რამდენიმე წლის წინ, ერთი პაციენტი, რომელსაც სისხლის კიბო, სახელად მრავლობითი მიელომა ჰქონდა, მნიშვნელოვნად გამოჯანმრთელდა. ამ შემთხვევამ მკვლევართა ყურადღება მიიქცია, რომლებიც ფრიად გააოცა იმ ფაქტმა, რომ პაციენტი სულ სხვა დაავადებაზე მკურნალობდა.
პოტენციური კავშირისადმი ინტერესმა ესპანელი და ფრანგი მკვლევრები გააერთიანა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) და C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) დაკავშირებულია მრავლობითი მიელომისა და ადრეული არასიმსივნური ეტაპის, სახელად მონოკლონური გამოპათიის განვითარებასთან.
მათი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ B და C ჰეპატიტის ადრეული დაფიქსირება ექიმებს შეიძლება დაეხმაროს მონოკლონური გამოპათიის კიბოდ გადაქცევის პრევენციაში, თუკი ამ ვირუსული ინფექციების მკურნალობას დაიწყებენ.
„ვაჩვენეთ, რომ ანტივირუსული თერაპია აუმჯობესებს B ჰეპატიტის მქონე მრავლობითი მიელომის პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელს. ჩვენი კვლევა დიდ კოჰორტაში ასევე ადასტურებს, რომ ანტივირუსული მკურნალობა მრავლობითი მიელომის მდგომარეობას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებშიც აუმჯობესებს“, — წერენ ესპანეთის ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკური კვლევების გაერთიანების ბიოსამედიცინო მეცნიერი ალბა როდრიგეს-გარსია და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.
მრავლობითი მიელომა არის კიბო, რომელიც ძვლის ტვინში პლაზმის არანორმალური უჯრედებისგან ვითარდება. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, პლაზმის უჯრედები არის სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც ინფექციებთან საბრძოლველ ანტისხეულებს წარმოქმნის. დაავადება მრავლობითი სიმსივნეებით ხასიათდება.
პლაზმის არანორმალური უჯრედები მრავლდება და ზედმეტად ბევრ ერთი სახის ანტისხეულს წარმოქმნის, რომელიც თითოეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირია. ამ ანტისხეულს მიელომის ცილას უწოდებენ და კიბოს მანიშნებელ ბიომარკერად იყენებენ.
მრავლობით მიელომამდე არის ადრეული ეტაპები, რომლებსაც გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონურ გამოპათიას (MGUS) და გაღვივებად მიელომას (SMM) უწოდებენ.
მრავლობითი მიელომის მკურნალობამ პროგრესი განიცადა, მაგრამ დაავადება დღემდე მაინც განუკურნებლად მიიჩნევა.
ზოგიერთი კვლევა გაურკვეველი მნიშვნელობის მონოკლონურ გამოპათიას (MGUS) და მრავლობით მიელომას გარკვეული ნივთიერებების (მაგალითად, ვირუსული ქვეპროდუქტები) ქრონიკულ ზემოქმედებას უკავშირებს. კვლევები გრძელვადიან ინფექციებს ასევე უკავშირებს ქრონიკულ ლიმფოციტურ ლეიკემიას და ლიმფომას — ორ დაავადებას, რომლებშიც ჩართულია ანტისხეულების ამომცნობი რეცეპტორები.
მკვლევრებმა ასევე იპოვეს კავშირები მრავლობით მიელომასა და სხვა ვირუსულ ინფექციებს შორის, მაგალითად, აივ-ინფექციასთან და ეპშტაინ-ბარის ვირუსთან. დაავადების კონტროლში შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენა, თუ რაზე შეტევას ცილობენ პაციენტის ანტისხეულები.
ამავე ჯგუფმა 2022 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც C ჰეპატიტისა და იმავდროულად მონოკლონური გამოპათიის მქონე ცხრა პაციენტზე ჩაატარეს. მათ, ვისაც ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობდნენ, გაცილებით დიდი გაუმჯობესება აღენიშნებოდათ მრავლობითი მიელომისა და მონოკლონური გამოპათიის მდგომარეობის თვალსაზრისით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ასე არ მკურნალობდნენ.
კიდევ უფრო შემაგულიანებელია, რომ ამ პაციენტთაგან ერთ-ერთზე, მრავლობითი მიელომის მქონე ადამიანზე ჩატარებულმა ანტივირუსულმა მკურნალობამ ის გრძელვადიან, სრულ რემისიაში გადაიყვანა, რაც სულ მცირე ოთხ წელიწადს გაგრძელდა.
როდრიგეს-გარსია და მისი ჯგუფის ახალ კვლევაში მონოკლონური გამოპათიისა და B ჰეპატიტის მქონე 45 პაციენტი იყო ჩართული. შემთხვევათა 36,7 პროცენტში მათ შეძლეს დაედგინათ წარმოქმნილი ჭარბი ანტისხეულების ტიპი, ის კონკრეტულად B ჰეპატიტის ვირუსს იღებდა მიზანში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ გამოპათიას სწორედ B ჰეპატიტის ვირუსი მართავდა. ანტივირუსული პრეპარატების მიღების შემდეგ, ორ პაციენტში გამოპათიის პროგრესი შეჩერდა.
ამის შემდეგ, მათ უფრო დიდი ჯგუფი შეისწავლეს, რომელიც მრავლობითი მიელომისა და პარალელურად B ან C ჰეპატიტის მქონე 2500 პაციენტისგან შედგებოდა. ორივე ჯგუფში აღმოაჩინეს, რომ გადარჩენის უფრო მაღალი შანსი მათ ჰქონდათ, ვინც ანტივირუსულ საშუალებებს იღებდა.
„ეს კვლევა წარმოაჩენს ანტივირუსული მკურნალობის მნიშვნელობას B და C ჰეპატიტის ვირუსების მიერ მართული კლონური გამოპათიების, მათ შორის, მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებისთვის. ანტივირუსული თერაპია რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს“, — წერენ მკვლევრები.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”