close
განათლებასაქართველო

17 წლის ბათუმელი მოსწავლე საერთაშორისო კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული გახდა

მეგი დიასამიძე 17 წლის წარმატებული ახალგაზრდაა ქ. ბათუმის #15 საჯარო სკოლიდან, რომელიც კიდევ ერთ ქართველ მოსწავლესთან – ლუკა ჯაფარიძესთან ერთად, საერთაშორისო კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული გახდა და დღეს საყვარელ პროფესიას გერმანიაში ეუფლება, საინტერესო აქტივობებისა და უცხოეთში ადრეულ ასაკშივე მიღებული გამოცდილების შესახებ მეგი თავად გვიამბობს.

-მეგი, რას გულისხმობდა საერთაშორისო კოლეჯების კონკურსი და რა ეტაპების გავლა მოგიწია, სანამ ფინალამდე მიხვიდოდი?
-თავიდან პროგრამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მოგვიანებით, როცა პირველი ტური გადავლახე, წინა წლების გამარჯვებულთა ძიება დავიწყე რჩევების მისაღებად და სწორედ აქედან აღმოვაჩინე, რომ ჩემს სამეგობრო წრეში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა იცოდა ამ პროგრამის შესახებ. პირველი ტური ონლაინაპლიკაციაა, რომელსაც თან ერთვის 2 სავალდებულო სარეკომენდაციო წერილი, 2 ესე და კითხვები, რომელებიც ეხმარება კომიტეტს შენს უკეთესად გაცნობაში. მეორე ტური ონლაინგასაუბრებას გულისხმობს და თუ მას წარმატებით გადალახავ, უკვე მესამე ტურში წყდება საბოლოოდ შენი ბედი, რომელიც რამდენიმე ინტერვიუს, ესესა და ჯგუფურ სამუშაოს მოიცავდა.
-როგორც ვიცი, ყოველთვის გინდოდა გერმანიაში სწავლა სამედიცინო განხრით და დღეს ეს მიზანიც განახორციელე, რამდენად რთული იყო შენთვის ეს ყველაფერი?
-საქართველოში ყოფნის დროს გერმანიაში სწავლა წარმოუდგენელი მეჩვენებოდა და, შესაბამისად, ახლო მომავალში იქ წასვლას ნამდვილად არ ვგეგმავდი. კომიტეტმა გერმანიაში გამოყოფილ 1 ადგილში მე ჩამსვა და, შესაბამისად, სწავლის გაგრძელებაც იქ გადავწყვიტე. საზღვრებს მიღმა ცხოვრება ბევრი გამოწვევითაა სავსე. აქ IB-სისტემით ვსწავლობ, რომელიც ქართული საგანმანათლებლო სისტემისგან ძალიან განსხვავდება და ამასთანავე UWC (მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები) არ არის ორიენტირებული მხოლოდ განათლებაზე. ხშირად ისეთ თემებზეც გვიწევს საუბარი, რომლებზეც აქამდე არასდროს მიფიქრია. ჩემი აქაური ცხოვრება ცვალებადი ტალღასავითაა, საბოლოოდ მაინც ვაცნობიერებ, რომ ეს სირთულეები ამ ორწლიანი გამოცდილებისთვის ნამდვილად ღირს. ახლა, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ რამეს სხვა თვალით ვუყურებ და ბედნიერი ვარ რომ ჩემი მომავალი ასე წარიმართა.

-მედიცინის გარდა, სხვა ბევრი სფეროთიც ხარ დაინტერესებული, გვიაბე თითოეული მათგანის შესახებ და რა ადგილი უკავია მათ შენს ცხოვრებაში?
-სკოლაშივე საკმაოდ აქტიური მოსწავლე ვიყავი და ჩემი ინტერესის სფერო არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით. გერმანიაში მოხვედრის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩემს წარმატებაში გარეაქტივობებს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 5 წლის ვიყავი როცა ბაღში პროდიუსერმა მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა. წარმატებული გამოსვლის შემდეგ კი, კონსერვატორიაში საფორტეპიანო განხრით დავიწყე სწავლა, პარალელურად, კარატეზეც დავდიოდი 4-5 წლის განმავლობაში. მუსიკალური კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე საზღვარგარეთაც მომიწია წასვლა და, ვფიქრობ, სწორედ აქედან იწყება ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები. 2015 წელს იტალიაში ჯიფონის ფილმის ფესტივალს ვესწრებოდი ჟიურის წევრად. მოგვიანებით ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს, BIAFF-ს, დებატების კლუბსა და გაეროს მოდელირებასაც შევუერთდი. ხშირად მეკითხებოდნენ რა მიზიდავდა მსგავს პროგრამებში და პასუხს მხოლოდ ახლა მივაგენი: სესიებზე ისეთ თემებს განვიხილავდით რაზეც საზოგადოებაში ღიად არ მსჯელობენ. აგრეთვე ხშირად ვმოხალისეობდი, ვღებულობდი მონაწილეობას ბანაკებში და სხვადასხვა ორგანიზაციას ვეხმარებოდი პროექტების განხორციელებაში.
-მეგი, სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე.
-კოლეჯის გამოშვება 2019 წლის 26 მაისს მექნება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვფიქრობ წინ დიდი დრო მაქვს საბოლოო პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, უნივერსიტში ჩაბარებასა და სამომავლო კარიერაზე ფიქრი უკვე დაწყებული მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ჩემთვის რთულია საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საუბარი.

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid