ახალგაზრდა ასაკში ამ ნაბიჯისგადადგმა?

-უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს აკადემიურ მოგზაურობაში უდიდესი წვლილი ჩემს ქართველ ლექტორებს  მიუძღვით. ბაკალავრიატის სასწავლო საფეხურის დასრულების შემდეგ, საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაბიჯი იყო ჩემს ცხოვრებაში. ოჯახის, მეგობრების და ნაცნობი გარემოს დატოვება მტკივნეული აღმოჩნდა, რასაც ემატებოდა ის ფაქტიც რომ მაგისტრატურის ეტაპზე ჩემი პირვანდელი განათლებისგან განსხვავებული მიმართულება ავირჩიე. პირველი წელი ძალიან რთული იყო ადაპტაციისა და ახალი ცოდნის ათვისების თვალსაზრისით, თუმცა საბედნიეროდ, თითოეულ კვლევით ჯგუფში შესანიშნავი მენტორები და ხელმძღვანელები შემხვდნენ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მაგისტრატურის ეტაპზე კემბრიჯში კვლევაზე დათანხმება და კომპიუტერული ქიმიის მიმართულებით განვითარება იყო, რამაც შემდგომ ასტრაზენეკასთან დამაკავშირა და გამიკვალა გზა დოქტორანტობამდე.

ამსტერდამის გარდა, არაერთ უცხო ქვეყანაშიც მიიღეთ განათლება,  როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემები ჩვენი ეროვნულისგან?

-ჩემი გამოცდილებით, შვედეთისა და ნიდერლანდების სისტემაში  განსაკუთრებულად ღირებულად მიმაჩნია სტუდენტის დამოუკიდებლობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული მიდგომები. აქ სტუდენტები თავიდანვე წახალისებულნი არიან, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებებიდა დასვან კითხვები. შესაბამისად, ქართულ საგანმანათლებლო სისტემაშიც ვისურვებდი მეტ ფოკუსს კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებაზე, ასევე, კარგი იქნება უმაღლესი განათლების ადრეულ ეტაპზევე კვლევითი კულტურის განვითარება და ბიზნეს სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც სტუდენტებს პრაქტიკული უნარების კარიერის ადრეულ ეტაპზევე გამომუშავებაში დაეხმარება.

მოგვიყევით უშუალოდ თქვენს სამეცნიერო მიმართულებებსა და კვლევებზე.

-ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ვიკვლევტვინის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკისა დაპროგნოზის ინოვაციურ მეთოდებს, პარალელურად კი, ვასწავლი და ვხელმძღვანელობ მაგისტრანტებსა დადოქტორანტებს. ჩემი სამეცნიერო პროექტების ძირითადი მიმართულებებიც ხელოვნური ინტელექტი, ბიოინფორმატიკა, პერსონალიზირებული მედიცინა, ბიომარკერების აღმოჩენა, ნეიროდეგენერაციული დაავადებები და  მულტი-omics მონაცემებია.

სადოქტორო კვლევის ფარგლებში ვიკვლევდი დემენციისცილოვან ბიომარკერებს სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეში. ნეიროდეგენერაციული დაავადებები, რომელთაშორისაც  ყველაზე გავრცელებული ალცჰაიმერის დაავადებაა, კლინიკურ გამოვლენამდე 10-20 წლით ადრე იწყება, შესაბამისად, ჩემს ინტერესსაც ადრეული და ზუსტი დიაგნოსტიკა წარმოადგენს, რის საუკეთესო საშუალებასაც ბიოლოგიურ სითხეებში არსებული ცირკულირებადიცილების გაზომვა გვაძლევს ულტრა-სენსიტიური მეთოდებით.

ჩემს კვლევებში აქტიურად ვიყენებ AI მოდელებს და ყველა დასრულებული პროექტი, რომლის გაზიარებაც შემიძლია  დეტალურადაა შემოწმებული (peer reviewed) სფეროს ექსპერტების მიერ და ხელმისაწვდომია ონლაინაც. დაინტერესებულ მკითხველს ყოველთვის შეუძლია გამოქვეყნებული სტატიების ნახვა (იხ. ბმული:)

გარდა ამისა, დოქტორანტურის დასრულებისთანავე დავიწყე პოსტ-დოქტორანტურა უტრეხტის უნივერსიტეტში პრიონული დაავადებების მიმართულებით. ჩემი კვლევითი პროექტი გააერთიანებს თანამედროვე Multi-omics მონაცემებსა და კომპიუტერულ მეთოდებს. კვლევა ნაწილია დიდი Prionomics კონსორციუმისა, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ადამიანის, ასევე სხვა სამოდელო ორგანიზმების multi-omics მონაცემების ინტეგრაციასა და ჰარმონიზაციას FAIR პრინციპების მიხედვით.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის ახალგაზრდა მეცნიერისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ასეთ რთულ და ინტერდისციპლინურ სფეროში და რას თვლით მეცნიერების მთავარ ღირებულებად?

-ინტერდისციპლინურ სფეროში მოღვაწეობის ერთ-ერთიუდიდესი გამოწვევა სიღრმისეულ სპეციალიზაციასა დაფართო ცოდნის ათვისებას შორის ბალანსის პოვნაა. ერთიმხრივ, საჭიროა კონკრეტულ სფეროში ღრმა ექსპერტიზის განვითარება, მეორე მხრივ კი – მომიჯნავე დარგების გაგებადა მათთან თანამშრომლობის უნარი.  როგორც მეცნიერის, ჩემი მთავარი ღირებულება ცოდნის საზღვრების გაფართოება და ამ ცოდნის საზოგადოების კეთილდღეობისთვის გამოყენება წარმოადგენს. პირადადჩემთვის, მეცნიერება არა მხოლოდ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს, არამედ ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია დადებითი ცვლილებების მოტანა მსოფლიოში.

 

რომ შეგეძლოთ იმუშაოთ ნებისმიერ მეცნიერთან (ჩვენი დროის თუ ისტორიულ), ვინ იქნებოდა ის, რატომ?

-ერთი მხრივ, სიამოვნებით ვითანამშრომლებდი 2023 წლის ნობელის ლაურეატებთან ქიმიაში – დემის ჰასაბისთან და ჯონ ჯამპერთან, ასევე დევიდ ბეიკერთან, რომელიც ცილების დიზაინის სფეროს ლიდერია. AlphaFold-ის შექმნა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა მოუტანა კაცობრიობას. დევიდ ბეიკერის ინოვაციური მიდგომები, რომელმაც გვაჩვენა, რომ შესაძლებელია ბუნებაში არარსებული ცილების შექმნა სპეციფიკური ფუნქციებით, წარმოადგენს მეცნიერების იმ მიმართულებას, რომელშიც ჩემი ცოდნის გაღრმავება მსურს.

მეორე მხრივ, ციფრული ჯანმრთელობის მიმართ ჩემი განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, იდეალური იქნებოდა WHOOP-ის სამეცნიერო გუნდთან თანამშრომლობა. ეს კომპანია ფლობს უნიკალურ მონაცემთა ბაზას ადამიანების ძილის ხარისხის, ფიზიკური დატვირთვისა და აღდგენის შესახებ.

 

საინტერესოა, როგორ აბალანსებთ თქვენს ინტენსიურ აკადემიურ საქმიანობას პირად ცხოვრებასთან?

-აკადემიური საქმიანობისა და უამრავი ჰობის დაბალანსება პირად ცხოვრებასთან არ არის ადვილი, მაგრამ ვცდილობ დღის განმავლობაში გამოვყო დრო საკუთარი თავისთვის, ჩემთვის საყვარელი აქტივობებისთვის და გავიმრავალფეროვნო ყოველდღიური ცხოვრება.

პანდემიის პერიოდში აღმოვაჩინე ვიდეოების მონტაჟი, რომელიც დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით მიყვარს მოგზაურობების, ყოველდღიური მომენტებისა და ცხოვრების სასიამოვნო მომენტების დაფიქსირება. თავდაპირველად YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა საგანმანათლებლო კონტენტით დავიწყე, სადაც საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილებას ვაზიარებდი. თუმცა, მალევე აღმოვაჩინე, რამდენად მომწონს ჩემი ფიქრების, იდეებისა თუ ყოველდღიური გამოცდილების ვიზუალურ ამბებად ქცევა.

გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. პილატესი, იოგა და სირბილი ის აქტივობებია, რომლებიც მეხმარება როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

 

და ბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც ახლახან იწყებენ კვლევით კარიერას და კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ გეგმავენ?

-პირველ რიგში, განავითარეთ ძლიერი კვლევითი საფუძველი კონკრეტულ სფეროში, მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნეთ ინტერდისციპლინური ცნობისმოყვარეობა. დღევანდელ სამეცნიერო სამყაროში ყველაზე ინოვაციური აღმოჩენები ხშირად სხვადასხვა დარგის გადაკვეთის დროს ხდება. ადრეული ეტაპიდანვე დაამყარეთ საერთაშორისო კონტაქტები კონფერენციების, ვორქშოფებისა თუ გაცვლითი პროგრამების საშუალებით, ეს აქტივობები სფეროს ექსპერტებთან დაახლოების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა. ყოველთვის იყავით ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, რადგან საუკეთესო კარიერული გზა ხშირად ჩვენს პირვანდელ გეგმას არ ემთხვევა. და რაც მთავარია, არასდროს დაკარგოთ კავშირი საკუთარ სამშობლოსთან!

გაზიარება:
fb-share-icon0