close
ეს საინტერესოაისტორიაკულტურა

რომელია კაცობრიობის მიერ შექმნილი უძველესი ენა, რომელზეც დღემდე საუბრობენ

ენა ადამიანების კომუნიკაციაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და, ამდენად, მსოფლიო ენების ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ამის ფონზე, საინტერესოა, თუ რომელია კაცობრიობის მიერ შექმნილი უძველესი ენა?

სტატიაში გაეცნობით 9 უძველეს ენას, რომლებზეც დღემდე საუბრობენ.

ებრაული

ებრაული არის ებრაული დამწერლობის წმინდა ენა, რომელიც 3 000 წელზე მეტი ხნისაა. ენის ადრეული ფორმები ტექსტში ჩნდება, დაახლოებით, ძვ.წ. 1200 წელს. თავდაპირველად მას მხოლოდ რელიგიური პირები იყენებდნენ, მაგრამ საბოლოოდ იგი ანტიკური ისრაელიტების სასაუბრო ენა გახდა.

ახ.წ., დაახლოებით, 400 წლისთვის ებრაული, თითქმის, მკვდარ ენად იქცა. თუმცა, სიონიზმის აღზევებამ თანამედროვე ეპოქაში უზრუნველყო მისი აღორძინება, რის შედეგადაც ებრაულად ახლა ლაპარაკობს ცხრა მილიონი ადამიანი. თუმცა, ცხადია, თანამედროვე ებრაული ბიბლიური ვერსიისგან განსხვავდება.

სანსკრიტი

სანსკრიტი არის კიდევ ერთი ენა, რომელიც წარმოიქმნა რელიგიის წყალობით ანტიკურ დროში და მასზე დაწერილია ვედები, ინდუიზმის წმინდა წერილები და ბუდიზმისა და ჯაინიზმის ისტორიული ტექსტები. ინდუისტური ტექსტები დაიწერა ძვ.წ. 1200 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ენა 3 000 წელზე მეტი ხნისაა.

სანსკრიტზე დღესაც ლაპარაკობენ გარკვეული ფორმით, თუმცა, იგი, ძირითადად, გამოიყენება ინდუისტი მღვდლების მიერ რელიგიური ცერემონიების დროს. დადგენილია, რომ ინდოელების 1%-ზე ნაკლებს შეუძლია ამ ენაზე საუბარი და მხოლოდ 14 000 ადამიანი მიიჩნევს მას თავის მშობლიურ ენად.

ტამილი

ტამილზე, დაახლოებით, 80 მილიონი ადამიანი საუბრობს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ადრეული ტამილური ლიტერატურა — Tolkāppiyam — დათარიღებულია ძვ.წ. 300 წლით. მასზე ძირითადად საუბრობენ შრი-ლანკასა და ინდოეთის ყველაზე სამხრეთ შტატებში.

ბერძნული

ამა თუ იმ ფორმით, ბერძნული გამოიყენება, სულ მცირე, ძვ.წ. 1300 წლიდან. მისი კლასიკური ფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ენისგან, რომელზეც დღეს საბერძნეთში ლაპარაკობენ, თუმცა თავისუფლად მოსაუბრეთა უმეტესობას უნდა შეეძლოს ძველი სალაპარაკო ელინისტური ან “კოინე” ბერძნული ენის გაგება.

თუმცა, ისეთი ფორმები, როგორიცაა ატიკური დიალექტი, რომელზეც სოკრატე საუბრობდა, სავარაუდოდ, თანამედროვე მოსაუბრეებისთვის გაუგებარი იქნება.

არაბული

არაბულმა ენამ ისტორიას დიდი კვალი დააჩნია. არაბულის ადრეული ფორმები ძვ.წ. მე-8 საუკუნით თარიღდება, მაგრამ ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებით, ახ.წ. მე-3 და მე-6 საუკუნეებში.

ის პირველად გაჩნდა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით და არის სემიტური ენების ოჯახის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს ებრაულ და არამეულ ენებს. დღესდღეობით, არაბული, დაახლოებით, 371 მილიონი ადამიანის მშობლიურ ენას წარმოადგენს. ბევრი სხვა ადამიანისთვის კი იგი მეორე ენაა.

ჩინური

დღესდღეობით, ჩინეთის მოსახლეობის უმეტესობა საუბრობს სტანდარტიზებულ მანდარინზე, თუმცა არსებობს რეგიონული დიალექტები, როგორებიცაა: იუე (კანტონური), სიანგი (ხუნანური), მინი, კანი, უ და ქეძია.

მათ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, თითოეულ მათგანს არქაულ ჩინურამდე მივყავართ. ჩინური იეროგლიფების ზოგიერთი ადრეული გამოყენება ნაპოვნია კუს ბაკნებზე, რომლებიც თარიღდება, სულ მცირე, ძვ.წ. 1123 წლით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წერილობითი ენა არსებობდა 3 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მას შემდეგ ის განსხვავებულად განვითარდა, მაგრამ ამ უძველესი ენობრივი სისტემის გავლენა დღესაც შეიძლება შეინიშნოს თანამედროვე მოსაუბრეებში.

ლათინური

ლათინური ენის ისტორიული მნიშვნელობა ყველასათვის ნათელია. ძველი ლათინური წარმოიშვა პროტო-იტალიურიდან, დაახლოებით, ძვ.წ. 750-დან 100 წლამდე, საბოლოოდ კი იქცა კლასიკურ ლათინურად, რომელიც გამოიყენებოდა გვიან რომის რესპუბლიკასა და ადრეულ რომის იმპერიაში ძვ.წ. 100-დან ახ.წ. 450 წლამდე.

მეექვსე-მეცხრე საუკუნეებში ენა გადაიზარდა თანამედროვე რომანულ ენებად, როგორებიცაა: იტალიური, ესპანური, პორტუგალიური და ფრანგული.

მიუხედავად იმისა, რომ ლათინური მშობლიური ენა უკვე აღარავისთვისაა, იგი მკვდარი ენაც არ არის, უძველესი ლათინური ტექსტებისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე.

ბასკური

ბასკური დასავლეთ ევროპის უძველეს ცოცხალ ენად ითვლება. ამ ენაზე ბასკების ქვეყანაში 700 000 ადამიანი საუბრობს. მისი ზუსტი ასაკი დაუდგენელია, რადგან იგი არაა დაკავშირებული სხვა არსებულ ენებთან. ეს ფაქტი კი ლინგვისტებისთვის მას უფრო მიმზიდველს ხდის.

ქართული

დაბოლოს, უნდა ვახსენოთ ქართული ენა, რომელზეც, დღესდღეობით, დაახლოებით, ოთხი მილიონი ადამიანი საუბრობს. ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები ახ.წ. მე-5 საუკუნით თარიღდება, თუმცა თავად ენა ბევრად უფრო დიდი ხნისაა.

მიჩნეულია, რომ ქართული ენა თავის “მშობელს” (ქართველური ენები) ძვ.წ. მე-8 საუკუნეში გამოეყო. მაგრამ ამის დასაზუსტებლად შემდგომი კვლევებია საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის წარმოშობის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისი ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0