ონლაინ სივრცეში Minecraft-ის ტიპის ახალი ვიდეოთამაში გამოჩნდა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) შექმნა. მას Oasis ეწოდება.
AI-ის მიერ გენერირებულ ვიდეოთამაშში მომხმარებელი სამგანზომილებიან გარემოში გადაადგილდება, რომელშიც ბლოკები, მოსაპოვებელი რესურსები და ობიექტების შესაქმნელი მასალებია თავმოყრილი. ფაქტობრივად, მოთამაშე Minecraft-ის მაგვარ სივრცეში ხვდება.
გამოსახულებაზე ნაჩვენები შორეული 3D ლანდშაფტი ცვალებადია და როცა ვუახლოვდებით, სხვადასხვა ფორმისა თუ ზომის ხედებში გადაიზრდება. Oasis-ში რამდენიმე ტიპის გარემოა, რომელთაგანაც სასურველს თავად ირჩევ. ასევე, მომხმარებელს შეუძლია, საწყისი გამოსახულება ატვირთოს, მაგრამ ყველაფერი თამაშის მსვლელობისას, ქმედებების შესაბამისად, იცვლება.
ვიდეოთამაში Decart-სა და Etched-ის მიერაა შექმნილი. დასაწყისში ეკრანზე ეწერება: “ახლა უნიკალურ ვიდეო მოდელში შეხვალ, თამაშის პროგრამაში, რომელიც თამაშის პროცესის მილიონობით საათზეა გაწვრთნილი. შენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ირგვლივ არსებული გარემოს რეალურ დროში შეცვლის”.
მოდელის სათანადოდ გაწვრთნამ თამაში დახვეწა და მასში ესა თუ ის ქმედება გახადა შესაძლებელი, როგორიცაა ახტომა, რაიმე ნივთის აღება, ბლოკების დამტვრევა და სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ გამოსახულებები ცვალებადია და სხვა მოთამაშეთა გამოცდილებებს ეფუძნება, შესაძლოა, უცებ მომხმარებლის წინაშე რაიმე ობიექტი გაჩნდეს (როგორც იმ მომხმარებლების ეკრანზე ჩნდებოდა მსგავს გარემოში).
ამ მხრივ Oasis შედარებით გასაუმჯობესებელია, ვიდრე Minecraft და სხვა მსგავსი თამაშები, მაგრამ ცდად, თუნდაც მხოლოდ ინტერესის გამო, მაინც ღირს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, ვიდეოთამაშებში რევოლუცია მოახდინოს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”