close
ემიგრანტი

ქართული კულტურის ცოცხალი ლეგენდა New York City-ში

დღეს,  მხატვარ ელისო წიკლაურის პერსონას გაგაცნობთ, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ნიუ-იორკში მოღვაწეობს. სადაც, ათასზე მეტი  ფერწერული, გრაფიკული, რელიეფური ნამუშევრები და ქანდაკებები შექმნა.
ხელოვანი ამბობს, რომ სიშორის მიუხედავად, წუთით არ უცხოვრია უსამშობლოოდ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა თქვენით ამერიკელი პროდუსერები
დაინტერესდნენ. თუ შეიძლება მოუყევით ჩვენს მკითხველს თქვენი ისტორია.

გადავწყვიტე წიგნის დაბეჭდვა, გამოვძებნე გამომცემლობა რომელიც აღფრთოვანდა ჩემი ნამუშევრებით, ერთი სული გვაქვს, როდის დავბეჭდავთ თქვენ წიგნსო და ყველანაირად მიწყობენ ხელს. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, ვარ თავისუფალი მხატვარი-მოქანდაკე, არასდროს მიმუშავია თუ არ ჩავთვლი რამოდენიმე მცდელობას. ერთხელ, ერთ-ერთი პარკის მხატვრად მიმიღეს და ერთ თვეში გამანთავისუფლეს ჩემი “დისიდენტობის” გამო თუმც, არასდროს ვყოფილვარ დისიდენტი, უბრალოდ ვმეგობრობდი მერაბთან და ზვიადთან, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემი ყველანაირი შეზღუდვისთვის. რუსულ სკოლაში დავიწყე მუშაობა ხატვის მასწავლებლად და იქიდანაც ერთ თვეში გამომიშვეს. მერე, პედაგოგიურ ინსტიტუტში დავიწყე მუშოაბა და იქიდანაც ერთ თვეში გამომისტუმრეს. ამ მეგობრობის გამო, აღრიცხვაზე ვიყავი აყვანილი იმდენად რომ, ჩემი ბინის მოპირდაპირედ, ვიდეო იყო დამონტაჟებული და ყველა მიმსვლელ-მომსვლელს იღებდნენ, რაც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. ამ მეგობრობის გამო, ყველა გზა ჩაკეტილი მქონდა.
საუკეთესო შემოთავაზებები მქონდა იტალიიდან და საფრანგეთიდან, მაგრამ აქაც არ გამიშვეს თუმც, ვუხსნიდი რომ, ეს გამოფენა, გზას გაუხსნიდა ქართულ ხელოვნებას, მაგრამ უშედეგოდ.

რა მიმართულების ხელოვნებას ქმნით?

შემიძლია ვთქვა რომ, ჩემი ნამუშევრები, არც ერთ მიმართულებაში არ ჯდება, ის სრულიად დამოუკიდებელია, მაქვს ჩემი გამორჩეული სტილი როგორც ქანდაკებაში ასე ფერწერასა და გრაფიკაში.

თქვენს შესახებ გვიამბეთ – რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ აშშ-ში გადაგედგათ მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯები?

ეს სრულიად შემთხვევით მოხდა.იტალიაშიც და საფრანგეთშიც შემომთავაზეს საუკეთესო პირობები, მაგრამ უარი ვთქვი რადგან არ მინდოდა საქართველოს დატოვება. ამერიკაში კი, სულ ცოტა ხნით წამოვედი, სიტუაციას რომ გამოვრიდებოდი. ისე მოხდა რომ, მალევე შემომთავაზეს ჰანტერ კოლეჯში დოქტორანტებთან მემუშავა. ერთი წელი ვიმუშავე, მაგრამ იმდენად, რამდენადაც დარჩენას არ ვაპირებდი, უარი ვთქვი შემოთავაზებულ ექსტრა ორდინარის სტატუსზე.მერე ისე მოხდა რომ ჩემი და ჩამოვიდა, ამასობოში საქართველოში ყველაფერი აირია და ისე გამოვიდა რომ დავრჩი. ჩემმა დამ, გარდაცვალებისას კი მითხრა, მე რომ არ ჩამოვსულიყავი, შენ არ დარჩებოდიო. ნამდვილად ასე იყო.

როგორი იყო თქვენი წარმატების გზა?

წარმატებისა რა მოგახსენოთ? არასდროს არ მიფიქირია ამაზე და მითუმეტეს, არანირი მცდელობა არ მქონია აქამდე. ახლა, როცა მივხვდი რომ, უკვე დიდი გოგო ვარ და ბევრი დრო აღარ დამრჩა,  საჭიროა
ვიფიქრო ჩემი ნამუშევრების მომავალზე.

ახლა როგორ გრძნობთ თავს შემოქმედებითად?

ძალიან აქტიურად. მაქვს უამრავი გეგმები და იმედია, მოვასწრებ მათ განხორციელებას.

როგორ ქმნით ფილოსოფიური სიღრმით და აზროვნებით დამუხტულ ნამუშევრებს?

ვთვლი რომ, ჩემი ნამუშევრები ჩემი არ არის.არასდროს, არც ერთი ნამუშევარი არ გამიკეთებია შთაგონების გარეშე, ისინი თავისით მოდიან, მე უბრალოდ, გამტარი ვარ.

როგორ მოდის შთაგონება?

თავისით, სრულიად დამოუკიდებლად.

პარალელები გაავლეთ როგორია ხელოვანის ცხოვრება აშშ-ი და როგორია ის საქართველოში?

საქართველოში, შემიძლია ვთქვა რომ, ჩემთვის ძალიან რთული იყო. ჩემი ერთი ნამუშევარი დადგეს თბილისში და ორი დღის შემდეგ უკან მომიტანა ორმა ქურთმა მუშამ, რის გამოც უამრავი ბოდიში მომიხადა ჩვენი რაიონის მთავარმა არქიტექტორმა. ის კი არა, მოსკოვში ჩემი გამოფენის შემდეგ, სტატია დაუწერია მოსკოველ ხელოვნებთმცოდნეს ჟურნალ “ისკუსტვოში”, რაც შემთხვევით გავიგე სხვებისგან. შემდეგ, მოსკოვში ყოფნისას დავუკავშირდი იმ ქალბატონს, მადლობის სათქმელად. მან თავისთან მიმიპატიჟა და საუბრისას მკითხა, დისიდენტი ხართო? არა მეთქი. მაშინ, რატომ გაქვთ ასეთი ცუდი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მთავარ მხატვართანო. ვუპასუხე რომ, მე ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, მას კი, წარმოდგენა არა აქვს ჩემი არსებობის შესახებთო. ნუ იტყვითო, გამომცემლობის რედაქტორმა დამიბარა და მკაცრად მითრა, ამის შემდეგ, არსად არც ერთი სიტყვა ამ მხატვრის შესახებო. ეს ბრძანება, ზურაბ წერეთლისგან მოდიოდა.  ერთადერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მხატვრის სახლში გაკეთებული გამოფენა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. მაშინ, მხატვრის სახლის დირექტორი, თემო გოცაძე იყო და ის ამბობდა, 50 წელია, ასეთი გამოფენა, საქართველოში არ ყოფილაო.

უფრო სიღრმისეულად, როგორ შეაფასებთ ჩვენს ქვეყანაში თქვენი პროფესიით მუშაობის შესაძლებლობას?

 

რა გითხრათ? ორი წლის წინ შემომთავაზეს თბილისში ქანდაკების დადგმა, ნამუშევარიც შევარჩიეთ, ადგილიც, თბილისის მთავარი არქიტექტორიც დათახმდა. ჩემი კოორდინატები ჩაიწერეს, დაგიკავშირდებითო მითხრეს, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილა.

უკვე წლებია, ნიუ–იორკში ხართ და ჩაკეტილ ცხოვრებას მისდევთ, რატომ?

რა გითხრათ? გარეთ გასვლა იქაც არ მიყვარდა, საუკეთესო მეგობრები მყვავდა და ყველა ჩვენთან მოდიოდა. ჩვენი სახლი, ძველებური სალონივით იყო, თითქმის ყოველ საღამოს სტუმრები გვყავდა, იყო საინტერესო საუბრები, ახალი ლექსისა თუ სიმღერის პრეზენტაცია, სიმღერით შეზავებული ქართული და რუსული პოეზიის საღამოები. საბედნიეროდ, აქაც ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, რითიც ძალიან ბედნიერი ვარ.

აპირებთ თუ არა უფრო მეტად გამოჩნდეთ და მეტად დაამახსოვროთ თავი ამერიკელ ან ქართველ გულშემატკივრებს?

აქამდე ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა მივხვდი რომ, დადგა დრო აქტიურობისა. იმედი მაქვს, წიგნის გამოცემის შემდეგ გავაკეთებ “საიდუმლო სერობის” ინსტალაციას, რომელიც გამორჩეულია თავისი ფორმით. იმედია, საინტერესო იქნება რადგან, მასში თავად მნახველები მონაწილეობენ.

თქვენი ხელოვნება ნამდვილად სცდება ერთი და ორი ქვეყნის მასშტაბებს

არ ვიქნები ზედმეტად თავმდაბალი და ვიტყვი რომ ჩემი ხელოვნება, ნამდვილად გამორჩეულია.

ამ დიდი წარმატების შემდგომ რა არის თქვენი მომავალი გეგმები და მიზნები, რომლებისთვისაც იბრძვით და ცდილობთ, რომ მიაღწიოთ?

წარმატებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. როგორც გითხარით, ველოდები წიგნის გამოცემას.

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიზანი, საზღვარგარეთ სცადონ პროფესიული წინსვლა?

ვურჩევდი, იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები.

თქვენს ნამუშევრებში საქართველოს დიდი მონატრება იკითხება…

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი რომ, საქართველო არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარული და ტკივილი. ის ჩემთვის ყველაფერია.

როგორია შორიდან დანახული თქვენეული საქართველო?

რა გითხრათ, იმედი მაქვს, საქართველო მალე დაიკავებს იმ ადგილს მსოფლიოში, რომელსაც ის იმსახურებს და დიდი სურვილი მაქვს, ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. მაქვს მსოფლიო კულტურის ცენტრის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ და მჯერა რომ ეს პროექტი მთელ საქართველოს აქცევს მსოფლიო კულტურის ცენტრად.

ჩვენთვის ცნობილია, რომ საამაყო ქართველ და მსოფლიო დონის ფილოსოფოსთან მერაბ მამარდაშვილთან ახლოს მეგობრობდით. შეგიძლიათ გაიხსენოთ მასთან მეგობრობა და მასზე მკითხველისთვის უცნობი საინტერესო ამბები გაგვიმხილოთ.

მერაბი არა მხოლოდ დიდი ფილოსოფი, ურთიერთობაშიც ძალიან საინტერესო და თავისებური პიროვნება იყო. მერაბი მოსკოვში გავიცანი, ჩემს გამოფენაზე. გამოფენის შემდეგ, ახალი დაბრუნებული ვიყავი თბილისში და შემთხვევით შევხვდით “დეზერტირების ბაზარში”. ორივემ ძალიან გავიხარეთ და ვკითხე, რამდენი ხნით ჩამოხედით-თქო? რა რამდენი ხნით, ძლივს დავბრუნდი საქართვლოშიო და მერე მწარედ დაუმატა, ან ამდენი ხანი რას დავეთრეოდიო. გამოიარეთ  ჩემთან-თქო შევთავაზე და ჩემი სავიზიტო ბარათი მივეცი. მეორე დღესვე დამირეკა და მოვიდა. მერაბთან და მის დასთან, იზასთან ერთად დავდიოდით სხვა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე. ხშირად მსტუმრობდა. დამირეკავდა და მკითხავდა, სახლში ხარ? არა და მაშინ მობილურები არ იყო და რადგან ვპასუხობდი, ესე იგი სახლში ვიყავი. სახლში ვარ, ვეტყოდი. შემიძლია მოვიდე? შეგიძლია, ვპასუხობდი. მოვიდოდა აუცილებლად საუკეთესო ღვინით. პირველი, რასაც აკეთებდა, ჩამოუვლიდა კედელზე დაკიდებულ ჩემს ნამუშევრებს და ყველას გაასწორებდა (სახლს გარკვეული რხევა ჰქონდა და ნამუშევრები დამრეცად იყო ხოლმე), მერე ამოალაგებდა ჩიბუხებს და თუთუნს, ჩიბუხებს დატენიდა და მერე მეტყოდა, Ну, давай теперь поговорим და ვიწყებდით საუბარს. ხშირად ვკამათობდით. სულ მეუბნებოდა, რატომ არ წერ, შენ უნდა წეროო. მხოლოდ ამერიკაში დავიწყე წერა. ყველაზე უკეთ მახსენდება ის მომენტი, როცა ბუხრის აქეთ-იქეთ ჩუმად ვისხედით, ბუხრის თავზე ორი ჭიქა ღვინო გვედგა, ნელ-ნელა ვწრუპავდით, ცეცხლს ვუყურებდით და ორივე ჩვენს საფიქრალს ვფიქრობდით. როგორც წესი, როცა ორი ადამიანი ჩუმად სხედან, გარკვეული დისკომფორტი იქმნება, ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით იყო. ის სიჩუმე, ბევრად უფრო მეტის მთქმელი იყო და ყველაზე დიდი სიახლოვის დამტევი, რომლის მსგავსიც, არც ერთ ადამიანთან არ მქონია. ყველაზე მეტად ის სიჩუმე მენატრება.
მერაბი რომ ჩამოვიდა საქართველოში, არავინ არ იცნობდა. გადავწყვიტე, ჩემი უახლოესი მეგობრები, პიკო ნიჟარაძე და დიმა ერისთავი დამემეგობრებინა. დიდი მხატვრობის გარდა, ორივე უაღრესად განათლებული და ძალიან საინტერესო პიროვნებები იყვნენ თან, სამივე  დაახლოებით ერთი ასაკისანი, მაგრამ მეგობრობა რატომღაც არ გამოუვიდათ. ლექციების კითხვა რომ დაიწყო, ერთხელ დავესწარი და მერე აღარ მივსულვარ. უმეტესად, ისეთი ხალხი ესწრებოდა, წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა არა თუ მერაბის, საერთოდ ფილოსოფიაზე. აფხაზეთის დაკარგვამდე, ბოლო წელს ერთდოულად ვისვენებდით ლიძავაში, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, საღამოს კი “ბომონდი” ეპატიჟებოდა “ტუსოვკებზე”, მაგრამ მე არასდროს არ მივყავდი. მისთვის ეს საინტერესო იყო პროფესიული თვალსაზრისით, მაგრამ იცოდა რომ მე, არანირად არ მაინტერესებდა.

თქვენი ხელოვნება გასცდა საქართველოს

როგორ გითხრათ, გარკვეულ წილად გასცდა, მაგრამ არც იმდენად.

როგორ შეაფასებდით ქართულ კულტურას გლობალურ კონტექსტში?

ქართული კულტურა, როგორც ძველი, ისე თანამედროვე, ნამდვილად იმსახურებს იმას რომ, მსოფლიო მასშტაბით უფრო ფართოდ იყოს წარმოჩენილი. ის ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა სათანადოდო ვერ აფასებს და ვერ თუ არ იყენებს მას.

თქვენს გეგმებში სამშობლოში დაბრუნება და საქმიანობა თუ შედის?

აუცილებლად. არ მინდა, ჩემი ამდენი ხნის მანძილზე აქ ყოფნამ ფუჭად ჩაიაროს. სწორედ ამიტომ დავიწყე აქტიურობა რომ, გარკვეული წარმატების შემდეგ, დავბრუნდე საქართვლოში. იქნებ მერე მაინც ჰქონდეს ფასი ჩემს წინადადებას, მსოფლიო კულტურის ცენტრის შექმნაზე. თუ არა და მე თავად შევეცადო მისი განხორციელება.

 

ქალბატონი ელისო წიკლაური უდაოდ თვალსაჩინო და საამაყო წარმომადგენელია თანამედროვე ქართული კულტურისა და ქართული საზოგადოების. ჩემთვის აღმოჩენა გახლდათ ამ ადამიანის გაცნობა, მისი შემოქმედების ზიარება და ასევე ის მსოფლმხედველობა, რომლითაც ეს ადამიანი საზრდოობს. მე ვფიქრობ, თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ ერთის მხრივ, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეუწყოს ასეთი ახალგაზრდა ნიჭიერების და ფენომენის წამოწევას მსოფლიო მასშტაბით და მეორეს მხრივ, უკვე შემდგარი პიროვნებები და პროფესიონალები, როგორც ქალბატონი ელისოა უნდა გახდნენ თანამედროვე მსოფლო საზოგადოებებთან კომუნიკაციის მთავარი იარაღი.

სწორედ ეს გამოწვევებია ახლა ყველაზე მთავარი ქართული საზოგადოებისთვის და არა ის პრიმიტიული კონტექსტები, რომელშიც სამწუხაროდ უწევს ჩაბმა ჩემს საზოგადოებას. იმედია ერთად დგომით, თანამოაზრეობითა და თანამებრძოლობით დავაღწევთ მალე თავს ტოქსიკურ ციკლს რომლიდანაც აუცილებლად უნდა ამოვხტეთ შემეცნებით, გამორკვევით და რეალური გამოთავისუფლებით. ამ პროცესებში მთავარი ძალა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრები უნდა იყვნენ. სწორედ ჩემი რეკომენდაცია იყო დოქტრინას მთავარ რედაქტორთან, რომ ასეთ ნიჭზე და პოტენციალზე მასალა მოემზადებინათ და მადლობელი ვარ ამ თანამშრომლობისთვის. მკითხველს კი ვურჩევ დატკბეს ამ არაჩვეულებრივად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, საამაყო ადამიანის შემოქმედებით. წარმატებები და ბევრი ახალი გამარჯვებები ქალბატონ ელისოს. – გიორგი მიქანაძე –  ბიზნესის ასოცირებული პროფესორი, ინსპირაციული მენტორი

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0