ჯორჯიის შტატში მტაცებელი თევზის სახეობა, რომელიც ჰაერში სუნთქავს და მიწაზე ცოცხალი რჩება, პირველად აღმოაჩინეს. ოფიციალური პირები კი მოსახლეობას მოუწოდებენ, სადაც მას გადააწყდებიან, მაშინვე მოკლან, რადგან ეს სახეობა სწრაფად მრავლდება და შესაძლოა მან ადგილობრივ ეკოსისტემას საფრთხე შეუქმნას.
თევზი ჯორჯიის შტატის ჩრდილოეთით, გუბურაში იპოვეს. ჯორჯიის ეროვნული რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელი, მეთ ტომასი ადგილობრივ მეთევზეებს მოუწოდებს, რომ ის მაშინვე მოკლან, გაყინონ და ხელი შეუშალონ სხვა წყლებში მის გავრცელებას:
“თუ შესაძლებელია, გადაუღეთ ფოტოები, განსაკუთრებით მის პირსა და კუდზე”.
გველთავას სახეობა ამერიკის მასშტაბით სულ 14 შტატშია დაფიქსირებული. გრძელი, თხელი და მუქი ფერის მტაცებელი თევზი ერთი მეტრის სიგრძე იზრდება. ის ადგილობრივი სახეობა არაა, ამიტომ მაღალი შანსია, რომ იქაურ წყლის ბინადრებს საფრთხეს შეუქმნის.