კოვიდგადატანილი პირები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
„წინასწარი მტკიცებულება ვარაუდობს, რომ „ომიკრონით“ რეინფიცირების გაზრდილი რისკი არსებობს (ანუ, ადამიანები, რომლებმაც ადრე კორონავირუსი გადაიტანეს, „ომიკრონი“ შტამით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ), სხვა შემაშფოთებელ ვარიანტებთან შედარებით, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებსა და კვირებში გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”