ავტორი: შოთა გუჯაბიძე
ნაწყვეტი წიგნიდან ბათომი
___________________________
ჯერ ერთი ლანდი გამოეყო სიბნელეს, მერე – მეორე, მერე – ბევრი. ხელგაშვერილი მიიკვლევდნენ გზას დილის ბინდში და ფეხაკრეფით შორდებოდნენ ერთმანეთს. თითო კონა თივა ჰქონდათ მკერდში ჩაკრული. ერთდროულად ჩაიმუხლეს. ბღუჯა-ბღუჯად იძრობდნენ თივას მკერდიდან და ქვაფენილზე აფენდნენ უხმოდ.
პლატონ გიგინეიშვილი 1879 წლის შობას დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში, ლანჩხუთში.
უფროსი შვილი იყო გიორგი გიგინეიშვილის შეძლებულ ოჯახში.
სამი ძმა და ორი და ჰყავდა.
როიალი ჰქონდა გიორგის ჯურუყვეთში და პლატონმა ბავშვობაშივე ისწავლა დაკვრა.
შეძლების გარდა გიორგი ჭკუასაკითხავი კაცი იყო და თურქებთან მოლაპარაკებაშიც მიუღია მონაწილეობა ბათუმის მორიგი ოკუპაციისას. მოლაპარაკება სამეგრელოში გამართულა დადიანის სასახლეში და იმდენად მოხიბლულა კნეინა დადიანი გიორგით რომ, მიბრძანდით საჯინიბოში და ნებისმიერი ცხენი ამოირჩიეთო, უთხოვია. ადგა გიორგი და ერთ თეთრ ცხენს დაადგა თვალი. არადა ქალბატონის საყვარელი ცხენი ყოფილა მაინცდამაინც ის, მაგრამ თავის სიტყვას ხომ აღარ გადავიდოდა ქალბატონი.
პლატონმა განჯის პრესტიჟული გიმნაზია დაამთავრა და ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. სტუდენტობის დროს უკვე ცოლი ჰყავდა. ნატა მამულაიშვილიც მდიდარი ოჯახიდან იყო, მაგრამ პლატონი სწავლისას ექიმ-ინტერნად მუშაობდა და თავად არჩენდა ოჯახს. პირველი ქალიშვილიც ოდესაში გაუჩნდათ, რომელიც მერე გერმანიაში დაამთავრებს კონსერვატორიას.
სწავლა რომ დაამთავრა, პროფესორი ივანოვსკი კათედრაზე ტოვებდა ოდესაში, მაგრამ არ დარჩა და ხერსონის ოლქში იმუშავა 1904 წლიდან და იქვე მოუსწრო ცხრაასხუთმაც. 1905 წლის რევოლუციის დღეებში “რევოლუციონერთა მფრინავ რაზმს” ხელმძღვანელობდა და დაჭრილ მეომრებს შველოდა შუაგულ ომში, ზედ ბარიკადებზე.
1906 წელს დაბრუნდა საქართველოში და პირდაპირ ბათუმში ჩამოვიდა. მაშინვე დანიშნეს შტატგარეშე ორგანიზატორად სტაციონარში, ახლანდელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
ბავშვთა სახლები გახსნა მახინჯაურში, გოროდოკსა და ქობულეთში.
1922 წლიდან თერაპიულ განყოფილებას განაგებდა, იყო ტუბერკულოზური, ბავშვთა და ინფექციური განყოფილებების გამგე. თერაპიული განყოფილება მანვე დააარსა და 1942 წელს თამარ ბეთანელმა გადაიბარა. თამარი ძალიან სახელიანი ექიმი იყო ქალაქში, პლატონის კარის მეზობელი და მერი მონათლა, პლატონის უმცროსი ქალიშვილი, ჯერ კიდევ გასაბჭოებამდე.
პლატონის ოჯახი ჯერ ფოსტასთან ცხოვრობდა მარიას პროსპექტზე, მერე იმდენი შემოსავალი გაუჩნდა თავისივე საქმიანობით, რომ ორსართულიანი სახლი შეიძინა 1913 წელს იმავე ქუჩის 41-ში, რომელიც ებრაელმა კომერსანტმა ააშენებინა იტალიელ არქიტექტორს 1898-ში.
ფერიის მთაზე შვიდი ჰექტარი მიწა იყიდა და ბაღი გააშენა მთლად უცხო ჯიშის ხეხილით და სხვა ნარგავებით. მათ შორის ციტრუსით, რომელიც უცხო ხილი იყო მაშინ საქართველოში. გასაყიდადაც კი გაჰქონდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში 9 ვაგონი მანდარინი, სანამ კომუნისტებმა არ მოუსწრეს და არ ჩამოართვეს. შენობა ახლაც დგას ბაღში, რომელიც პლატონმა საწყობად ააშენა. ხელვაჩაურის მეურნეობას გადასცეს მერე.
კეჩხობში ჰქონდა აგარაკი.
იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე უფლისწული ალექსანდრე ჰემოფილიით იყო ავად და საქართველოს ჰაერი ურჩიეს ექიმებმა დიდი განსჯის მერე. დიდხანს ეძებდნენ ადგილი აგარაკისთვის. დაიწუნეს ბორჯომი და ბოლოს კეჩხობის ჰავა მოეწონათ. რომ აღარ გაამართლა ჰავამ, ხელი ჩაიქნიეს და 1916 წელს იყიდა ეს აგარაკი პლატონმა ნიკოლოზის ძმისგან.
იყო ბათუმის თვითმართველობის წევრი 1902-1910 წლებში. აქტიურად მონაწილეობდა ჭაობის დაშრობაში და ტიფის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.
მერე მოვიდნენ კომუნისტები. ჩამოართვეს ფერია, ჯურუყვეთი, კეჩხობი. ბათუმის სახლს არავინ გაკარებია, იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ის კი არა, გასაბჭოებისთანავე იხმეს რევკომში და სამკურნალო დაწესებულებების და თავშესაფრების შენობები და მთელი ქონება ჩააბარეს.
ამ სახლიდან გაასვენეს პლატონის დედა და მამა, რომლებიც ჯურუყვეთიდან წამოიყვანა პლატონმა გასაბჭოების მერე. არც იცოდნენ მოხუცმა მშობლებმა გაკულაკებულები რომ იყვნენ და ლამაზ სახლში კანტორა რომ გაუხსნეს ბოლშევიკებმა. იწევდნენ სოფლისკენ და არ უშვებდა შვილი, საშიშია იქო. სტუმარს კარებშივე ახვედრებდნენ ბავშვებს, სახლზე რომ არაფერი წამოსცდენოდათ.
ისე მიაწიეს 1930-ანებამდე, სიმართლე არ გაუგიათ და მშვიდად ჩაესვენნენ სოუქსუზე.
აკადემიკოსმა ვირსალაძემ ერთხელ 12 წლის ბიჭი გამოუგზავნა თბილისიდან, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორმა, იქნებ შეიფაროო და მოუაროო. პლატონი თანაშემწედ ამუშავებდა პაციენტების მიღების დროს. კარს აღებდა და შემდეგიო, იძახდა. შემდეგ გაიზარდა მიშა და პლატონმა ფაიტონზე დასვა. კიდევ გაიზარდა და დააოჯახა. პლატონმა ხელფასი დაუნიშნა და სტაჟიც ემატებოდა სობესის წყალობით. გაუჩნდა შვილები, ოჯახის წევრებად იქცნენ.
ერთხელაც პლატონმა ფაიტონით ჩაიარა პარკთან მიშასთან ერთად. კულტურის და დასვენების პარკი ერქვა მაშინ. კარვები იყო გაშლილი ტბის პირას. რაღაც უცნაური ხმა მოესმა. ფაიტონი გააჩერებინა მიშას და მიაყურადა. ტირილის ხმა იყო. მიჰყვა ხმას და ერთ კარავში მომაკვდავ ახალგაზრდა ქალს დასტიროდა მეორე ახალგაზრდა ქალი. დები აღმოჩნდნენ ცოცხალიც და ცოცხალ-მკვდარიც. მსახიობები ყოფილან დაბანაკებულები და ერთი ძალიან ცუდად გამხდარა მოულოდნელად. გასინჯა პლატონმა. ავადმყოფს ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა და გონებაც დაეკარგა. აშკარად ტიფის სიმპტომები იყო სახეზე. მიშა დაიხმარა, ფაიტონში ჩაისვა ავადმყოფი და მისი და და სახლში წაიყვანა სასწრაფოდ. ინფექციური ავადმყოფის სახლში მიყვანა პატარა რისკი არ იყო, როცა ტიფი სიკვდილს უდრიდა იმ დროს.
რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ დები პლატონისას. პაციენტი გადარჩა და აღმოჩნდა ვერიკო ანჯაფარიძე, მისი და კი მერი ანჯაფარიძე, გიორგი დანელიას დედა. მერე პლატონსაც შეეყარა ტიფი, ტიფთან მებრძოლი საზოგადოების თავმჯდომარეს და ისიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ქალი მიადგა ერთხელ სახლს პატარა ბავშვით, ღამე გაგვათევინეთო. 1933 წელი იყო. გაიზარდა ეს პატარა გოგონა, გათხოვდა, გამრავლდა და ამ სახლშივე გარდაიცვალა სიბერეში.
ოჯახს თუ შეატყობდა, რომ უჭირდა სხვა ფერის რეცეპტს უწერდა პაციენტს. რეცეპტს აფთიაქში ცნობდნენ და ფულს არ ახდევინებდნენ. თავად იხდიდა მერე პლატონი, მისი ჯიბიდან. ხანდახან ფულიც რჩებოდა შემთხვევით პაციენტის ოჯახში, რეცეპტის ქვეშ.
წუხდა ხშირად, რომ არ ჰქონდა საშუალება ყველა ავადმყოფს დახმარებოდა ჯერ საქართველოს და მერე აჭარის დამსახურებული ექიმი.
სერგო ჩამოვიდა ერთხელ ბათუმში, ორჯონიკიძე და ავად გახდა. მიიწვიეს პლატონი სასტუმრო “ინტერნაციონალში”. წარმოსადეგი კაცი იყო პლატონი და ნომერში რომ შევიდა მის დანახვაზე გადაუარა სერგოს ავადმყოფობამ და მოვრჩიო, განაცხადა. მერე პლატონი გახდა ავად ფილტვების ანთებით და პენიცილინის შოვნა რომ წარმოუდგენელი იყო, ძმამ დეპეშა გაუგზავნა სერგოს კრემლში, ძმა რესპუბლიკის დამსახურებული იურისტი იყო, ნიკოლოზ გიგინეიშვილი. სერგომ გამოგზავნა პენიცილინი თუ სტრეპტომიცინი და გადარჩა პლატონი.
ფრანგულს და ფორტეპიანოს ასწავლიდა ბავშვებს ოჯახში და მასწავლებლებიც აქვე ცხოვრობდნენ. განსაკუთრებით მკაცრი ფორტეპიანოს პედაგოგი იყო. ინსტრუმენტთან არ დასვამდა მერის, თუკი ფეხსაცმლის ზონარი შეხსნილი ჰქონდა.
სულ სტუმრიანობა და მიღებები იმართებოდა აწ უკვე ინტერნაციონალის 41-ში.
დიდი ჯაზმენი ედი როზნერი ჩერდებოდა გასტროლების დროს, მაგრამ ჯანმრთელი კაცი იყო და პლატონი მხოლოდ მასპინძელი იყო მისი. ზურაბ ანჯაფარიძე, ნადეჟდა ხარაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი და კიდევ ბევრი სხვა ცხოვრობდა ამ სახლში. არკადი რაიკინმა სახელი დაარქვა პლატონის შვილიშვილს, როცა პლატონი დიდ ძებნაში იყო სახელის. არკადი გასტროლებზე იყო მაშინ ბათუმში და პლატონთან ცხოვრობდა, რაღათქმაუნდა.
1949 წელს ავად გახდა. ექიმები მორიგეობდნენ და ყოველდღე კარზე აკრავდნენ განცხადებას სათაურით – “ჯანის სისაღე”. მოდიოდნენ ახლოდან და შორიდან. რიგები იდგა კართან და ხმამაღლა კითხულობდნენ განცხადებას წერა-კითხვის უცოდინართათვის.
როცა უკვე ძალიან დამძიმდა პლატონის ჯანმრთელობა, ის იყო რიგს რომ ერთი კაცი გამოეყო, მალევე დაბრუნდა და ერთი კონა თივა მოიტანა. სხვებმაც მიბაძეს და მთელს ქუჩაზე დააფინეს თივა, მომაკვდავი ექიმი ქუჩის ხმაურს რომ არ შეეწუხებინა.
იმ განცხადების ადგილას ახლა მემორიალური დაფაა გაკრული, – ამა და ამ წლიდან ამა და ამ წლამდე აქ პლატონ გიგინეიშვილი ცხოვრობდაო.
პლატონის უმცროსი ქალიშვილი მერი დღესაც ამ სახლში ცხოვრობს, ახსოვს ეს ყველაფერი. ის 2014 წლის 13 ივლისს ას ერთი წლის გახდა.
_____________________
მთავარ ფოტოზე: პლატონ გიგინეიშვილი, ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”